x
image
მაკუნა
Mediator image
დივერსია "ნაციონალურად" _ როგორ „ჩასვეს“ „ოცნების“ შტაბებში „ნაციონალებნმა“ კრიმინალები და მხედრიონელები
imageარჩევნების შემდეგ ზოგიერთ რაიონში ე.წ. პოლიტიკური კრიზისი დაიწყო – კანონის მიხედვით, ოპოზიციაში გადასული „ნაცმოძრაობა“ თვითმმართველობებში, ანუ საკრებულოში კვლავ უმრავლესობაშია და გამგებლებსაც „ლიწინ–ლიწინით“ ნიშნავს, რაც მოსახლეობაში პროტესტს ამძაფრებს და რაიონულ გამგეობებს მუშაობა პიკეტირებისა თუ აქციების რეჟიმში უწევთ. ყველაფერ ამის უკან, „ოცნების“ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის შეცვლილი კანდიდატი მამუკა აბულაძე „ნაციონალურ" კვალს ხედავს და „ქართული ოცნების“ აქტივისტების წამქეზებლებადაც სწორედ ძალას მიიჩნევს.


–ბატონო მამუკა, გადაჭარბებული ხომ არაა განცხადება, რომ რაიონებში პროცესებს „ნაციონალები“ მართავენ და „მეოცნებეთა“ პროვოცირება სწორედ მათ ინტერესში შედის?


–ამას ჰაერზე ნამდვილად არ ვამბობ... სწორი დასკვნა რომ გამოვიტანოთ, პირველ რიგში, რეგიონებში არჩევნებამდე არსებული სიტუაცია უნდა გავაანალიზოთ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ჩატარებულმა პირველივე კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე დიდი მხარდაჭერა დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში, ასევე მცხეთა–მთიანეთში, იმერეთსა და გურიაში ჰქონდა. დანარჩენ რაიონებში კი, მისი რეიტინგი მაღალი არ იყო და უპირატესობას კვლავ „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებდა. სააკაშვილმაც აქცენტი სწორედ ასეთ რეგიონებზე გააკეთა.


–რას გულისხმობთ?



–ასეთ რაიონებში „ქართული ოცნების“ იმიჯი რომ შეელახათ, სოფლის თუ რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე (ყველა ყველას იცნობს და ყველას ბიოგრაფია სახეზეა), რამდენიმე მიმართულებით იმუშავეს: პირველი მიმართულება კარგი წარსულის ადამიანების გადაბირება იყო – მათ ან სამსახურს ჰპირდებოდნენ, ან აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ. იმ ადამიანებს კი, ვინც „ნაციონალებს“ აწყობდათ, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ოფისებში მოხვედრილიყვნენ, არ ეხებოდნენ. ამ ტაქტიკამ ის შედეგი გამოიღო, რომ „ოცნებაში“ უფრო მეტად ხვდებოდნენ ყოფილი კრიმინალები და „მხედრიონელები“. კონკრეტულად თეთრიწყაროს რაიონში, „ნაციონალური“ სტრატეგია, ასევე, გულისხმობდა, რომ მომხდარიყო დაპირისპირება კუთხურ ნიადაგზე. სწორედ ამას ემსახურებოდა „სვანური ოცნების“ დარქმევა „ქართული ოცნებისათვის“. „ნაციონალებმა“ ეკომიგრანტებზე არ განახორციელეს ზეწოლა და „ოცნების“ ძირითად ბირთვს ეს ხალხი წარმოადგენდა. ამიტომ გააპიარეს თეთრიწყაროში, რომ თითქოს ადგილობრივებს „ოცნება“ არ უნდოდათ.
მარგინალიზაციის დამაგვირგვინებელი ნაწილი კი, ოფისებში ე.წ. აგენტების შეგზავნას გულისხმობდა და მათი საშუალებით ზოგიერთ ოფისში, „ოცნებას“, პრაქტიკულად, კუდ–ი მართავდა. იმ შტაბებში კი, სადაც უფროსები უდრეკი და ღირსეული ადამიანები იყვნენ, მათ დაპატიმრებაზეც კი მიდიოდნენ, მაგალითად, ახმეტაში, ფოთში... სწორედ ამგვარი ხრიკების გამო იყო სააკაშვილი დარწმუნებული, რომ მაჟორიტარებს დიდი რაოდენობით გაიყვანდა. ბევრგან ეს მოახერხა კიდეც, რადგან რაიონში წარდგენილ მაჟორიტარებს ჰქონდათ პრობლემა ადგილობრივ შტაბებთან. ზოგიერთ რაიონში რამდენიმე შტაბიც კი არსებობდა, რადგან მაჟორიტარი იძულებული იყო, თავისი სანდო ხალხით ემუშავა, ვინაიდან თვლიდა, რომ ოფიციალური შტაბის წევრების იმიჯი მას ზიანს მიაყენებდა. შტაბებში იყვნენ ადამიანები, ვინც წარსულში იმ რაიონის ხალხს ყვლეფდნენ, ამიტომ მათ მოსახლეობა ნდობას არ გამოუცხადებდა.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესებს, ეს წინასაარჩევნოდ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებაა. ამას ემატება სტერეოტიპი, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში, ვინც ხელისუფლებაში მოდიოდა, სასწრაფოდ აკომპლექტებდა არამარტო ცენტრალურ, არამედ, ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებსაც. შესაბამისად, რეგიონებში მოსახლეობას ის ადამიანები, ვინც მას წინასაარჩევნოდ დევნიდნენ, აღარ სურს, რაიონულ ხელისუფლებაში იყვნან. ყველაზე მთავარი მიზეზი კი, რატომაც გამგეობებში შევარდნა თუ პიკეტირება ხდება, სხვა რამეა – „ნაცმოძრაობის“ მიერ „ოცნების“ შტაბებში თავის დროზე შეგზავნილი ერთი–ორი ადამიანი ისევ ცდილობს პროცესების მართვას, სწორედ მათგან მოდის მსგავსი აქციებისკენ წაბიძგება, ასევე, გარე „ნაცებიც“ აგულიანებენ ხალხს, რისთვის იბრძოლეთ, არსად დაგნიშნეს მაინცო. საერთოდ, გამწარებული ადამიანის პროვოცირება ადვილია. სოფელში მცხოვრებ ხალხს ვერ მოვთხოვთ, რომ საერთაშორისო პროცესში კარგად ერკვეოდეს. შემთხვევითობა ხომ არ გგონიათ, რომ სწორედ იმ დღეს, როცა ივანიშვილი ნატო–ს გენერალურ მდივანს ხვდებოდა, თეთრწყაროსა და წალკის რაიონებში გამგეობებზე იერიშის მიტანა მწვავე ფორმით მოხდა? – ამ იერიშის დროს, დაბარებულივით, გამოცხადდნენ პავლე კუბლაშვილი, დავით ბეჟუაშვილი და უმციორესობის სხვა დეპუტატები. ფაქტია, ასეთი შტურმები ახლანდელი ოპოზიციის პიარსტრატეგიის ნაწილია და რაიონის მოსახლეობაც ამ პროცესში ისეა ჩართული, რომ თავადაც ვერ ხვდება. „ნაცმოძრაობა“ ამ ე.წ. ზეწოლას დოკუმენტურად ასახავს საერთაშორისო ასპარეზზე და ამ გზით შეეცდება, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია მოახდინოს.
შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა: კარგად ვიცნობ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის შიდასიტუაციას და რაიონულ ორგანიზაციებს, რომ ამგვარად მოქცეულიყვნენ, მითითება არ ყოფილა. ბიძგი „ოცნებიდან“ არ მოდის და ამ პროცესში თვითშემოქმედების კვალია. კონკრეტულად ჩემს რაიონს თუ ავიღებთ, ამ რაიონიდან „ოცნებას“ დეპუტატი არ ჰყავს და ხალხის მართვა „ნაცმოძრაობას“ უფრო უადვილდება.
დღეს გამგებლის დანიშვნის იურიდიული ბერკეტი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ცხადდება ფორმალური კონკურსები. თეთრიწყაროში გამგებლის პოზიციაზე მეც შევიტანე საკონკურსო განაცხადი, მაგრამ როცა „ნაციონალებს“ საკრებულოში სრული უმრავლესობა აქვთ, რას გახდები? მოკლედ, ბევრ რაიონში „ნაცმოძრაობა“ ისევ მყარად ზის.


–როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია?


–„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჯერ ქაოსია – გადართული არიან ცენტრალური ხელისუფლების გამართვაზე, მაგრამ რეგიონებს დროულად თუ არ მიექცა ყურადღება, ზემოხსენებული საშიში ტენდენცია კიდევ უფრო საშიში გახდება, რაც ხელს მხოლოდ „ნაცებს“ აძლევთ. ხალხს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს და თუ სოციალური გარემო არ გაუმჯობესდა, კომუნალურმა ტარიფებმა მალე არ დაიწია, ეს კრიტიკული მასა „ოცნებას“ შემოუტრიალდება.


-ბატონო მამუკა, გულწრფელად მითხარით: დღეს თეთრწყაროელებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი რომ არ ჰყავთ, ეს იმის ბრალი ხომ არაა, რომ თქვენი კანდიდატურა შალვა ხაჭაპურიძით ჩაანაცვლეს?


–არ ვიცი... შესაძლოა. არაადგილობრივის მაჟორიტარად წარდგენა თავიდანვე წაგების ტოლფასი იყო. შესაძლოა, თბილისში ბევრს საუბრობენ ხაჭაპურიძის ცუდ რეპუტაციაზე, მაგრამ თეთრწყაროელებისათვის ეს არ იყო მთავარი ფაქტორი, იქ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მუშაობდა.


–რას შეეწირა თქვენი კანდიდატურა?


–არ ვიცი, კიდევ რა ფაქტორი იყო, მაგრამ მთავარი „ოცნების“ რაიონულ შტაბთან შეუთავსებლობა იყო. ამის უკანაც, რა თქმა უნდა, იყვნენ უმეტესწილად „ნაცები“... ყველას ისტორია კარგად ვიცოდი და ბევრს ეჭვის თვალით ვუყურებდი, საჩივარიც აქედან წამოვიდა, აგენტებად გვთვლის და ეჭვიანიაო.
ბიძინა ივანიშვილმა ჩემზე თქვა, მეცოდება ეს კაცი, სუფთაა და ამ ინტრიგებს ვერ მოერევაო. ცენტრალურ შტაბში გადმომიყვანეს არჩევნებამდე, ახლა კი, უმუშევარი ვარ. პროფესიით ექიმი ვარ, გინეკოლოგი, თუმცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, აქტიურად ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში, მანამდეც პროზაული ნაწარმოებებითა თუ სოციალური ქსელებით ხშირად ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას. „მეოცნებეობა“ დასჯადი იყო – საავადმყოფოდანაც გამომიშვეს და იძულებული გამხადეს, გინეკოლოგიური კაბინეტიც დამეხურა, ათასი ჯარიმა დამაკისრეს!
ახლა ჯანდაცვის მინისტრს მივმართე თხოვნით, ვინაიდან აღარ ვარ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, იქნებ, ექიმად მაინც აღმადგინონ – ოჯახი მყავს და რჩენა უნდა.


მაკა დეკანოსიძე "ქართული სიტყვა"


http://mabuladze.blogspot.com/2012/11/2127112012.html



0
493
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0