ასეთი იყო იუნესკო-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ბაგრატის ტაძარი 2009 წლამდე, ანუ მანამდე, სანამ საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს ისტორიის შეცვლა მისმა უდიდებულესობა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ მოინდომა. მართლაც, რა საჭირო იყო სიძველის სიმბოლო, როცა საქართველოს ისტორია 2003 წლიდან დაიწყო?! ტაძარიც ხომ 21-ე საუკუნის უნდა გვქონოდა?! შუშისმოყვარულმა პრეზიდენტმა სურვილი ოდნავ დაიოკა და დათანხმდა, რომ ამჯერად "განმაცვიფრებელი ეფექტი" ლითონის, ბეტონისა და მინის კონსტრუქციების სინთეზით მიეღოთ, შუშის ტაძრის აშენება კი, სამომავლოდ გადადო. პრეზიდენტს ახალი ბაგრატის "გაპრავებაში" კულტურის სამინისტრომ უდიდესი "ღვაწლი" გაუწია, თუმცა ოდიოზური "გამპრავებლები", სავარაუდოდ, მომავალშიც ბევრ რამეს "გააპრავებენ" ქართულ კულტურაში, რადგან "კულტურის ბაჩანა ახალაიები" ჯერ კიდევ ზემოთაღნიშნულ სამინისტროში რჩებიან.
ძეგლთა დაცვის ნაცვლად, ძეგლთა შეცვლა, რა თქმა უნდა, არ "გააპრავა" იუნესკო-მ _ არსებობს იუნესკო-ს კომიტეტის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ რეკონსტრუქციის დროს არ გამოიყენეს ბაგრატის ტაძრის ძველი, ჩამოცვენილი ქვების უმრავლესობა, რომელთა რაოდენობა სულ 400 იყო, რომ ტაძრის ავთენტურობა დარღვეულია და ახალი გუმბათი მთლიანად ფარავს ორიგინალურ, თავდაპირველ ქვისწყობას. შესაბამისად, ტაძარმა ის ფასეულობა, რის გამოც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იყო შეყვანილი, დაკარგა და იუნესკო-ს კრიტერიუმებს აღარ აკმაყოფილებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი იუნესკო-ში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას თავდაპირველად ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევდა, რადგან, მისი თქმით, ეს იყო საეკლესიო ნანგრევის ამ სახით აღდგენის პირველი პრეცედენტი, თუმცა მოგვიანებით, იუნესკო-ს მკაცრ შეფასებებს მან "არაპროფესიონალური" უწოდა.
ისე, საქართველო ხომ პრეცედენტების ქვეყანა იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში და აი, ამის კიდევ ერთი დასტურიც: ხელისუფლება ფრესკებსა და სიძველეებს მიზანმიმართულად ანადგურებდა _ როგორც რამდენიმე დღის წინ გახმაურდა, ბაგრატის ჩრდილოეთ ნაწილში, ტაძრის რესტავრაციამდე არსებული ღვთისმშობლის ფრესკა აღარ არსებობს. ამის შესახებ ბაგრატის ტაძრის ყოფილმა მოძღვარმა, მამა ზინობმა განაცხადა:
– "ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს, ფრესკის ფრაგმენტები სულ ფხიკეს და ისე ჩამოშალეს. ბაგრატის, ისევე, როგორც გელათის სამონასტრო კომპლექსში, ფრესკები 1510 წელს, ხანძრის შედეგად დაზიანდა, თუმცა ბაგრატის ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში გამოკვეთილი ღვთისმშობლის ფრესკის აღდგენა სრულიად შესაძლებელი იყო».
როგორც ირკვევა, ტაძრის ჩრდილოეთით არსებული ღვთისმშობლის ფრესკა მეათე საუკუნის იყო, რომელიც უდიდეს კულტურულ ღირებულებას წარმოადგენდა. ღვთისმშობლის ფრესკა 2009 წლამდე, ანუ ბაგრატის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე იკითხებოდა. ბაგრატის ტაძარზე, ძველად მიმდინარე სამუშაოების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ჯიქია ამბობს, რომ ფრესკის გადარჩენას წლების განმავლობაში ცდილობდა: " ამ ფრესკას სოკოს დაავადება ჰქონდა და გადარჩენას საჭიროებდა. ამაზე ბევრი ვიბრძოლე, თუმცა უშედეგოდ და დღეს საერთოდ აღარ არსებობს".
საინტერესოა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სიწმინდის მიზანმიმართულ განადგურებაზე და არის თუ არა საქმის კურსში კულტურის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა? ამის გარკვევას "ქართული სიტყვა" კულტურის ახალ მინისტრ, ბატონ გურამ ოდიშარიასთან შეეცადა, თუმცა უშედეგოდ - მინისტრს, რამდენიმე დღეა, ტელეფონი გამორთული აქვს, სამინისტროში კი, ამ ეტაპზე კომპეტენტური პირი არ მოიძებნა, ვინც ჩვენს შეკითხვას პასუხს გასცემდა!
ისე, კულტურის მინისტრი მოადგილეების წარდგენისას დაგვპირდა, რომ მომავალში მრგვალი მაგიდები და საჯარო განხილვები მოეწყობა სხვადასხვა საჩოთირო საკითხთან დაკავშირებით. იმედია, ღვთისმშობლის ფრესკის გაქრობა და, საერთოდ, ბაგრატის ავთენტურობის შეგნებული ლიკვიდაცია განსახილველ საკითხთა ნუსხაში მოხვდება და პასუხიც მოეთხოვებათ ამ ავანტურის ავტორებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველების აღშფოთება ოკუპანტების მისამართით, რომ აფხაზეთში ფრესკებს გვიღებავენ და ქართული კულტურის კვალს შლიან, ნამდვილად უადგილო იქნება!
ის, რომ ბაგრატის ე.წ. რესტავრაცია, რომელმაც ძეგლს კულტურული ღირებულება დაუკარგა, კონკრეტული ადამიანების ნება-სურვილებზე იყო დამოკიდებული, გამოჩნდა ლიფტთან დაკავშირებულ აჟიოტაჟთან მიმართებაში გაკეთებულ ნიკა ვაჩეიშვილის კომენტარშიც: "ლიფტიც ჩვენი გადასაწყვეტია, გნებავთ, გავაკეთოთ, გნებავთ, ნუ გავაკეთებთ, მაგრამ ლიფტის მაგალითები სხვაგანაც არსებობს მართლმადიდებლურ ნაგებობებში..."
საქართველოს "იკომოსის" წევრის, ხელოვნებათმცოდნე ირინა ელიზბარაშვილისათვის, რომელიც ერთ-ერთია, ვინც ბაგრატის ტაძრის კონსერვაციის მომხრე იყო, რაც დღემდე შემორჩენილი ნანგრევების გამაგრებას ნიშნავს, ბაგრატის ტაძრის იუნესკო-ს სიიდან ამოღება სახელმწიფოს პრესტიჟის დაქვეითების ტოლფასია. მისთვის, როგორც ხელოვნებათმცოდნისათვის, ბაგრატის ტაძარი 2009 წელს დაიღუპა, როდესაც მთლიანი აღდგენის პროექტის განხორციელება დაიწყო, რის შედეგადაც, მისი შეფასებით, მივიღეთ 21-ე საუკუნის ტაძარი, ახალი სამება: "როცა ტაძრის ძველ სტრუქტურაში შედის ამდენი სიახლე, ის, ცხადია, კარგავს თავის ავთენტურობას, თავის განსაკუთრებულობას, ღირებულებას და არის უკვე 21-ე საუკუნის ნაგებობა. დღეს, განახლებულ ბაგრატს, სულ სხვა სახე აქვს _ იმდენი ბეტონია ჩასხმული, იმდენი ახალი ქვითაა მოპირკეთებული, ამის მოხსნაც კი შეუძლებელია, ასე რომ, უნდა შევეგუოთ ბაგრატის ამოღებას იუნესკო-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან".
და მაინც, რატომ არ შეიძლება დარჩეს ბაგრატის ტაძარი იუნესკო-ს ძეგლთა ნუსხაში?! რამდენიმე დეტალი 21-ე საუკუნის ბაგრატიდან:
ლიფტის წარუმატებელი იდეის შემდეგ, ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე გაჩნდა ლითონისა და შუშის კონსტრუქცია, კულტურული მემკვიდრეობა კი, რკინა-ბეტონი ნამდვილად არ შეიძლება იყოს.
ასევე, საკურთხევლის მხრიდან დასავლეთით მდგარი რკინის კონსტრუქცია ამ ამოშენებული "მახინის" იდეური გაგრძელებაა. როგორც ითქვა, ტაძარში ლითონის უგემოვნოდ აშვერილი გაუგებრობა მგალობლებისთვისაა განკუთვნილი.
ბეტონით ტლანქად ჩასწორებულ ადგილებს კი, თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით როგორც ტაძრის შიგნით, ასევე, - გარეთ. ბაგრატის იდენტიფიცირებას ძველ ტაძართან, ყველაზე მეტად სრულიად ახალი გუმბათი უშლის ხელს -იუნესკო-ს შენიშვნებშიც სწორედ გუმბათთან დაკავშირებითაა ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი.
სახურავის მწვანე ფერზე გაჩენილი უდიდესი კითხვის ნიშნის შემდეგ, ბოლო დროს ტაძრის გადახურვის ხარისხიც ეჭვქვეშ დადგა - ძლიერი წვიმის შედეგად, ბაგრატში წვიმა ჩავიდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით საპატრიარქოში განმარტეს, წყალი სარკმლიდან ჩავიდა და ეს ტექნიკური პრობლემა აუცილებლად გამოსწორდება.
ტექიკური პრობლემა გამოსწორებადია, შესაძლოა, წყალი ბაგრატში, მართლაც, აღარ ჩავიდეს, თუმცა, წვიმა სიძველეებს ნამდვილად ვეღარ წაშლის, რადგან, რაც წასაშლელი იყო, "კულტურულმა ახალაიებმა" უკვე წარმატებით წაშალეს.
სხვათა შორის, აღდგენილი ბაგრატის შეფასებისას ყველაზე მეტად ერთ-ერთი მომლოცველის ფრაზა დამამახსოვრდა:
"ტაძრიდან გამოვედი, უკვე საკმაოდ ბნელოდა და გარე განათება ჩართული დამხვდა, მოვტრიალდი და ტაძრის ადგილას ყინულის დედოფალივით ცივი... თითქოს რაღაცით ძველთან მიახლოებული, ლამაზიც კი, ამ რაკურსით... მაგრამ მაინც სხვა ტაძარი დამხვდა, ეს ის ბაგრატი აღარ არის!"
P.S. სხვათა შორის, რამდენიმე კვირის წინ, ანუ მაშინ, როცა ახალი ხელისუფლების სამუშაო ჯგუფი კულტურის სამინისტროში მივიდა, სკანდალი სწორედ იმის გამო ატყდა, რომ თაკო ჩარკვიანმა კულტურის სამინისტროს ძველ მესვეურებს, ანუ მარინა ბერიძეს, მაკო ჭოღოშვილსა და მათ სულიერ "და-ძმებს" თავისი აზრი მოახსენა, ლიფტი ბაგრატის ტაძრის ავთენტურობას არ ნიშნავსო. ამ ფრაზის გამო, "ლიბერტარიანელებმა" თაკო ჩარკვიანი ლამის აუტოდაფეს გადასცეს. საინტერესოა, ახლა, როცა ნათელი გახდა, რომ ბაგრატის ტაძარში უძველესი ფრესკა რესტავრაციის დროს განადგურდა, რატომ დუმან ნინია კაკაბაძე, თეო ხატიაშვილი და ქართული კულტურის ბედით "გულდათუთქული" სხვა "გენიოსები"?
მაკა დეკანოსიძე "ქართული სიტყვა"
http://for.ge