x
image
nukrichanturia
რატომ მოაჭრა თითები მეგობარს ვირთაგვის მკვლელობისთვის ხელმოკლე სტუდენტმა

image გასული საუკუნის სამოციან წლებში ერთი, ძალიან უცნაური საქმის გამოძიება მიდიოდა თბილისში. სასოფლო- სამეურნეო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტმა, 19 წლის ვასიკო იაშვილმა, რომელიც სოფლიდან იყო ჩამოსული, თავის მეზობელს თითები მოაჭრა.

სტუდენტი იაშვილი და დაზარალებულიც სოლოლაკის ერთ-ერთ ძველებურ ეზოში ქირაობდნენ ბინას. საქმის ვითარება კი ასეთი იყო: იაშვილი და დაზარალებული მეგობრობდნენ. ერთხელ დაზარალებული ვასიკოსთან შესულა ხორცის საჭრელი ნაჯახის სათხოვნელად. ნებართვა მიუღია და სამზარეულოდან რომ გამოდიოდა ნაჯახით, მაგიდის კუთხეში უზარმაზარი ვირთაგვა დაუნახავს. დაზარალებულს ვირთაგვისთვის ინტიქტურად უსროლია ნაჯახი, მოურტამს და ადგილზე მოუკლავს.

- ნახე, ვასიკო, რამხელა ვირთაგვა მოვკალი! - უთქვამს იაშვილისთვის მეზობელს.

ამ სიტყვების გაგონებაზე იაშვილი სამზარეულოში გავარდნილა და მოკლული ვირთაგვა რომ დაუნახავს, ნაჯახი აუღია და ვირთაგვის მკვლელისთვის სამი თითი მოუჭრია. ასე გამოდიოდა, რომ იაშვილს მეზობელი ვირთაგვის გამო ჰყავდა გამეტებული, რაც მის ფსიქიკურ არამდგრადობაზე მიუთითებდა, თუმცა სპეციალისტებმა ის სრულიად ჯანმრთელად სცნეს. გამომძიებლები საგონებელში ჩავარდნენ. იაშვილი დუმდა და არაფერს ამბობდა.


ბოლოს ხელახლა გადაიკითხეს დაზარალებულის ჩვენება, რომელშიც ყველაფერი დაწვლილებით იყო აღწერილი და ერთ დეტალს მიაქციეს ყურადღება. ის წერდა, რომ ნაჯახის მოქნევის მომენტში ვირთაგვა დარჩეულ ნიგოზს ჭამდა და ოთახშიც დარჩეული ნიგოზის სუნი იდგა. გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ იაშვილი შეგნებულად აჭმევდა ვირთაგვას ამ კერძს. ამიტომ მათ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს და იაშვილის სახლში მოხალული ნიგოზი დაყარეს. ცოტა ხანში უზარმაზარი ხვრელიდან ვირთაგვა გამოძვრა, რომელსაც პირში ოქროს დიდი ბეჭედი ჰქონდა. მან ბეჭედი მაგიდის ფეხთან დააგდო და ჭამას შეუდგა. ეს რომ დაინახეს გამომძიებლებმა ყველაფერს მიხვდნენ. ვირთაგვა იაშვილს ძვირფასეულობას უზიდავდა საკვების სანაცვლოდ. მათ ვირთაგვა შეიპყრეს და ხელმძღვანელობის დაცინვის მიუხედავად, ფიზიკოსებს რადიოტალღების მიკროპროცესორები გააკეთებინეს. შემდეგ ვირთხას მიამაგრეს სხეულზე და გაუშვეს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთ-ერთ ძველ, ნესტიან სარდაფში საკმაოდ მოზრდილი, ძირგამომპალი ზანდუკი აღმოაჩინეს, რომელიც ძვირფასეულობით იყო სავსე.

სტუდენტ იაშვილს კი ეგონა, რომ მარჩენალი დაკარგა, რადგან ვირთხის მიერ მოტანილ ნივთებს ის ყიდდა, თუმცა მან არ იცოდა, რომ სარდაფში სხვა ვირთხებიც იყვნენ და გემრიელი ნუგბარის სანაცვლოდ ახლა ისინი იკისრებდნენ მარჩენალის ფუნქციას.

0
47
4-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0