საქართველო ქსნის ციხეში პატიმარმა ყელი გამოიჭრა 2012, 5 ნოემბერი, 22:03 უკვე თითქმის დადასტურებული ინფორმაციით, ქსნის N15 დაწესებულებაში 24 წლის მსჯავრდებულმა ყელი გამოიჭრა. ეს ინფორმაცია თვითონვე გაავრცელეს პატიმრებმა სატელეფონო ზარის მეშვეობით. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი მალევე შევიდა. ახალმა მინისტრმა, სოზარ სუბარმა კი მის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაწყებული საპროტესტო აქციების შესახებ განაცხადა, რომ ნებისმიერი დარღვევისათვის ყველა დამნაშავე სასტიკად დაისჯება. ასევე დაისჯებიან ის პატიმრებიც, რომლებიც დღეიდან არ დაემორჩილებიან კანონს. ხოლო მას ვინც სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან 20 მეტრის რადიუსში შეეცდება საპროტესტო აქციის გამართვას, პასუხი მოეთხოვება ადმინისტრაციული სამართლის შესაბამისი პუნქტის მიხედვით. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით ციხეებში 2000-მდე პატიმარს ჰქონდა შიმშილობა გამოცხადებული, 48 მათგანს პირი ამოკერილი, ხოლო 70-მდე მსჯავრდებულს კი ხელები გადაკერებული. საღამოს საათებში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შიმშილობის აქცია შეწყვეტილია და სიტუაციაც მეტნაკლებად დასტაბილურდა. დღეს მდგომარეობა დაძაბული იყო ორთაჭალის ციხეშიც. აქ ჩვიდმეტმა პატიმარმა, ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო შიმშილობა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილზე მივიდნენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები და მათი შესვლის შემდეგ, მოლაპარაკებების შედეგად მსჯავრდებულებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. 120 7-ს მოსწონს
|