სომეხი მებრძოლის მიერ გადარჩენილი ქართველი ჯარისკაცი და წლების შემდგომ შემთხვევით გადახდილი სამაგიერო
ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ 50-60 წლის შემდეგ შეიძლებოდა წარსულის დანახვა. წარსულის, რომლის გახსენებამ და აღქმამ დედა დიდხანს ჩააფიქრა და განაცვიფრა.
60 წლის შემდეგ შეხვდე ადამიანს, რომლის პაპამაც შენი საკუთარი პაპის სიცოცხლე იხსნა და ამით რამდნიმე თაობის სიცოცხლე მოევლინა, წარმოუდგენელია.
დედამ თავის პაპის, დარჩო ქარელის ტრაგიკული ისტორია მომიყვა.
სამამულო ომის, კერძოდ სტალინგრადის ბრძოლის დროს, საბჭოთა არმიამ რაღაც მომენტში უკან დაიხია. ამ ბრძოლაში დაიჭრა დარჩო ქარელი, რომელიც მუცელ გახსნილი ეგდო ძირს. უკან დახეული ჯარისკაცები მთელი სისწრაფით გარბოდნენ. არავის აზრად არ მოსვლია დაჭრილი მებრძოლის დახმარება. ყველას თავის თავი უჭირდა. დაჭრილ მებრძოლზე გადაიარა მთელმა საჯარო ნაწილმა. პირქვე დამხობილს “ვაი დედას" ძახილით არად აგდებდა არავინ. ხოლოდ ერთმა საქართველოში მცხოვრებმა სომეხმა მოჰკრა ყური ამ სიტყვებს. “ქართველი ხარო"?_ ჰკითხა. გახსნილი მუცელი თავისი სამხედრო პერანგით შეუკრა და ტყვიების ზუზუნში, ხოხვით მიათრია უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე. დარჩო გადარჩა. მხსნელი სოფელ ძევერაში ზეციზედ ჩასახლებული კარაკაული პეტრე იყო.
მთელი ცხოვრება პაპა და მისი ოჯახი კარაკაული პეტრეს მადლობელი იყო. პირველი სადღეგრძელო ოჯახში პეტრესი იყო. შემოგვრჩა მისი სახელი შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს თუმცა ამ კაცს არავინ იცნობდა.
კარაკაული იშვიათი გვარია საქართველოში. თითქმის ვერ შეხვდებით ამ გვარის ხალხს გორსა და გორის რაიონში. ალბათ განგებამ შეახვედრა დედა პეტრეს შვილიშვილს. დედას განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა., როდესაც გაიგო, რომ ის ქალბატონი პეტრეს შვილიშვილი იყო. დედა ამბობს: “სიტყვებს ვერ ვპოვლობდი, გავოგნდი.მომაგონდა პაპაჩემის ნაამბობი. თავში მიტრიალებდა..... კარაკაული პეტრე....
ამ ქალბატონმა ამის შესახაბ არაფარი იცოდა, როდესაც დედა მოუყვა მას რაღაც ზღაპარი ეგონა. თუმცა ეს ზღაპარი რეალობა იყო. ამის შემდგომ გაგრძელდა ჩვენს ოჯახებს შორის მეგობრობა და ძალიან დიდი სიყვარული.
გული უსაზღვრო სიყვარულით მაქვს სავსე. 60 წლის წინ გაკეთებულმა სიკეთემ გადაარჩენილმა სიცოცხლემ მოგვავლინა ჩვენ ამ სამყაროში. სამყაროში, რომელიც სიკეთის მკაცრ კანონზომიერებას ემსახურება.