
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი მოსკოვის მხრიდან უკრაინასთან დროებითი ზავის დადებაზე გაცხადებულ უარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ შესაძლო მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც რუსეთს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტა არ სურს:
"რატომ არ აწყობს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა?
ვფიქრობ, სამხედრო მოტივებზე აქ საუბარი უადგილოა. პასუხი პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ პუტინისთვის ომი შიგა სტაბილურობის შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია. როგორც კი ის დასრულდება, რუსები დაიწყებენ დღეს ტაბუ დადებული კითხვების დასმას, რამაც შეიძლება შიგნიდან ააფეთქოს სისტემა."– ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც უკრაინამ აშშ-ის დელეგაციის ინიციატივა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღო. როგორც ასევე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ამერიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებასა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას დაუყოვნებლივ განაახლებს.
ამ დროისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინისგან 30-დღიან ზავის შესახებ თანხმობას ელოდება, თუმცა საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველისა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის, იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინასთან დროებითი ზავის დადებით დაინტერესებული არ არის.