საზოგადოება
"არ მეთაკილება........." - რას წერს ხატია ბუნიათიშვილი
გუშინ, 21:13

პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და საქართველოს მთავრობას უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს:
"გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! სრულიად უდანაშაულო, უვნებელი და თავისუფალი ადამიანები.
მათი დაკავებით თავისუფალ აზრს, რომელიც ქართველს სისხლში აქვს, ვერ მოკლავთ. ამ ადამიანებს კი აკლებთ თავისუფლად ჰაერის ჩასუნთქვის (თუნდაც დანაგვიანებულის), ახლობლებთან მოსიყვარულების და კამათის, თავის ნებაზე ცხოვრების დღეებს, რომელიც ყველა მოქალაქის უფლება და თქვენი, მთავრობის, მთავარი მოვალეობაა. თქვენზე იქნება ამ დღეების, თვეების და წლების მანძილზე დაკარგული დღეების, რომლებსაც ვერასდროს ვერ დაუბრუნებთ, ტვირთად ტარება. ბევრად უფრო მძიმეა ეს ტვირთი, ვიდრე გგონიათ. თავისუფლების ჩახშობა ჩვენთვის ყოველთვის დროებითი იყო. დღეს “დროებით” ბევრად უფრო მალეა, ვიდრე ადრე. ასეთი დროა.
გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით – გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! არ მეთაკილება – გთხოვთ, გთხოვთ, – გთხოვთ, დაუბრუნოთ ადამიანებს ის, რაც ეკუთვნით და წაერთვათ. მათი ღიმილის გისოსებს გარეთ დანახვა გვინდა, რომ ჩვენც შევძლოთ გაღიმება, სამშობლოს საზღვრებს შიგნით თუ გარეთ, ისე რომ არ შეგვაშრეს."– წერს პიანისტი სოციალურ ქსელში.