პროზა „როდის უნდა მოესწრო ოჯახის შექმნა? ჩამოვიდოდა რამდენიმე წლით, დაიჭერდნენ, გააგზავნიდნენ... დაიჭერდნენ, გააგზავნიდნენ"-სამჯერ გადასახლებული და დახვრეტას გადარჩენილი ლევან გოთუა 10 მარტი, 12:32 ![]() ეროვნულ–გამათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისთვის იგი სამჯერ დააპატიმრეს და ЧК-ს „დამსახურებთ“ 22 წელზე გადასახლებაში გაატარებინეს, ჯერ სოლოვეცკის კუნძულებზე. შემდეგ ყირგიზეთში, ბოლოს კი 10 წელი ვორკუტაში. თავის ერთ-ერთ წერილში ბატონი ლევანი წერდა: „ვიმყოფები ვორკუტაში. ეს ადგილი მდებარეობს ტუნდრაში, პოლარულ ხაზს იქით. ვმუშაობ ქვანახშირი საბადოებზე, სადაც არაადამიანური პირობებია. გავჭაღარავდი და ყველა „მოხუცს“ მეძახის, არადა მხოლოდ 43 წლის ვარ".
იმ ავბედით წლებში ლევან გოთუა ვერაფერმა გატეხა, იგი ბევრს წერდა და ქართული ლიტერატურა არაერთი შედევრით გაამდიდრა.
პირველად რომ გადაასახლეს, 19 წლის იყო. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, კოჯორში მე-11 არმიის წინააღმდეგ იბრძოდა. 1924 წელს, როდესაც ხალხი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა, ლევანი დააპატიმრეს. ამავე დროს დააკავეს მამამისი, პართენ გოთუაც. მამა-შვილი ცალ-ცალკე აიყვანეს, ამიტომ ერთმანეთის პატიმრობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
„მაშინ ახალგაზრდებს უფრო ვერ იტანდნენ და გადაწყვიტეს, ლევანი დაეხვრიტათ. გამოიძახეს გოთუა. დარაჯმა პართენი მიუყვანა. უთქვამთ, ეს არა, ახალგაზრდა გვინდაო. პართენი მიხვდა, ლევანზე იყო საუბარი და ფეხებში ჩაუვარდა, ბარემ აგერ ვარ, მე მომკალითო. საბოლოოდ, აღარც პართენი დახვრიტეს. ეს ამბავი ლევანმა შემდეგ თავის „უგზო ქარავანში“ გამოიყენა“, - ჰყვება როსტომ ჩხეიძე.
პირველი დაპატიმრების შემდეგ ლევანი სოლოვეცკის კუნძულებზე გადაასახლეს. ეს არის არქიპელაგი, რომელიც შვედეთან ახლოს მდებარეობს. ტერიტორია უკიდურეს ჩრდილოეთს მიეკუთვნება და იქ ყინვა მინუს 30 გრადუსზე დაბლაც კი ჩამოდის. ლევანი ისე წაიყვანეს, ოჯახმა თბილი ტანსაცმლის მიწოდებაც ვერ მოასწრო. კუნძულზე 6 წელი დარჩა. ![]() სახლში დაბრუნების ნება არც სასჯელის მოხდის შემდეგ მისცეს, ამის გამო რამდენიმე წლით ვლადიკავკაზში მოუწია დასახლებამ. საქართველოში დაბრუნებულმა სცადა საბჭოთა კავშირიდან გაეღწია. თურქეთში გადასვლას აპირებდა, საზღვართან რომ დააპატიმრეს. მესამე გადასახლება კი მის მეგობარს უკავშირდება. საქართველოში მორიგი დაბრუნების შემდეგ ლევანმა ალპინისტურ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. მთებში ხეტიალისას მეგობარს გადააწყდა, რომელიც საზღვარზე გადასვლას ცდილობდა. ლევანმა მეგობრობის ხათრით გაუშვა, მაგრამ ეს შემთხვევა გახმაურდა და მწერალი ახლა უკვე მესამედ გადაასახლეს ვორკუტაში, სადაც ზამთარი საშუალოდ რვა თვე გრძელდება, ყინვა კი მინუს 50 გრადუსს აღწევს. „უამრავი მზაკვრობა ნახა, უამრავი დამსმენი და პროვოკატორი, მაგრამ მაინც ბოლომდე ბავშვივით გულუბრიყვილო დარჩა. ყოველთვის შეიძლებოდა მისი მოტყუება“, - ამბობს როსტომ ჩხეიძე. გადასახლებაში ლევან გოთუამ მაღალი ძაბვის ყუთზე აბრა „სიცოცხლისთვის სახიფათოა“ ჩამოკიდა. თავად ამ ყუთში შეძვრებოდა და ასე, ქაღალდის ნაგლეჯებზე, ასანთის კოლოფებსა და გაზეთის კიდეებზე წერდა რომანებს. ამ ნაგლეჯებს საქართველომდე რომ ჩამოეღწიათ, პატიმრები ხის მორებს გულს ამოაჭრიდნენ, შიგ ფურცლებს ჩადებდნენ და ზონიდან ასე გაჰქონდათ. ზონის გაღმა სხვა სანდო კაცი ფურცლებს ამოიღებდა და საქართველოში გზავნიდა, ადრესატი სიმონ ჩიქოვანი იყო. „სიმონ ჩიქოვანი ამ ტექსტს აწყობდა და როდესაც ლევანი ჩამოვიდა, დაახვედრა. 11 კაცი მონაწილეობდა ტექსტის გამოტანაში. იმ 11 კაციდან ერთი მაინც რომ ყოფილილყო გამცემი, მთელი გეგმა ჩაიშლებოდა“, - ჰყვება როსტომ ჩხეიძე.ხრუშჩოვის პერიოდში, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ლევან გოთუა გაათავისუფლეს, მაგრამ იმ პირობით, რომ საქართველოში არ ჩავიდოდა და იქვე დასახლდებოდა. ლევანი არ დათახმდა: ჩემთვის თავისუფლება სამშობლოში დაბრუნებაა და ამას თუ ვერ შევძლებ, ბანაკიდან არ გავალ, რაღა ღობის იქით მიცხოვრია და რაღა ღობის აქეთო. საქმე ისევ განიხილეს და ამჯერად ხრუშჩოვმა ნება მისცა საქართველოში დაბრუნებულიყო. დაბრუნდა და მხოლოდ მაშინღა შეირთო ცოლი, თავისზე 22 წლით უმცროსი ციცო ალხაზიშვილი. „როდის უნდა მოესწრო ოჯახის შექმნა? ჩამოვიდოდა რამდენიმე წლით, დაიჭერდნენ, გააგზავნიდნენ... დაიჭერდნენ, გააგზავნიდნენ... ალბათ, არც ფიქრობდა ამაზე, არ უნდოდა ცოლ-შვილი დაეტანჯა“, - ამბობს ლელა გოთუა. ის რომ დაიბადა, ლევანი 61 წლის იყო. ![]() 1973 წელს 66 წლის ლევან გოთუა ინსულტით გარდაიცვალა, იგი არმაზში, საკუთარი სახლის ეზოში დაკრძალეს. 2005 წელს - საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ს ლოცვა–კურთხევით, ლევან გოთუას ცხედარი სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში გადაასვენეს და დღეს იგი სწორედ იმ სავანეში განისვენებს. ტეტრალოგია „გმირთა ვარამი“ მეტად მნიშვნელოვანია გოთუას შემოქმედებაში. მოქმედება ხდება XVI–XVII სს. საქართველოში. აღწერილია ქვეყნის ყველაზე სისხლიანი ეპოქის ისტორია, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ისა და მისი ოჯახის დრამატიზმით აღსავსე ცხოვრება. რომანში უხვად არის მოშველიებული ისტორიული ფაქტები, ეთნოგრაფიული მასალა, გეოგრაფიული ცნობები; წარმოდგენილი არიან ისტორიული პირები, კოლორიტული ხალხური პერსონაჟები. რომანის ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდებშიც კი მკაფიოდ ჩანს დაცემული ქვეყნის აღდგენის იმედი. მასში ასახულია საქართველოს ყოფა XVI-XVII საუკუნეებში, როცა დაიწყო ფეოდალური სახელმწიფოს კრიზისი და დღის წესრიგში დადგა ახალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. რომანში, რომელიც ინტერნაციონალური სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, უსაზღვრო პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება, მისი როლი ქვეყნის ისტორიაში. ![]()
„...ლევან გოთუა მთასავით კაცია, მთებშიც არ იჩქმალება მისი გოლიათობა. მთაზე მცოცავი მთაა“, - თქვა ერთხელ ედიშერ ყიფიანმა.
ლევანი სულით ხორცამდე მოგზაური იყო, ყველგან დადიოდა, ხან ახალგაზრდებთან ერთად, ხან - მარტო, ხან - საკუთარი პერსონაჟების ნაცვლად.სურდა იგივე ეგრძნო, რასაც მისი გმირები გრძნობდნენ.
თამარ შაიშმელაშვილი თავის ნაშრომში წერს, სადაც უსახელო მწვერვალს ნახავდნენ, ავიდოდნენ და, პირველდამპყრობლის პრივილეგიით, ქართველი კლასიკოსების სახელებს არქმევდნენო. ასე გაჩნდა ვაჟას, აკაკის, ილიას სახელობის მწვერვალები. ერთი ექსპედიცია ხვამლის მთასაც ერგო, იქ მეფეების საიდუმლო სამალავის პოვნა უნდოდათ. საერთოდ, ძალიან უყვარდა გამოქვაბულები და მიაჩნდა, რომ მათში ბევრი რამ იყო ყურადღების ღირსი.
![]() 136 2-ს მოსწონს
|