x
image
მაკუნა
Mediator image
"ვინც ცუდ ამინდს ქმნიდა კულტურაში გასაშვებია"_ მხატვარ ბესიკ დუღაშვილის კულტურულ-პოლიტიკური მონოლოგი

imageკულტურის სფეროს გარკვეულმა ნაწილმა მომავალი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სახელზე გაავრცელა მიმართვა, სადაც მოუწოდეს, რომ კულტურის სამინისტროში მოხდეს დეპოლიტიზაცია და კადრები შერჩევისას პროფესიონალიზმი იყოს გადამწყვეტი.
“მოთხოვნები შესაძლოა ჯანსაღია, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ემსახურება გარკვეული ჯგუფის პიარს”, ასე გამოეხმაურა მიმართვას მხატვარი და მსოფლიო კარიკატურისტთა ოცეულში შესული ბესიკ დუღაშვილი.
ბესიკ დუღაშვილი, ხელოვნების აპოლიტიკურობას სხვაგვარ ფორმულირებას უკეთებს და მიიჩნევს რომ, ხელოვნება არ უნდა იყოს პარტიული, თუმცა იგი აუცილებლად უნდა კარნახობდეს სახელმწიფოს სწორ პოლიტიკას.
გთავაზობთ ხელოვანის კულტურულ-პოლიტიკურ მონოლოგს:
“ჩემი აზრით ერთადერთი სფერო, რომელიც შეიძლება აპოლიტიკური იყოს სპორტია. რაც არ უნდა მოითხოვონ გარკვეულმა ჯგუფებმა, კულტურა ვერ იქნება სრულად აპოლიტიკური. საერთოდ, ტრადიციულად, ხელოვნება ემსახურება საზოგადოების გამოფხიზლებას, ამას ზოგი ლექსით გამოხატავს ზოგი ფუნჯით, სხვანი კი სცენიდან.
კულტურა სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი იყო უძველესი დროიდან. ჯერ კიდევ დემოკრატიულ საბერძნეთში სცენა დიდი იარაღი იყო. საიდანაც ხდებოდა სიმართლის გაჟღერება, რასაც შემდეგ იტაცებდა საზოგადოება. დღესაც, კულტურა უნდა იდგეს ამ სიმაღლეზე, არცერთ ხელისუფალს არ უნდა მისცეს ხელოვანმა საშუალება პრინციპებს უღალატოს. თუ ამას შეეცდება ვინმე, მაშინ სწორედ ხელოვნების ენაზე გამოთქვას პროტესტი. სხვა საქმეა, რომ კულტურა არ უნდა იყოს პარტიული ორგანო, ეს უკვე დაუშვებელია.
რადგან ე.წ. “ჩარეცხილებმა” და ასევე ხელოვანების ნაწილმა ღიად გამოხატა მხარდაჭერა ივანიშვილის მიმართ, ეს ზოგიერთს ეჩვენაბა საშიშად, კულტურის მომავალი განვითარებისთვის. თავისთავად საინტერესოა, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს მხარდაჭერა?!
“თორნიკე ერისთავში” აკაკი წერეთელს ჰყავს არაჩვეულებრივი პერსონაჟი _მასხარა, რომელიც მეფეს იმას ეუბნება, რასაც სხვა ვერ უბედავს. ბიძინასთან დაახლოებულმა ხელოვანებმა სწორედ ეს ფუნქცია უნდა იკისრონ. ამ ადამიანებმა ივანიშვილს პიროვნულად დაუჭირეს მხარი, რადგან მიიჩნიეს, რომ მისი ადამიანურობის ხარისხი ოპონენტთან შედარებით ძალიან მაღალი იყო. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი თუ დაუშვებს შეცდომას და ისინი ამაზე არ მიუთითებენ, მაშინ ჩავთვლი, რომ უბრალოდ მედროვეები არიან.
იმ ადამიანებისგან აპოლიტიკურობის და კადრების სიფრთხილით შერჩევის მოთხოვნა ჩემთვის არადამაჯერებელია. დავიწყოთ იქედან, რომ საერთოდ მოთხოვნა მისაღები შეიძლება იყოს ადამიანისგან ვინც რაიმე ავტორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, მათი ასაკიდანაც გამომდინარე ჩემთვის და მოსახლეობის 90%-თვის ისინი ვერ იქნებიან ავტორიტეტები, მათ არაფერი შეუქმნიათ ისეთი, რომ ასეთი ამბიცია ჰქონდეთ. სწორედ ამ მიმართვის ავტორები უკრავდნენ კვერს “ჩამრეცხავს”, მათ დაავიწყდათ, რომ თუ აქამდე საქართველოში რაიმე ფასეული შექმნილა, სწორედ “ჩარეცხილების” თაობამ შექმნა. შესაბამისად, მაგალითად რაც მისაღებია ნინია კაკაბაძისთვის, ერის უმრავლესობისთვის არ არის მისაღები. ამიტომ იმ ადამიანების მიმართ ვინც მიმართვა გაავრცელა მიჩნდება კითხვა, რისთვის იბრძვიან ისინი? საკუთარი პიარისთვის ხომ არა? ჩემი აზრით მათ დაინახეს საფრთხე, რომ ხვალ ისინი აღარავის ემახსოვრება. ამიტომ ეპატაჟურად შეახსენეს თავი საზოგადოებას.
ან მიმართვას ხელოვანების სახელით რომ აკეთებენ, მეტისმეტს ხომ არ იღებენ საკუთარ თავზე? თან სასწრაფო წესით მოხდა ეს, დანარჩენი ხელოვანებისთვისაც ეკითხათ აზრი.
კულტურის წარმომადგენლების მართლაც 90 % ჯერ ჩუმადაა, იმიტომ კი არა რომ საკუთარი აზრი არ გააჩნია და პოზიცია არ აქვს, ან ნაკლებად გასათვალისწინებელია მათი აზრი. უბრალოდ სიტუტუცე იქნება ხმაური დავიწყოთ, როცა რეალურად არაფერია ჯერ სახმაურო.
აქამდე რატომ იყო ეს ხალხი ჩუმად? მე პირადად დაბლოკილი ვიყავი ყველგან, იმიტომ რომ კრიტიკულ დამოკიდებულებას ხმამაღლა გამოვხატავდი და შესაბამისად არავინ მიმიწვევდა გადაცემაში. ისინი კი ვინც ახლა მიმართვებს ავრცელებენ, წინა ხელისუფლებისთვისაც მისაღები რესპოდენტები იყვნენ, მუდმივად ეკრანზე ჩანდნენ. მათ ვეკითხები, თუ თქვენ ასეთი კარგები იყავით, აქამდე რატომ არ ირებდით ხმას, არ აპროტესტებდით კულტურის სამინისტროს “ნაციონალურ” პოლიტიკას?
ვთქვათ დავიჯერეთ, რომ თაკო ჩარკვიანის “არაკეთილგანწყობილმა” მისვლამ გამოიწვია ხმაური კულტურის სამინისტროში, მაგრამ საშინელებაა, მარაზმია რომ ამას იყენებ საკუთარი თავის გასაპიარებლად. თან ვინ? მაპატიეთ მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რომ თუ ადამიანები თავიდან ბოლომდე არ იყვნენ შემძვრალნი “ნაციონალებთან”, მათთვის კულტურის სამინისტროს სივრცე დახურული იყო. სხვაგვარად შანსი არ იყო რამე გაეკეთებინა ხელოვანს. ხელმომწერთა უმეტესობა კი წარმატებული პროექტების ავტორებად წარსდგნენ.
სხვათაშორის მე რომ “ბედმა გამიღიმა” და პარლამენტში გავაკეთე გამოფენა, მაშინ ბევრს ეგონა, რომ მოვედებოდი კულტურულ სივრცეს, მაგრამ როგორც კი ვიღაცამ რაღაცა შემეკითხა პოლიტიკაზე და ჩემი კრიტიკული აზრი დავაფიქსირე, მაშინ ზემოთ თქვეს, “ოო, ეს გამოსაჩენი კაცი არ არისო!” და ისევე ჩაკვდა ჩემი მაშინდელი გამოჩენა როგორც მანამდე ვიყავი.
“ქართულ სიტყვასთან” გავახმოვანებ პირველად, მქონდა პატივი გურამ ოდიშარიასთან შეხვედრის. ასეთი ადამიანის მნახველი მართლა არ ვარ, კულტურის ჩამოქნილი მაგალითია. კაცი რეალურადაა დაინტერესებული დიდი საქმეები გააკეთოს. მაგრამ მეშინია არ ისარგებლონ გარკვეულმა ჯგუფებმა მისი ადამიანურობით. ჩემი აზრით, ვინც ცუდ ამინდს ქმნიდა კულტურაში გასაშვებია, ეს არაა პოლიტიკური დევნა, თუ კულტურის სამინსტროში დარჩება მარგინალების ჯგუფი, ისინი გააგრძელებენ იმ პოლიტიკას რაც აქამდე იყო. რაც შეეხება ჩემ სფეროს, ბატონ გურამს გადავეცი ორ ფურცელზე ჩამოწერილი ხედვა, სადაც გაანალიზებული იყო რა კეთდებოდა, რა კეთდება და რა მინდა გაკეთდეს მომავალში. ვიცი რომ კულტურის სამინისროს სამომავლოდ ფრანგული მეთოდის დანერგვა უნდა, რაც გულისხმობს რომ ხელოვანმა, მხატვარმა, თუ ა.შ. კონტაქტი თავად უნდა დაამყაროს, მაგრამ ეს მალე ვერ მოხდება. ჩვენ აქ ვერ მოვთხოვთ ხელოვანებს შედეგს, რადგან არაა ბაზა. წლების მანძილზე ხელოვნება დინებაზე იყო მიშვებული, თვითგადარჩენაზე იყო ყველა ხელოვანი. გარდა იმ ხელოვანებისა, რომელიც იმ პლიადის წარმომადგენელი იყო, ვინც მოასწრო ადრეულ წლებში ღირებულის შექმნა, ადგილის დამკვიდრება და უკვე დაფასებულია და შესაბამისად მისი ნამუშევარი, იქნება ეს მუსიკა, თეატრი, სახვითი ხელოვნება, ლიტერატურა, იმისი ისედაც იყიდება. მაგრამ დამწყებებისთვის არაა სივრცე. ფაქტიურად ძირშივე კლავს სახელმწიფო ხელოვანს. რისთვის ხატოს? გალერიები არაა, ნახატებს ვერ ყიდის, არ აქვს სამუშაო გარემო, სახელოსნო და ხატვისათვის საჭირო ატრიბუტიკა. აქამდე ყველა ინიციატივა იბლოკებოდა, ახლა იმედი გაჩნდა, რამდენიმე დღეში პირადად მე ვაპირებ მერიაში, კულტურის საქალაქო სამსახურში შევიტანო განაცხადი, მუნიციპალური საგამოფენო დარბაზის გამოყოფის მოთხოვნით. სადაც ადამიანს ერთხელ მაინც ექნება შანსი მოაწყოს გამოფენა, მუსიკოსმა დაუკრას და ა.შ თუ ღირებულია მისი შემოქმედება ეს იქნება გარკვეული ტრამპლინი. თუ არ მოგვცეს კულტურის სფეროს წარმომადგენლაბს გარკვეული ბაზა, თუ არ დაგვეხმარა კულტურის სამინისტრო, ვერ შეძლებ დამოუკიდებლად გაწვდე, როცა ასეთი დაბალია ქვეყანაში სოცილური დონე. სიტუაცია თუ გამოსწორდება ქვეყანაში რა თქმა უნდა, ხელოვანები დამოუკიდებლად შეძლებენ გზის გაკვლევას. ინდივიდებს არ უნდა აფინანსებდეს სამინისტრო, საქართველოს მსგავს ქვეყანაში უდიდესი დანაშაულია როცა კოლოსალურ თანხებს იხდი სოფო ნიჟარაძის კაბაში. სხვა რაღაცეებს, რომ თავი დავანებოთ ბუნკერეში ხალხი დილით საჭმელს ეძებს და ბიუჯეტიდან მსგავსი რაღაცეები არ უნდა ფინანსდებოდეს.
იმედი მაქვს ბატონ ოდიშარიას კიდევ შევხვდები და უფრო ფართოდ ვისაუბრებ ამ თემებზე. პირველი შეხვედრა მხოლოდ ინდივიდუალური იყო. იმიტომ ვიჩქარე, რომ საერთოდ როცა გარდამავალი პერიოდია ქვეყანაში, ძალიან ბევრი მედროვე ცდილობს მოერგოს სიტუაციას. სანამ ჯგუფი შეიკრიბებოდა მხატვრების, არ მინდოდა ვინმეს ისარგებლა სიტუაციით და ხელი მოეთბო. ზოგჯერ ჩემი აქტიურობა სოციალურ ქსელში ვიღაცეებს ზედმეტად აღიზიანებთ, ჰგონიათ რომ თანამდებობა მინდა. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, მე რეალურად მინდა სიტუაციის შეცვლა, მინდა ჩემ მოსწავლეებს ვუყურო როგორ იწვებიან შემოქმედებითი პროცესისას, მათ არ მინდა იგივე გზა გამოიარონ, რაც ჩვენმა თაობამ გაიარა და ვერ დავუშვებ, რომ ვიღაც ისევ ბლოკავდეს თუნდაც ჩემ ინიციატივას. ასეთი რამეც ვთქვი, რომ თუ ცვლილებები ვერ დავინახე ჩვენ სფეროში, საქართველოდან წავალთქო. ვინმეს კი არ ვამადლი ჩემს თავს, უბრალოდ თუ ისევ ვერ დავინახავ, რომ ჩემს ქვეყანას ვჭირდები, სხვა რა გზა დამრჩენია.
ერთი საკითხი ძალიან მაწუხებს კიდევ როგორც მოქალაქეს, მინდა მართლაც სახალხო მთავრობა იყოს, ახალი ხელისუფლება. ბატონ ბიძინა ივანიშვილამდე რეალურად ხმის მიწვდენა ასე არ უნდა ჭირდეს. არამგონია მისი სურვილი ეს იყოს, მაგრამ ის ადამიანები რომლებიც გარს ახვევიან, ცდილობენ ყველა დაბლოკონ. ჰგონიათ, თუ ცდილობ დაელაპარაკო ივანიშვილს აუცილებლად რაღაცას მოელი პიროვნულად. ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ უბრალოდ შენი ხედვის გაცნობა გინდოდეს მისთვის. ეს როგორმე უნდა აღმოიფხვრას. ჩვენ სწორედ ასეთ ჩაკეტილ სისტემას ვებრძოდით, მთავრობასთან მიუწვდომლობას. რომც დააბარო ვინმეს უახლოესი გარემოცვიდან რამე გადასცეს ივანიშვილს, ამას არ აკეთებს, შესაძლოა ეშინიათ, რომ სხვისი აზრი, მათზე მეტად არ მოიწონოს ივანიშვილმა. სხვათაშორის როცა პოლიტიკაში გამოჩნდა, მესამე დღესვე მივიტანე წერილი ბანკ “ქართუში”, სადაც მხარდაჭერას ვუცხადებდი. ვთვლიდი, რომ თითოეული ადამიანის ღია მხარდაჭერა მაშინ ივანიშვილისთვის სასიხარულო იქნებოდა. იმიტომ კი არ გავაკეთე ეს, რომ მხატვარი ვარ და საზოგადოებაში გარკვეული ცნობადობა მაქვს, არამედ გულით. მაგრამ ჩემ თვალწინ გახსნა დაცვამ წერილი, უღიმღამოდ შეინახა. არამგონია ადრესატამდე ვინმეს მიეტანა. ერთი რამეცაა, ძალიან ჭირს დღეს ტელევიზიის ყურადღება მიიპყრო. ეს მხოლოდ “ნაციონალურ” არხებს არ ეხება. რამდენიმე დღის წინ ვნახე “მაესტროზე”, აჩვენეს როგორ დაბრუნდნენ ადამიანები საქართველოში. როგორც ფაქტი ცალსახად დადებითია, მაგრამ მეტისმეტ მეტიჩრობად მეჩვენება იმ ადამიანის პოპულარიზაცია, ვინც თურმე იმ პერიოდში დატოვა საქართველო, როცა ყველაზე მეტად რთული იყო სიტუაცია იყო და უჭირდა სამშობლოს, ახლა კი ხალისით ბრუნდება უკან და გმირად წარმოაჩენენ მას, ეს უსამართლობაა საქართველოში მყოფი ადამიანების მიმართ, რომელთაც უმძიმესი დღეები გადაიტანეს სასტიკ რეჟიმთან ბრძოლაში.
მაკა დეკანოსიძე

2
167
6-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
167
  
2012, 29 ოქტომბერი, 3:50
++++++++
0 1 2