სხვა კაილ მაკდონალდის საოცარი ისტორია, რომელმაც სკრეპი ორსართულიან სახლში გადაცვალა 5 თებერვალი, 10:10 ეს გამოგონილი ამბავი არ არის: კანადელმა ბლოგერმა კაილ მაკდონალდმა ნამდვილად შეძლო საცხოვრებელი პირობების საგრძნობლად გაუმჯობესება მოკრძალებული საწყისი კაპიტალის, უბრალო წითელი საკანცელარიო სკრეპის წყალობით. ამ იაფი ნივთის წყალობით, რომლის ასაღებად დახრა ზოგჯერ გვეზარება, ბიჭმა მიიღო ორსართულიანი სახლი კანადის ქალაქ კიპლინგში. ბონუსად გახდა გინესის რეკორდსმენი და გლობალური მარკეტინგის ლეგენდა. როგორ შეძლო ეს? თურმე, არაფერია სკრეპზე რთული. დასჭირდა მხოლოდ შრომისმოყვარეობა, საზრიანობა და სკრეპი.
მაკდონალდს იაფი წვრილმანის რაღაც საჭიროსა და ღირებულში გადაცვლის იდეა საბავშვო თამაშის „Bigger, Better” („დიდი, უკეთესი“) წყალობით გაუჩნდა. ამ თამაშში მონაწილეები სხვადასხვა ნივთებს ცვლიან. ყველაფერი 2005 წელს დაიწყო. კაილი იყო ახალგაზრდა, ენერგიით სავსე და საკუთარი კუთხე არ ჰქონდა. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ეს ძალიან თრგუნავდა. ერთხელაც გაახსენდა ბავშვობა და აშშ-სა და კანადაში პოპულარული თამაში და გადაწყვიტა გამხდარიყო სახლის მფლობელი ნივთების სხვებზე გადაცვლით. ბიჭს არ ჰქონდა არც ფული, არც რაიმე განსაკუთრებით ღირებული ქონება, ამიტომ დაიწყო უბრალო საკანცელარიო სამაგრით, სკრეპით. დიდი წარმატების იმედი არ ჰქონდა, მაგრამ 2005 წლის ივლისში გამოაქვეყნა განცხადება ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ პოპულარულ სავაჭრო პლატფორმაზე წითელი საკანცელარიო სკრეპის გადაცვლის შესახებ. გამოქვეყნებულ ფოტოს თან დაურთო ტექსტი, რომელშიც განმარტა, რომ სურდა სკრეპის გადაცვლა სხვადასხვა ნივთზე მანამ, სანამ საკუთარი სახლის მფლობელი არ გახდებოდა. რეკლამის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, 14 ივლისს, კაილმა მოახერხა თავის პირველი მომგებიანი გარიგების დადება. პლატფორმაზე იპოვა ადამიანი, რომელსაც სურდა სკრეპის მიღება ბურთულიანი კალმის სანაცვლოდ. ეს იყო გოგონა, რომელმაც ნივთი მეგობართან ერთად სანაპიროზე სეირნობისას იპოვა. შემდეგი გაცვლისას მიიღო კარის სახელური. ხელნაკეთი, გამომწვარი თიხისგან გაკეთებული მხიარული სახის მქონე სახელური. გაცვლა შესთავაზა კაილის მეგობარმა, მხატვარმა და მოქანდაკემ. საავტორო ნივთი უკვე რაღაც არის. ივლისის ბოლოს ორიგინალური ნივთი Coleman-ის პორტატიულ გაზქურაზე გადაცვალა. 24 სექტემბერს, ამერიკელმა ჯარისკაცმა შესთავაზა გაზქურის გაცვლა Honda-ს ბენზინის გენერატორზე და კაილიც დათანხმდა. მეხუთე გაცვლით მეწარმე ნეონის აბრის და ცარიელი ლუდის კასრის ბედნიერი მფლობელი გახდა. აქ მაკდონალდმა იეშმაკა და განცხადებაში მიუთითა, რომ კასრი შეივსებოდა ნებისმიერი სითხით კლიენტის სურვილით. 2005 წლის 8 დეკემბერს გამოჩნდა მსურველი, რომელსაც სურდა კასრის და აბრის მიღება თოვლმავალის სანაცვლოდ. ეს იყო ცნობილი რადიოწამყვანი და კომიკოსი მიშელ ბარეტი და მან, რა თქმა უნდა, ითხოვა კასრის ლუდით გავსება. თოვლმავალი ძალიან სწრაფად „წავიდა“. ერთ კვირაში გადაცვალა ორკაციან საგზურზე კურორტ იახში, რომელიც კორდილიერის მთებში მდებარეობს. კურორტზე წასვლა კაილის ძალიან უნდოდა, მაგრამ ბიზნესი ბიზნესია. იანვარში საგზური 1995 წლის ფურგონში გადაცვალა. თებერვალში ავტომობილის ხელში ჩაგდება ისურვა Metalworks-ის ხმის ჩამწერმა სტუდიამ და სანაცვლოდ მიიღო კონტრაქტი მუსიკალური ალბომის ჩაწერაზე. შემდეგ ყველაფერი უფრო სწრაფად განვითარდა. კონტრაქტით დაინტერესდა დამწყები ვარსკვლავი ჯოდი მარი გნანტი, რომელმაც კაილს შესთავაზა ერთი წლით ცხოვრება მის სახლში ამერიკის ქალაქ ფინიქსში. ბიჭი დათანხმდა, მაგრამ ახალ სახლში გადასვლაზე უარი თქვა. იქ ცხოვრების უფლება გადაცვალა ლეგენდარულ როკ-მუსიკოს ალის კუპერთან შეხვედრაზე, ხოლო მასთან შეხვედრა ჯგუფ KISS-ის მსოფლიო ტურნესადმი მიძღვნილ თოვლის გლობუსზე. ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, რომ აქ კაილი სულელურად მოიქცა და კუპერთან კომუნიკაცია შეიძლებოდა უფრო მომგებიან პროდუქტზე გაეცვალა, მაგრამ საზრიანმა კანადელმა იცოდა, რას აკეთებდა. „KISS“-ის ბურთი ერთადერთი შემორჩენილი ასლი აღმოჩნდა. ღირებული იყო, რადგან იშვიათი იყო. ბურთი დასჭირდა ჰოლივუდის რეჟისორს კორბინ დინ ბერნსენს, მგზნებარე კოლექციონერს და სანაცვლოდ კაილს შესთავაზა როლი თავის ახალ ფილმში. რა თქმა უნდა, მაკდონალდს შეეძლო დათანხმებულიყო და გამხდარიყო ცნობილი მსახიობი. ასე მიიღებდა არა მხოლოდ სახლს, არამედ ფულს, დიდებას და აღიარებას. მაგრამ ეს მაინც ლატარია იყო, ამიტომ გაცვლის გაგრძელება ამჯობინა. 2006 წლის 6 ივლისს, საიტზე წითელი სკრეპის განცხადების გამოჩენიდან 1 წლის შემდეგ, ქალაქ კიპლინგის მერმა ჰოლივუდურ ფილმში როლის სანაცვლოდ შესთავაზა ორსართულიანი სახლი და კაილი დათანხმდა. საბოლოოდ, როლი ქალაქის ერთ-ერთ მაცხოვრებელს გადაეცა, რომელმაც მკაცრი კასტინგი გაიარა. 1920-იან წლებში აშენებული 120 კვადრატული მეტრი ფართობის კეთილმოწყობილი ორსართულიანი სახლის მისაღებად კაილს დასჭირდა 1 წელი და 14 გაცვლა. ბედნიერმა მფლობელმა ახალი საცხოვრებლის წვეულებაზე დაპატიჟა გადაცვლის ყველა მონაწილე. მხოლოდ ორმა ვერ შეძლო მისვლა. რაც შეეხება წითელ სკრეპს, მისი ისტორია ამით არ დასრულებულა. კაილ მაკდონალდის გაცვლა გახდა გინესის წიგნის რეკორდი და კოლექციონერებმა და ძვირფასი სუვენირების მოყვარულებმა არტეფაქტზე დევნა დაიწყეს. სკრეპის მფლობელს, კორინე ჰაიტს, რომელმაც სკრეპისთვის კალამი გაიღო, ამ წვრილმანი ნივთის სანაცვლოდ სთავაზობდნენ Audi TT ავტომობილს, მაგრამ მან უარი თქვა. გოგონა უბრალოდ კაილის შეხვდა და ბედნიერი სკრეპი დაუბრუნა. ასევე დაგაინტერესებთ: გაუმაძღარი ყასაბი ან რატომ ააგო იტალიელმა მსოფლიოში უდიდესი ხორცის საცავი 1600 ევრო და ორი ბოთლი ვისკი - როგორ იყიდა adidas-მა 3 ზოლის უფლება როგორ დაკარგო სამსახური და გახდე მილიონერი ან „ხრიკების გამანადგურებლის“ ჰაბი ლეიმის ისტორია როგორ იშოვა ფული ელვის პრესლის მენეჯერმა "ჰეითერებზე" რატომ შენიღბა კომპანიამ მათი ველოსიპედი ტელევიზორად 222 შეფასება არ არის |