სისხლის სამართალი "მძიმე მდგომარეობაშია, აპარატზეა შეერთებული. სახის მიდამოებში დაახლოებით, 37 მოტეხილობა აქვს"-სასტიკად ნაცემი პატიმარი "ვივამედში" გადაიყვანეს 30 იანვარი, 15:23
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანილი 46 წლის პატიმრის, იოსებ გორგაძეს მდგომარეობა მძიმეა.
პატიმრის ადვოკატი მუხრან ღურწკაია: "გლდანის მე-8 დაწესებულებაში იყო მოთავსებული, ავარიასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულია, ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამ საქმეზე მის ინტერესებს ვიცავდი, უპატიოსნესი ადამიანია. ის 23 იანვარს შეიყვანეს „ვივამედში“ ინსულტის ნიშნებით. რეალურად, ადამიანს სახის ძვლების არც ერთი ადგილი მთელი არ აქვს, ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები ჰქონდა და ექიმი არ აღწერს არაფერს, ინსულტი აქვს, იატაკზე ეგდო და შესაბამისად, რეანომობილით გადავიყვანეთ კლინიკაშიო. რატომ არ აღწერეს გარეგანი დაზიანებები და რატომ შეიყვანეს ინსულტის დიაგნოზით, როცა ამ კაცს ინსულტი არ აქვს? არც ერთ განცხადებას არ აკეთებენ, თუ რა მოხდა რეალურად. მოვითხოვე, რომ კამერები დაარქივდეს. გამოძიება დაწყებულია და ყველა ადამიანის უმკაცრესად დასჯას მოვითხოვთ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. მძიმე მდგომარეობაშია, აპარატზეა შეერთებული. სახის მიდამოებში დაახლოებით, 37 მოტეხილობა აქვს, ტვინის შეშუპება აქვს და უმძიმესადაა. ვინ და რატომ ცემა, ეს ჩვენთვის უცნობია. არც ერთხელ ციხიდან არ დაურეკავთ არც ჩემთვის და არც ოჯახისთვის, თქვენი შვილი საავადმყოფოშიაო. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის ნაცემი, ნაწამები, ეს ფაქტია. ეს ამბავი პატიმარმა შემატყობინა, გორგაძის თაბამესაკნე ვარ, ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს, ხომ არ იცი როგორ არის, მისი თანამესაკნე ვარო. ამის შემდეგ დავიწყე მოკვლევა". ნაცემი პატიმრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანმა.როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი კლინიკა „ვივამედში" იმყოფებოდა, სადაც პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ლევან იოსელიანი გამოძიებას მოუწოდებს, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა. კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაყვანილი პატიმარი, 46 წლის იოსებ გორგაძე ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჩხაიძე აცხადებს, ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალურად ვერ ისაუბრებს, ინფორმაციას კი პენიტენციურ დაწესებულებას აწვდის. „შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პატიმარი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და აპარატულ მხარდაჭერაზე იმყოფება. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა. დაზიანებების, კონკრეტული დიაგნოზის, მკურნალობის შესახებ, სრულ ინფორმაციას ვაწვდით პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს”, - განაცხადა ჩხაიძემ. იოსებ გორგაძეს მისი სასამართლო პროცესი 27 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა ოჯახს შეატყობინეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. ის 24 ოქტომბერს დააკავეს წალკის გზაზე მომხდარი ავარიის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით, სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა. 275 2-ს მოსწონს
|