კინო 2025 წელი კინოში: როგორ პროგნოზირებდნენ ამ წლის მოვლენებს გასული წლების ფილმებში გუშინ, 12:47 ჩვენი საყვარელი ჟანრი: ფილმები წარსულიდან, რომლებიც ცდილობდნენ მომავალში ჩაეხედათ, ვიზუალურად წარმოეჩინათ ფანტაზიები იმის შესახებ, როგორი იქნებოდა სამყარო რამდენიმე წელიწადში ან თუნდაც ათწლეულში. 2025 წელი არ გამორჩენიათ და რამდენჯერმე გახდა ფუტურისტული სცენარების საწყისი წერტილი მე-20 და 21-ე საუკუნის დასაწყისის ფილმებში, გლობალური კატასტროფებიდან (ხშირად) წარმოუდგენელ ტექნოლოგიურ გარღვევებამდე (იშვიათად).
ამ ნაკრებში გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც გადაიღეს 10 წლის წინ და უფრო ადრე, რომლებმაც იწინასწარმეტყველეს, როგორი იქნებოდა 2025 წელი. ვნახოთ, რა გვიწინასწარმეტყველეს. მომავლის სპორტი (Futuresport, 1998) კლასიკური კინო პროგნოზი ჟანრში „მომავლის ადამიანებს ძალიან უყვართ სასტიკი წარმოდგენები პირდაპირ ეთერში. აი, ასეთი ბარბაროსები არიან“. 2025 წელს დედამიწელებს აქვთ სპორტის ახალი საყვარელი სახეობა - ის, რაც წააგავს გლადიატორთა ბრძოლის და რობოტების შეჯიბრების ნაზავს. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ მკაცრი კონტაქტის ტიპია, რადგან სხვაგვარად როგორ მიიპყროს დიდი აუდიტორიის ყურადღება? სიუჟეტის ცენტრშია მოთამაშეთა გუნდი, რომელიც ჩემპიონატში გამარჯვებისთვის იბრძვის, მაგრამ აღმოაჩენს, რომ თამაში ექვემდებარება კორუფციას და სასტიკ წესებს. მთავარი გმირი იძულებულია იბრძოლოს არა მხოლოდ გამარჯვებისთვის, არამედ სიცოცხლისთვის, რადგან ფსონები მუდმივად იზრდება. დროის პატრული 2: ბერლინის გადაწყვეტილება (Timecop 2: The Berlin Decision, 2003) 2025 წელს საიდუმლო ორგანიზაცია პატრულირებს დროის ხაზებს დროში დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. მაყურებელს აჩვენებენ მცდელობას გამოასწორონ დროის პარადოქსის შედეგები, რომელიც საფრთხეს უქმნის აწმყოს. მთავარი გმირი მიემგზავრება მომავლის ბერლინში, რომ ხელი შეუშალოს შეთქმულებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დროის კონტინუუმის განადგურება. მოვლენები ვითარდება სამყაროში, სადაც დრო იარაღია, ხოლო ტექნოლოგიები წარსულის და მომავლის მოვლენებით მანიპულირების საშუალებას იძლევა. სხვათა შორის, ეს ფილმი არის 1994 წლის ფილმის „დროის პატრულის“ გაგრძელება, რომელშიც ჟან-კლოდ ვან დამი მონაწილეობდა. წყნარი ოკეანის ტიტანები (Pacific Rim, 2013) აბა როგორ მონსტრების და კატასტროფების გარეშე! 2025 წელს უზარმაზარი კაიჯუები დედამიწაზე იჭრებიან წყნარ ოკეანეში გაჩენილი ნაპრალიდან და ქალაქებს ანადგურებენ. მათ შესაჩერებლად კაცობრიობა ქმნის პილოტირებულ რობოტებს, ჯეგერებს, რომელიც იმართება ორი პილოტის მიერ ნერვული კავშირის საშუალებით. სიუჟეტი მოგვითხრობს ორ მფრინავზე, რომლებიც უნდა გაერთიანდნენ, რათა მართონ ძველი ჯეგერი და შეაჩერონ აპოკალიფსი, გადაარჩინონ ბოლო დარჩენილი ქალაქები კაიჯუების თავდასხმისგან. დასასრული: უკანასკნელი ბრძოლა ბრონქსისთვის (Endgame: Bronx Final Battle, 1983) მოქმედება ვითარდება 2025 წელს, სამყაროში, სადაც ნიუ-იორკი უკაცრიელ და სახიფათო ადგილად იქცა გლობალური კატასტროფის და ცივილიზაციის კოლაფსის შემდეგ. ქალაქი დაყოფილია შეირაღებული ჯგუფების მიერ კონტროლირებად ზონებად. აქ კვლავ გვაქვს გლადიატორული ბრძოლები გადარჩენისთვის, ელიტის გასართობად ორგანიზებული. მთავარი გმირი, სასიკვდილო თამაშების პროფესიონალი მონაწილე, ცდილობს დატოვოს ბრონქსი, გადაირჩინოს საკუთარი თავი და გადარჩენილთა ჯგუფი, რომლებსაც შეიარაღებული ჯგუფები დევნიან. მფატრავები (Repo Men, 2010) 2025 წელს მაღალტექნოლოგიური კორპორაცია ადამიანებს აძლევს ხელოვნურ ორგანოებს სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სასტიკი საკრედიტო პირობებით. თუ კლიენტი ვალს ვერ იხდის, კორპორაცია აგზავნის „მფატრავებს“ ორგანოების ამოსაღებად. მთავარი გმირი (სხვათა შორის, ჯუდ ლოუ), ყოფილი მფატრავი, თავად აღმოჩნდება მოვალე იმ იმპლანტის გამო, რომელმაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა, და ახლა იძულებულია დაემალოს ყოფილ კოლეგებს სასჯელის თავიდან ასაცილებლად. 10 წელი (Ten Years, 2015) მოვლენები ვითარდება 2025 წელს ჰონგ-კონგში, სადაც ავტორიტარული მმართველობა იზრდება. ფილმი შედგება ხუთი ისტორიისგან, რომელთან თითოეული ასახავს უბრალო ხალხის ცხოვრებას ტოტალური კონტროლის პირობებში. მოქალაქეები აწყდებიან თავისუფლების შეზღუდვას, კულტურულ დაქვეითებას და სოციალურ პრობლემებს და ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი რწმენა და ადამიანური ღირსება. მისი (Her, 2013) სიუჟეტის მიხედვით, 2025 წელს ტექნოლოგიამ მიაღწია იმ დონეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ხდება ცხოვრების სრულფასოვანი თანამგზავრი. მთავარი გმირი, თეოდორი, მარტოხელა წერილების მწერალი (ეს მომავლის პროფესიაა, რადგან ადამიანებს წერა სრულიად დაავიწყდათ), ყიდულობს ოპერაციულ სისტემას, რომელსაც ემოციურად უახლოვდება, რადგან მასთან ურთიერთობა არაფრით ჩამორჩება რეალურ ადამიანთან ურთიერთობას. თანდათან მათი ურთიერთქმედება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება. მომავალზე მონადირეები (Future Hunters, 1986) პოსტაპოკალიფსურ 2025 წელს დედამიწა განიცდის გლობალური კატაკლიზმის შედეგებს. ჟანრის კიდევ ერთი კლასიკა. გადარჩენილთა ჯგუფები იბრძვიან რესურსებისთვის ამ უდაბნოში, ხოლო ძველი ტექნოლოგიები ნადირობის საგანი გახდა. მთავარი გმირები არიან ავანტიურისტები, რომლებიც ცდილობენ იპოვონ მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მომავლის შეცვლა, გადალახონ ბარბაროსული ტომების და ძველი ხელისუფლების ნარჩენების მიერ შექმნილი დაბრკოლებები. დროის მანქანა ჯაკუზში 2 (Hot Tub Time Machine 2, 2015) სიკველი. პირველ ნაწილში სამი მეგობარი და ერთ-ერთის ძმისშვილი იდუმალი ჯაკუზის დახმარებით შემთხვევით ხვდებიან წარსულში, 1986 წელში. აი, მეორე ნაწილში მთავარი გმირები ჯაკუზის გაუმართაობის გამო 2025 წელში ხვდებიან. მომავალში აწყდებიან თავიანთი წარსული გადაწყვეტილებების შედეგებს: მათი კომპანიები გახდნენ გლობალური კორპორაციები და მათ გარშემო სამყარო სავსეა აბსურდული ტექნოლოგიური გამოგონებებით და ქაოსური სოციალური ცვლილებებით. ისინი ცდილობენ საკუთარ დროში დაბრუნდნენ და ამისთვის იძულებულნი არიან გამოასწორონ მათ მიერვე შექმნილი პრობლემები. ადამიანი ზებრა 2: თავდასხმა ზებრა სითიზე (Zebraman 2: Attack on Zebra City, 2010) ეს სიკველია. 2004 წელს გადაღებულ პირველ ფილმში ნაჩვენებია მომავალი, 2010 წელი. სიუჟეტი მოგვითხრობს სკოლის წარუმატებელ მასწავლებელზე, რომელიც სუპერგმირების შესახებ მისი საყვარელი ძველი სერიალის შთაგონებით ხდება ქალაქის მფარველი, როდესაც უცხოპლანეტელები დედამიწას თავს დაესხმებიან. მისი ხელნაკეთი კოსტიუმი იწყებს ზეშესაძლებლობის გამოვლენას, აქცევს მას წინააღმდეგობის და იმედის სიმბოლოდ უცხოპლანეტელებთან ბრძოლაში. მეორე ნაწილში ნაჩვენებია 2025 წელი. ზებრა სითი (როგორც ეწოდა ტოკიოს) გახდა ულტრათანამედროვე მეგაპოლისი, სადაც დანაშაული ყველაზე სასტიკი გზით ისჯება. ქალაქს მართავს ზებრა დედოფალი, ქარიზმატული და დაუნდობელი დიქტატორი, რომელიც იყენებს ყოველდღიურ „ზებრა-დროს“ – აბსოლუტური დაუსჯელობის 5 წუთს პოლიციისთვის, რომ აღმოფხვრან განსხვავებული აზრი და მოსახლეობაში შიში დანერგონ. მთავარი გმირი კონფლიქტის ცენტრში ხვდება, როდესაც მისი ზებრა-ადამიანის შესაძლებლობები ტირანიის წინააღმდეგ აჯანყების გასაღები ხდება. ასე გადაიქცა უცხოპლანეტელების შემოსევის შესახებ ფილმის გაგრძელება სრულიად განსხვავებულ, უფრო მიწიერ ბოევიკად. ასევე დაგაინტერესებთ: როგორ წარმოედგინათ მომავალი მე–20 საუკუნეში: ქალაქების, მოდის და ტექნოლოგიების გამოსახულებები ახალი და გახმაურებული დაბრუნება - 2024 წლის 10 ყველაზე პოპულარული სერიალი IMDb-ის მიხედვით „მატარებელი ბუსანში“ და „კივილი“: Collider-მა დაასახელა 20 საუკეთესო დორამა ზომბებზე 88 1-ს მოსწონს |