"ნეტა, დედიკოსთან აპირებს ჩივილს, თუ ხარებასთან… ეს ვინ ყოფილა…" - ვისზე საუბრობს გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი აბუ დაბიში "ქართული ოცნების" დეპუტატების - ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძისა და გელა სამხარაულის მიერ საქართველოს მოქალაქეზე განხორციელებულ თავდასხმას პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
"ხომ არის, რომ რამე მელოდია ან ლექსი აგეკვიატებათ და იმეორებთ და იმეორებთ, სანამ ვიღაცას არ გადაულოცავთ…
ასე ამეკვიატა ახლა ნიკო გომელაურის “ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა…”, ოღონდ “ჩემს ქალაქში” შევცვალე “დუბაიში”-თ, და პერსონაჟებიც შევცვალე…
ახლა თქვენ გადმოგილოცავთ და იმედია გავთავისუფლდები….
…
ოთხნი ერთს შეესიენ საცემად…
ერთ-ერთი გალახული მათგანი ბოლოს დაიმუქრა “თბილისში ხომ ჩამოხვალო”..
ნეტა, დედიკოსთან აპირებს ჩივილს, თუ ხარებასთან…
ეს ვინ ყოფილა…"- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.
მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, გუშინდელი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.