x
image
თაზუ
ხუთი სიცოცხლე
ხუთი სიცოცხლე, დედამიწაზე არსებული მილიარდობით სიცოცხლიდან შესამჩნევია? ბევრია თუ ცოტა? დედამიწა ხომ ისევ აგრძელებს ბრუნვას, დღეს ღამე ცვლის, დრო არაფრით ჩერდება არცერთი წამით. მიდის მიდის, წამს შემდეგი წამი ემატება და წუთად იქცევა, რომელსაც ვერაფრის დიდებით ვეღარ ვაბრუნებთ უკან. არადა, რომ შეგვძლებოდა მხოლოდ 1 წამით უკან დაბრუნება, ხომ გავიქცეოდით სუნთქვაშეკრულები მთელი ძალით უკან და ბენზინის ბოთლს გამოვართმევდით ბებიას... რომელსაც ეხლა ვინ იცის როგორ უჭირს. არა, ეს გაჭირვებაც არ არის, ეს არც ჯოჯოხეთია... განა სიტყვას ყველა მდგომარეობის აღწერა შეუძლია? ხუთი პატარა სიცოცხლე წავიდა და მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ტვინი არ ჩერდება, სვამს კითხვებს რატომ? რატომ? რატომ?

ამ ტრაგედიას ბევრი ქვეტრაგედია აქვს... ბევრი ტრაგიკული გმირით... ერთი წამით თვალი დახუჭეთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც შვილები გყავთ... დახუჭეთ და დაინახეთ ოთახი ხუთი პატარა სიცოცხლით, მშვიდი ძილით რომ ძინავთ, მერე წარმოიდგინეთ ცეცხლით აალებული ოთახები სახლი და ხუთი ბავშვის უსუსური თვალები, პატარა ხელებითა და ფეხებით რომ ცდილობენ დაეხსნან ცოცხლად დაწვას... გესმით მათი გამალებული გულისცემა, ყველაზე ხმამაღალი აქამდე გაგონილი ხმებიდან? და ბოლოს, წარმოიდგინეთ ოთახი, სადაც სიჩუმეთაგან ყველაზე გამაყრუებელი სიჩუმეა გამეფებული, სადაც ხუთმა გულმა ძგერა სამუდამოდ შეწყვიტა, აღარ არის შიში, მაგრამ აღარც სიცილია, აღარაფერი აღარ არის...

ეხლა წარმოიდგინეთ ბებია, ადამიანი, რომელსაც უბრალოდ შეეშალა სამუდამოდ და საბედისწეროდ... რომელსაც ტალახიც მოხვდება, მაგრამ რა არის ეს ტალახი იმ ტკივილთან რასაც ეხლა განიცდის. რა ქვია ზოგადად ადამიანის მდგომარეობას, რომელიც ხუთ ყველაზე საყვარელ და დაუცველ არსებას კარგავს ერთდროულად და თანაც საკუთარი მიზეზით? არ ვიცი და ღმერთო, გთხოვ, არასოდეს გამაგებინო...

დედა? მამა? ხუთი ორსულობა, ხუთი მშობიარობა, ხუთჯერ განდილი პირველი ჩახუტება, ხუთი პირველი სიტყვა, ხუთჯერ გადადგმული პირველი ნაბიჯი.. ხუთჯერ ბევრი სიყვარული... ხუთი სიკვდილი და არცერთი გადარჩენა... ისევ წამის უკან გადახვევის სურვილი და ერთი ბოლო ჩახუტების მოსწრება, მათთან ერთად იქ ყოფნის შესაძლებლობა მაინც საერთო დასასრულამდე..


დაივიწყეთ წაკითხვისთანავე... ფიქრებს გაგიჟება შეუძლიათ... ფიქრებს ხანდახან დაკეცვა და შენახვა უნდა სადღაც სულ უკან, ბოლო უჯრაში... გვაპატიეთ პატარებო, გვაპატიეთ ტრაგედიის გმირებო, ხვალინდელ დღეს ძალიან ვეცდები თქვენზე აღარ ვიფიქრო, რადგან არ მინდა, არ მინდა ვიცოდე რა ქვია ამ მდგომარეობას, თქვენმა წასვლამ რომ მოიტანა ჩემს გულში...image

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუ
თაზუ
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0