საქართველო ამერიკელი მზვერავის მკვლელობა საქართველოში 29 ნოემბერი, 8:00 1993 წლის 8 აგვისტოს ანანურიდან თბილისისაკენ მანქანით მომავალი ამერიკელი “დიპლომატი“ ფრედერიკ რასელ ვუდროფი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ვუდროფის სიკვდილი თავიდანვე უბედურ შემთხვევად და არა წინასწარ ქმედებად გამოცხადდა.
საქართველოში ძალზე სერიოზული და მრავალმხრივი მიზნით ჩამოსული მაღალი რანგის ოპერატიული თანამშრომლის ბრმა ტყვიით შემთხვევითი მკვლელობა თავიდანვე დაუჯერებელი ჩანდა. ბევრი ექსპერტი და ჟურნალისტი მკვლელობაში ბრალდებულ და 15 წლის მანძილზე ციხეში მყოფ ანზორ შარმაიძეს ამჟამადაც უდანაშაულოდ მიიჩნევს. მათი აზრით, გამოძიების პროცესში ბევრი საყურადღებო ფაქტი და დეტალი გაყალბდა ან უბრალოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა მხედველობაში არ მიიღეს. აშკარად უნდა ითქვას, რომ მართლაც ბევრ ლოგიკურ კითხვაზე დღემდე არაა დამაჯერებელი პასუხი გაცემული. თუნდაც, რომელ საათზე მოხდა მკვლელობა? რატომ განვითარდა გვამის სწრაფი გაშეშება? რატომ ვერ იპოვა თავიდანვე ამერიკელმა ექსპერტებმა ტყვიის გულას კვალი “ნივაში“? რატომ არ აღმოჩნდა გულას ფრაგმენტი არც ვუდროფის სხეულში და არც ავტომობილის სალონში? რა ტრაექტორიით და რა მანძილიდან ისროლეს? რატომ არ ამოიღეს მკვლელობის მოწმეების ტანსაცმელი? რატომ განსხვავდება მკვლელობის მოწმეების ჩვენებები აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტების დასკვნისგან? როგორ მოხვდა მიდევნებული ტყვია კეფაში ვუდროფს, თუ ის შემოტრიალებული იყო და იარაღიანი ხალხისკენ იყურებოდა? ასე, რომ ფრედ ვუდროფის მკვლელობის საქმეში ბევრ კითხვას მოწმეთა არეული ჩვენებები და ბალისტიკურ ექსპერტიზასთან დაკავშირებული საკითხები იწვევს.
ანზორ შარმაიძე, რომელიც წლების მანძილზე არ აღიარებდა დანაშაულს და საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვდა, მხოლოდ 2008 წლის შემოდგომაზე გაათავისუფლეს. ბუნებრივია, დიდ ინტერესს იწვევს სიმართლის გარკვევა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძნელია იმის თქმა, რა მდგომარეობაშია და არსებობს თუ არა ნივთმტკიცებები. უცნობია, სად იმყოფებიან ან საერთოდ ცოცხალი არიან თუ არა ძირითადი მოწმეები (უპირველესად ის ორი ქალი, რომლებიც გამოძიების მტკიცებით იმ “ნივაში“ ისხდნენ, სადაც ვითომდა ვუდროფი მოკლეს). ამიტომ ძალზე ნაკლები შანსია სიმართლის სრული დადგენა. თავად შარმაიძის ალაპარაკება ბევრს არ აძლევს ხელს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რადგან ამ კაცმა შეიძლება ბევრი დეტალი და ნიუანსი გაიხსენოს, რაც თავდაყირა დააყენებს ამ თეთრი ძაფით შეკერილ საქმეს. შემთხვევითი არ იყო, რომ 2003 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში საქართველოს მაშინდელი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე აცხადებდა, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს არავის აძლევს ხელს შარმაიძის ციხიდან გამოსვლა, რადგან სიმართლე გაირკვევაო.
ვუდროფის საქმის გამოძიება, რომ თეთრი ძაფითაა შეკერილი ეჭვი არ არის, ხოლო თავად მკვლელობა ნაჩქარევად დაგეგმილისა და ჩატარებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. დღემდე აუხსნელია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ მისი ხელისუფლების დასახმარებლად ათასობით კილომეტრიდან ჩამოსული კაცის მკვლელობის საქმე ბოლომდე არ მიიყვანა და აშკარა შეუსაბამო და გაყალბებული “მტკიცებულებები“ დაიჯერა?
მკვლელობიდან ერთი დღის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ფრედ ვუდროფის ოჯახს ოფიციალური სიმძიმრის წერილი გაუგზავნა, რომელშიც ვკითხულობთ: “ძვირფასო ქალბატონო ვუდროფ, ამ მწუხარების დროს ძნელია მოძებნო ნუგეშის სიტყვები და შეუმსუბუქო ადამიანს ტანჯვა. მე მაინც გადავწყვიტე, ჩემო ძვირფასო, გამოგიგზავნოთ თქვენ ეს მცირე წერილი და ჩემი ხალხის სახელით გამოვხატო მწუხარება ფრედის გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, ეს იყო ბრმა შემთხვევა. ფრედი საქართველოში ჩამოვიდა როგორც ჩემი ქვეყნის მეგობარი და მუდამ ასეთად დარჩება ქართველების ხსოვნაში. ღრმა პატივისცემითა და თანაგრძნობით ედუარდ შევარდნაძე. 10.08.93 წ“. გასაოცარია, მკვლელობიდან სულ ერთი დღე იყო გასული, გამოძიება ფაქტობრივად არც კი დაწყებულიყო, რომ საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირმა მიითვისა გამოძიებისა და სასამართლოს პრეროგატივა და მკვლელობას “ბრმა შემთხვევის“ კვალიფიკაცია მისცა. რა სახისა და ვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს ეყრდნობოდა შევარდნაძე, როდესაც მკვლელობის გამოძიებას თავიდანვე ასეთი მიმართულება მისცა? გააზრებული ჰქონდა თუ არა მაშინ მას, რომ ამ ორი სიტყვით – “ბრმა შემთხვევა“ დამნაშავეებს ხელს აფარებდა და ვიღაც, სრულიად უდანაშაულო პირს ხანგრძლივი პატიმრობისთვის წირავდა? შევარდნაძის “ჯიბის“ პროკურორებისთვის და მინისტრებისთვის ეს იყო პირდაპირი ბრძანება და მათაც ყველაფერი უნდა ეღონათ, რომ შევარდნაძის შეკვეთა შეესრულებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ მცირე, უმუშევრობა ემუქრებოდათ. ამიტომაც არის, რომ მკვლელობიდან ათი წლის შემდეგ, 2003 წელს, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ვახტანგ გვარამიამ, ვის უშუალო ზედამხედველობაშიც მკვლელობის გამოძიება იყო, ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ “ბრმა შემთხვევის“ ვერსიის გარდა სხვა ვერსიებზე არც გვიფიქრია, იმდენად ნათელი იყო ყველაფერიო. ძალიან საშიში მითია, თითქოს ქვეყნის დამოუკიდებლობა სრულ თავისუფლებას ნიშნავდეს, თითქოს დამოუკიდებელ ქვეყანას შეუძლია მხოლოდ საკუთარი სურვილით განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა და თითქოს ყველა სხვა ქვეყანა ვალდებულია პატივი მიაგოს მის სუვერენიტეტსა და შესაბამისად მის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებებს. პოლიტიკური განცხადებების დონეზე ეს მართლაც ასეა, მაგრამ რეალურად სხვა ვითარებაა. ილიასეული სიტყვების "ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნესო“ ბუკვალური და პრიმიტიული გაგება, თითქოს სახელმწიფო თავისუფალია ყველა თავის ქმედებაში და პასუხს არ აგებს სხვა სახელმწიფოთა წინაშე, დამანგრეველია ქვეყნისათვის და განუხორციელებელ იმედებს უსახავს ადამიანებს. სინამდვილე კი ბევრად უფრო მკაცრია: ყველა ქვეყანამ თავისი საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების, არამედ სხვა ერების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებითაც. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დამოუკიდებლობა და არსებობა საფრთხის წინაშე დადგება. მხოლოდ ის სახელმწიფოები რჩებიან დიდი ხნის მანძილზე პოლიტიკურ რუკაზე, ვისი არსებობა საჭიროა არა მხოლოდ თავისი მოსახლეობისათვის, არამედ სხვა სახელმწიფოებისათვის, უწინარესად ზესახელმწიფოებისა და მეზობლებისათვის.
დამოუკიდებლობა აღდგენილმა საქართველომ, თავისი ეროვნული ხელისუფლებით ცოტა ხანს იარსება. შიდა და გარე ანტისახელმწიფოებრივმა ძალებმა დაამხეს ზვიად გამსახურდიას მთავრობა და სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე შევარდნაძე მოიყვანეს. როგორც ცნობილია დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დამყარდა 1992 წლის 23 აპრილს. ოფიციალური ვაშინგტონის მიერ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების დღიდან აშშ-მა საქართველოს დიდი პოლიტიკური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. სწორედ ამ პროცესების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ რაც დრო გადის, უფრო მყარდება აზრი, რომ ვუდროფის მკვლელობა არ იყო რიგითი შემთხვევა, ის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან საქართველოს ტერიტორია მაშინ პირველად გახდა ორი ზესახელმწიფოს ფარული დაპირისპირების არენა. რატომ არის ეს მკვლელობა კვლევ აქტუალური? იმიტომ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში დანაშაულის ფაქტების გაყალბებით “დადასტურებულია“, რომ მკვლელობისა და “თვითმკვლელობის“ შემთხვევებს ერთი ხელწერა აქვთ, რაც მრავალჯერ განმეორდა და გამორიცხული არ არის მომავალშიც განმეორდეს. საქართველოს სასიკეთოდ ჩამოსული ამერიკელი მზვერავის, ფრედ ვუდროფის მკვლელობამ დიდად შეაფერხა აშშ-საქართველოს სამხედრო და სპეცსამსახურების თანამშრომლობა. ჩვენს ქვეყანაზე თავს დამტყდარ ბევრ უბედურებას შესაძლებელია სათავე სწორედ ვუდროფის მკვლელობის შემდეგ დაედო. ფრედ ვუდროფის მკვლელობაზე გამოქვეყნებული მრავალი პუბლიკაციის მიუხედავად, ამ პიროვნების შესახებ ძალზე ცოტა რამაა ცნობილი. ბუნებრივიცაა, რადგან მზვერავის ბიოგრაფია დიდი საიდუმლოებაა. ფრედერიკ რასელ ვუდროფი დაიბადა 1947 წლის 14 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არკანზასის შტატის პატარა ქალაქ სერისში, რომელიც შტატის დედაქალაქ ლითლ-როკიდან სულ რაღაც 50 მილის მანძილზე მდებარეობს. მამამისი ჰარდინგ-უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ფრედმა ამ უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. საინტერესოა, რომ ამ პატარა, კერძო უნივერსიტეტმა 90-იანი წლების ბოლოს ლექციების წასაკითხად მიიწვია საბჭოთა “პერესტროიკის მამა“ მიხეილ გორბაჩოვი და საკმაოდ დიდი ჰონორარიც გადაუხადა. ვუდროფი 1971 წლიდან მსახურობდა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში. იცოდა რამდენიმე უცხო ენა, მათ შორის – რუსულიც. ფრედი, ისევე როგორც ბევრი ამერიკელი მზვერავი, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში კონტრდაზვერვიდან, ანუ გამოძიების ფედერალური ბიუროდან 30 წლის ასაკში მივიდა. ამ დროისათვის ის უკვე გფბ-ს გამოცდილი სპეციალური აგენტი იყო, რომელმაც ნარკომაფიასა და ტერორიზმთან ბრძოლაში თავი გამოიჩინა.
1978 წლიდან სახელმწიფო დეპარტამენტის შტატში ირიცხება და სადაზვერვო მისიას ასრულებს. დიპლომატიის საფარქვეშ მუშაობდა ანკარაში, ადისაბებაში, ხარტუმსა და ლენინგრადში. ვუდროფისთვის საქართველოში მივლინება დაწინაურება იყო – ის ოპერატიული დირექტორატის კასპიის დეპარტამენტის საქართველოს სექტორის (“სადგურის“) უფროსად დაინიშნა. აშშ-ის საელჩოში კი პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლად ირიცხებოდა. ცსს-ში მოქმედი წესის თანახმად, ოპერატიული თანამშრომელი 60 წლის შესრულების შემდეგ აუცილებლად უნდა გავიდეს თადარიგში. ფრედი კი ჯერ 46 წლის იყო და წარმატებული კარიერა წინ ჰქონდა. თუმცა მისი მისია საქართველოში, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ურთულესი აღმოჩნდა. რუსეთმა იმპერიული ამბიციები ჯერ კიდევ ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს გამოიჩინა. თავიდან ფარულად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ნატოს გაფართოებას. რუსეთის არმიისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს აღიზიანებდათ ამერიკის თავდაცვის უწყებისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მცდელობა, დაემყარებინათ ოფიციალური და მეგობრული კონტაქტები საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებთან. რუსეთის ფედერაცია 90-იანი წლების დასაწყისში თავად დაშლის პირას იყო და თან სხვა, უკვე დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიებს ეპოტინებოდა. საკუთარი ინტერესების ზონად რუსეთის ხელისუფლებას კვლავ ნახევარი მსოფლიო მიაჩნდა და ყველა ხერხით ცდილობდა იანკებისთვის ხელის შეშლას, რისთვისაც ყველანაირ, ფარულ და აშკარა პროვოკაციაზე მიდიოდა. რუსეთის სპეცსამსახურები მაშინაც და ახლაც საბჭოთა კა-გე-ბეს მეთოდებით მოქმედებენ, პოლიტიკურ მკვლელობებსა და ტერორისტულ ოპერაციებზეც არ ამბობენ უარს და პრინციპი “მიზანი ამართლებს საშუალებას“ კვლავ მათი მოქმედების კრედოა. იმ პერიოდიდან საქართველოს უშიშროების სტრუქტურები რუსული სპეცსამსახურების ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. პარალელურად აშშ-ის სპეცსამსახურებიც ცდილობდნენ პოზიციების გამყარებას, რაც თანდათან ფარულ საკადრო დაპირისპირებაში გადაიზარდა. 1993 წლის ზაფხულის დასაწყისში აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამერიკა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე მიმდინარე ეთნიკურ კონფლიქტებში დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობას სთავაზობდა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი, 1993 წლის 6 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მოთხოვნით მიიღო რეზოლუცია ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე დამკვირვებლების გაგზავნის შესახებ. აშშ-ის ადმინისტრაცია იწყებდა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების რეალურ და არა მოჩვენებით პროცესს. შეიძლება ითქვას, რომ თუ ეს პოლიტიკა მოქმედებაში მოვიდოდა, დღეს ოკუპირებული რეგიონები აღარ იქნებოდა! პარალელურად აშშ-ის სპეცსამსახურები ცდილობდნენ თანამშრომლობა დაეწყოთ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან. შევარდნაძის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ქართველების ორმოცდაათკაციანი სპეცრაზმი ამერიკაში მოამზადეს და იმ დროისათვის თანამედროვე იარაღითა და ეკიპირებით აღჭურვეს. ფრედ ვუდროფიც იმიტომ იყო ჩვენთან მოვლინებული, რომ უფრო კარგად გარკვეულიყო ოპერატიულ მდგომარეობაში და დახმარებოდა ქართველ კოლეგებს. აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს განიხილავდა, როგორც სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ (უპირველესად კი ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ახალი პროექტების) პროცესებში აქტიურად მონაწილეობის პლაცდარმს. ყოველივე ამის შედეგად კი რუსეთი დაკარგავდა ამ ქვეყნებზე ზემოქმედების მძლავრ ბერკეტს, კრემლი კი ამას არ დაუშვებდა. რუსეთის (მანამდე კი საბჭოთა) სპეცსამსახურებს კარგად აქვთ შესწავლილი რიგითი ამერიკელის (თუ ევროპელის) ბუნება და იციან, რომ ისე არაფერი აღიზიანებს პატრიოტ ამერიკელს, როგორც მშვიდობიან პერიოდში ცხრა მთას იქით თანამემამულის (მით უფრო დიპლომატისა და მზვერავის) მკვლელობა. ყველამ იცის რომ ამერიკელი ამომრჩეველი ხმას არ მისცემს იმ პოლიტიკურ პარტიასა და ადმინისტრაციას, რომელიც საკუთარი მოქალაქის სიცოცხლეს ვერ დაიცავს. ამიტომაც საჭირო იყო “საჩვენებელი მკვლელობა“, რათა ამერიკელებს ცხვირი აღარ შემოიყოთ რუსეთის ეროვნული ინტერესების ზონაში. ალბათ, შემთხვევითი არ იყო, რომ ამ მკვლელობის შემდეგ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში ბევრი უკვე სპექტიკურად უყურებდა და მიუღებლად თვლიდა საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების დაცვას. მათ საფიქრალი და საზრუნავი ევროპაშიც ბევრი ჰქონდათ, – ყოფილი იუგოსლავია ცეცხლის ალში იყო გახვეული და საქართველო, რომლის არსებობა ბევრმა ამერიკელმა არც კი იცოდა და, სადაც ამერიკელ დიპლომატებს მთვრალი ჯარისკაცები ხოცავდნენ, უკვე ზედმეტი თავსატეხი და არასასურველი რისკის ზონა აღმოჩნდა. ასევე ფიქრობდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებიც. ამიტომაც მიზანშეწონილად ჩათვალეს ჩვენი ქვეყნისთვის დახმარება მხოლოდ საფინანსო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. საერთაშორისო სკანდალის შემდეგ, რაც ვუდროფის მკვლელობას მოჰყვა, ბევრი ჩვენი მეგობარი დაფრთხა და ფაქტობრივად, საქართველო კვლავ რუსეთს დაუტოვა საჯიჯგნად. მტერსაც სწორედ ეს უნდოდა. როგორც ავღნიშნეთ საქართველოში ძალზე ძლიერი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის, მაშინ უკვე რუსეთის სპეცსამსახურების (კა-გე-ბე და გე-ერ-უს) პოზიციები. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები მათი აგენტურით იყო გადავსებული. საქმე იქამდე მივიდა, რომ ისინი უკვე მოსკოვის დავალებით ერთმანეთის საიმედოობას აკონტროლებდნენ. ამავე დროს იყო ძალზე მძაფრი ფარული დაპირისპირება – რუსეთის საგარეო დაზვერვის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეფ-ეს-ბეს ქართველ აგენტებს შორის. ყველა ცდილობდა კრემლისთვის კონკურენტზე მეტად მოეწონებინა თავი და საქართველოში უფრო მაღალი პოსტი დაეკავებინა. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი რგოლის, – უშიშროების სისტემის ფაქტობრივი არარსებობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი ყველა იმ უბედურებისა, რაც 1991 წლიდან საქართველოს თავს დასტყდომია. ამას მეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებმაც მძლავრად „წაახმარეს“ ხელი. მათ კარგად შეისწავლეს ქართული გენის სიღრმეში მიმალული უმნიშვნელო სისუსტეები და ძველი-ახალი ცოდვაშეცდომები. ალბათ, მსოფლიოში არ არის ქვეყანა, სადაც სადაზვერვო და ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა ასე იოლი იყოს, როგორც საქართველოში. დანა რომ კარაქს ჭრის, ისე თამაშ-თამაშ მოქმედებდნენ და მოქმედებენ ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები. შედეგადაც მათ სამხრეებზე ვადამდელი „ვარსკვლავთცვენა“ და ჯილდოები არ აყოვნებდა.
1991 წელი ეროვნული ხელისუფლების მმართველობის ერთადერთი სრული წელი იყო. გარდა იმისა, რომ ეს წელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთერთი ტრაგიკულია (იმ მოვლენებმა რამდენიმე ათწლეულით უკან დასწია საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება), სწორედ ამ პერიოდში დაიწყო უშიშროების სისტემის ნგრევა. ამ დამანგრეველ პროცესში შეგნებულად თუ შეუგნებლად დიდი უარყოფითი მუხტი შეიტანა მაშინდელმა ხელისუფლებამაც. „სუკისა“ და „კრემლის აგენტების“ ძახილმა, უშიშროების ორგანოების ხელაღებულმა განქიქებამ, ამ სისტემის ძველი, გამოცდილი თანამშრომლებიდან ეროვნული სულისკვეთების კადრების არშერჩევამ და მხოლოდ ახალგაზრდა, ძირითადად, გამოუცდელ მუშაკებზე დაყრდნობამ ძირშივე მოსპო ახალი, ქართული სპეცსამსახურების შექმნის შანსი (იგივე შეცდომა განმეორდა “ვარდების რევოლუციის“ შემდეგაც). 1991 წლის ტრაგიკული მოვლენების დროს დაწვეს და გაანადგურეს უშიშროების არა მარტო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, არამედ (რაც ყველაზე მეტად გვჭირდება დღეს) არქივების ნაწილი (აგენტურის ოპერატიული აღრიცხვის საქმეები, მოქმედი სპეცკონტინგეტის სია – ფსევდონიმების მითითებით, აგენტურასთან კავშირის ხერხები, არქივული ოპერატიული აღრიცხვის საქმეების ოპერატიულ-საცნობარო კარტოთეკა, ფარული ლეგენდების გასაღებები, საფარი დოკუმენტების სია, შიფრები, შიფრტექნიკა და ა.შ.) უშიშროების სამინისტროს ზოგიერთი თანამშრომლის ხელშეწყობით რუსეთის სპეცსამსახურებმა გაიტანეს.
მეორე რესპუბლიკის (ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდი) გამოცხადების პირველი წუთებიდანვე ჩვენი ქვეყნის ყველაზე საიდუმლო გეგმებიც კი მოწინააღმდეგისათვის უსწრაფესად იყო ცნობილი. ან რატომ და როგორ ხდებოდა, რომ ხშირად ეს გეგმები, სავარაუდოდ, ჯერ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში დამუშავებული და შემდეგ ჩვენი მთავრობის რომელიმე წევრის ფაქსიმილეთი დამშვენებული "სრულიად საიდუმლო“ გრიფმიღებული, ნორმატიული, ანუ სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტის ძალას იძენდნენ?
საქართველოს უშიშროების სისტემის ნგრევას ყველაზე მეტად საკადრო ცვლილებები უწყობდა ხელს. საკადრო ციებ-ცხელებასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ არასტაბილურობას კარგი არაფერი მოუტანია საქართველოს უშიშროების სისტემისათვის. იმ პერიოდში საქართველოში მოქმედი კანონიერი და უკანონო სამხედრო ფორმირებების ფონზე უშიშროების სისტემა აშკარა აუტსაიდერი იყო და მისი თანამშრომლები ყოველმხრივ შევიწროებული იყვნენ. აფხაზეთის ომში უშიშროების ბევრი თანამშრომელი ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა, ბევრი მათგანი გმირულად დაიღუპა. დამარცხების შემდეგ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა აშკარად პრორუსული გახდა, რასაც დსთ-ში შესვლის გარდა, ედუარდ შევარდნაძის საკადრო პოლიტიკაც ადასტურებს. მაგალითად, – 1993 წლის 11 ოქტომბერს, ფაქტობრივად ომში მყოფ ქვეყანაში ორ უმნიშვნელოვანეს პოსტზე – უშიშროებისა და შსს-ს მინისტრებად, შესაბამისად, იგორ გიორგაძე და შოთა კვირაია დაინიშნენ. ექვსი თვის შემდეგ, 1994 წლის 26 აპრილს, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის სასიცოცხლო – თავდაცვის მინისტრის პოსტი მაშინდელმა პრეზიდენტმა ვარდიკო ნადიბაიძეს ჩააბარა. სამივე გენერლის მჭიდრო კავშირი რუსეთთან არც მაშინ და არც ახლა სკოლის მოსწავლეებშიც არ იწვევს ეჭვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სპეცსამსახური კარგად ორგანიზებულ ბანდიტურ დაჯგუფებად იქცა, სადაც საქმის გარჩევები, მოტაცებები და ჩაცხრილვები ჩვეულებრივ და ყოველდღიურ მოვლენას წარმოადგენდა. ამ “ბანდას“ ჰყავდა ძალზე მკაცრი მეთაური (“კომანდოსი“), რომელიც ამ გზით მიღებული თანხების ნაწილს მინისტრის ერთგული დანაყოფების გაძლიერებას, აღურიცხავი იარაღისა და და ოპერატიული ტექნიკის შეძენას ახმარდა, ხოლო დანარჩენს ერთგულ კადრებს უნაწილებდა. პარალელურად უშიშროების სისტემა კვლავ დატოვეს პატრიოტმა და პროფესიონალმა კადრებმა. აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ უმაღლეს დონეზე მომზადებული რამდენიმე ათეული ქართველი ინსტრუქტორიდან, გიორგაძისა და კვირაიას მინისტრობის პერიოდში, ზოგი დაიჭირეს, ზოგი ფიზიკურად გაანადგურეს, ხოლო ზოგი სამსახურიდან გააგდეს. ეს პერიოდი იმითაც არის საყურადღებო, რომ მაშინდელი მინისტრი კვირაია არ მალავდა თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან. ის პრესაში ამაყად აცხადებდა, რომ რუსეთის ეფ-ეს-ბეს დირექტორთან ისეთი ახლო მეგობრობა აკავშირებდა, რომ ნიკოლაი პატრუშევს სულ ზეპირად სცოდნია კვირაიას კაბინეტი და თურმე ისიც კი, თუ რამდენი და რა ფერის თევზები ჰყოლია საქართველოს უშიშროების “ფხიზელ“ შეფს აკვარიუმში. კომენტარი მართლაც ზედმეტია.
ასე რომ, ვუდროფი საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა, როცა ქვეყანა სისხლისგან იცლებოდა – რუს იმპერიალისტებსა და აფხაზ სეპარატისტებთან ომს, ადგილობრივი ფინანსური წურბელების მიერ ორგანიზებული და ჭიაკოკონასავით გაჩაღებული ინფლაცია, კუპონის კატასტროფული გაუფასურება და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი დაემატა. ქვეყანაში შეიარაღებული ბანდები დაძრწოდნენ. საქართველო კრიმინალურ ქაოსს მოეცვა. ამიტომ ვუდროფის მისია არ ჰგავდა გასეირნებას უცნობ, ეგზოტიკურ ქვეყანაში. სამწუხაროდ, როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, ფრედმა სრულად ვერ გაითვალისწინა არსებული საფრთხე და ვერც ქართველმა კოლეგებმა შეძლეს მისი გადარჩენა. ვუდროფის მკვლელობის მიზეზი შესაძლოა მისი ინფორმირებულობაც გახდა. ის თითქმის 30 წელი კონტრდაზვერვასა და დაზვერვაში მუშაობდა და დიდი გამოცდილება ჰქონდა. ამიტომაც მან სწრაფადვე გაშიფრა საქართველოს ხელისუფლებაში ლაღად მოქმედი რუსეთის აგენტურა, რაც საბოლოოდ მისი მკვლელობის მიზეზი გახდა. ათასობით კილომეტრიდან ჩვენს დასახმარებლად ჩამოსული კაცი მალევე მიხვდა, რომ ყველა საიდუმლო სამხედრო თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება (უპირველესად აფხაზეთთან დაკავშირებული) წინასწარ იყო გაყიდული. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროს სხვადასხვა სტრუქტურაში ჩვენდა საბედნიეროდ მუშაობდა პატრიოტი და პროფესიონალი ხალხიც, რომლებთანაც ერთად ვუდროფი მალე გაერკვა რეალურ სიტუაციაში. მისდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ ქვეყანას ფაქტობრივად რუსეთის აგენტურა მართავდა. რუსეთის „მეხუთე კოლონა“ ყველა სფეროში იყო ფეხმოკიდებული.
1993 წლის გვიან შემოდგომაზე თურქეთის ერთერთ კურორტზე ამერიკის დაზვერვის ეგიდით ჩატარდა ნარკოტიკების ტრანზიტის წინააღმდეგ მიმართული შავი ზღვის აუზის ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ამერიკის დაზვერვის მაღალჩინოსანი ოლდრიჩ ეიმსი იყო. საინტერესოა, რომ ეს კონფერენცია თბილისში უნდა გამართულიყო და ეიმსი ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად 1993 წლის ივლისის ბოლოს საქართველოში იმყოფებოდა. ის შევარდნაძესა და საქართველოს სპეცსამსახურების ხელმძღვანელებსაც შეხვდა. ამერიკელი მზვერავი ოლდრიჩ ჰეიზენეიმსი იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი. „ნიუიორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია:
„სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ვუდროფი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცერს ოლდრიჩ ეიმსს შეხვდა. “ ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ორმა ამერიკელმა – ეიმსმა და ვუდროფმა პიკნიკი მოაწყვეს ბუნებაში, ყაზბეგთან ახლოს. ვუდროფის საყვარელ ადგილას – ანანურის ციხესთან დიდხანს შეჩერდნენ და ფოტოსურათები გადაიღეს. ისინი 70-იანი წლების ბოლოდან იცნობდნენ ერთმანეთს. გარდა იმისა, რომ ერთ „კანტორაში“ – ცენტარულ სადაზვერვო სააგენტოში მუშაობდნენ, საერთო ისიც ჰქონდათ, რომ ორივე ბახუსისა და ამურის ღმერთებს უდრეკდა მუხლს. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ იმავე გზაზე ფრედ ვუდროფს მოკლავენ. დამთხვევაა? საეჭვო ფაქტია, რომ 1993 წლის ზაფხულში საქართველოში ყოფნისას ვუდროფმა გაცილებით დიდი საიდუმლო შეიტყო ვიდრე ჩვენს ქვეყანაზე გამავალი ნარკოტიკების ტრანზიტული გზებია. მისი სიცოცხლე აშკარა საფრთხეს უქმნიდა ვიღაცას. ამიტომაც გადაწყდა სასწრაფოდ ვუდროფის ლიკვიდაციის ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება.
ვუდროფმა საიდუმლო ინფორმაცია ოლდრიჩ ეიმსს გაანდო. საფიქრებელია რომ ეს არაფორმალურ ვითარებაში მოხდა, რადგანაც იმ დროს ვუდროფი ეიმსის საკურატორო სფეროში (ნარკოტრანზიტთან ბრძოლა) მხოლოდ ნაწილობრივ შედიოდა. ეიმსი კი, როგორც მოგვიანებით გაირკვა აღმოჩნდა ამერიკელი მზვერავის „ქურქში გახვეული“ რუსეთის უმნიშვნელოვანესი აგენტი. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე „ძვირადღირებული“ აგენტი საბჭოთა კავშირისა და შემდეგ რუსეთის ფედერაციისათვის იყო ეიმსი. 80-იან წლებში ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც დაკავშირებული იყო განქორწინებასა და ქალებთან ურთიერთობის პრობლემებით. სიტუაციიდან თავის დაღწევის მიზნით, 1985 წლის 16 აპრილს გამოცხადდა ვაშინგტონის საბჭოთა საელჩოში. მან დაცვის თანამშრომელს გადასცა კონვერტი, რომლშიც იდო შემდეგი შინაარსის წერილი: „მე, ოლდრიჩ ეიმსი ვმუშაობ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსად. ნიუ-იორკში ვმსახურობდი ენდი რობინსონის ფსევდონიმით. მჭირდება 50 ათასი დოლარი, რის სანაცვლოდ გადმოგცემთ ინფორმაციას სამი აგენტის შესახებ, რომელთა გადმობირების პროცესს ვაწარმოებთ საბჭოთა კავშირში“.
ეიმსს შეხვდა საბჭოთა კავშირის რეზიდენტი ვიქტორ ჩერკაშინი, რომელმაც ეიმსისაგან მრავალი საიდუმლო ინფორმაცია მიიღო. „თხუნელამ“, როგორც მოღალატე აგენტებს უწოდებენ გასცა გრუ-სა და სუკ-ის 25 აგენტი, რომლებიც ამერიკელებისთვის მუშაობდნენ. ზოგიერთი მათგანი რუსებმა სიკვდილით დასაჯეს, რის გამოც ეიმსს აშშ-ში ზედმეტსახელად „სერიული მკვლელი“ უწოდეს.
თანამშრომლობის ცხრა წლის განმავლობაში ეიმსმა დააგროვა 4 მილიონი დოლარი. 1993 წლის ბოლოს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადგინეს, რომ იტალიის დედაქალაქიდან დაბრუნებულმა ეიმსმა ვაშინგტონის გარეუბანში შეიძნა 540 ათას დოლარად კოტეჯი, ხოლო მისი მეორე მეუღლე მარია დელ როსარიო ორი აპარტამენტისა და ფერმის მფლობელი გახდა. გარდა ამისა „ოფიცერმა“ იყიდა ახალი „იაგუარი“ და ანტიკვარული ნივთები, რაშიც გადაიხადა 455 ათასი დოლარი. ასევე, 165 ათასის აქციები. სწორედ, ასეთი სიხარბე გახდა ეიმსის ჩავარდნის მიზეზი. ამასთან ერთად ზემოაღნიშნულმა სტრუქტურებმა ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ ეიმსის საბანკო ანგარიშები იზრდებოდა მაშინ, როდესაც ის ხვდებოდა საბჭოთა მხარის წარმომადგენლებს. 1994 წლის თებერვალში ეიმსი დააპატიმრეს. მან დამნაშავედ ცნო თავი ბრალდების ყველა პუნქტში. სასამართლომ მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა შეწყალების გარეშე.
დავუბრუნდეთ ისევ იმ ფაქტს, როდესაც ეიმსი სრულიად საიდუმლო ინფორმაციას გაეცნო საქართველოს შესახებ. წარმოვიდგინოთ რუსეთის აგენტის შეშფოთება – ვუდროფის მუშაობა დიდ საფრთხეს უქმნიდა მისი პატრონისა და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს და აგენტურულ ქსელს. სავარაუდოა, რომ ეიმსმა თბილისშივე გადასცა რუსეთის საგარეო დაზვერვას (ვისთანაც იყო ოპერატიულ კავშირზე) ეს ინფორმაცია. ვუდროფის მოცილება მოსკოვში დაიგეგმა, სცენარი იქ დაიწერა, შემსრულებლები კი საქართველოში იყვნენ. თუ კარგად გავიაზრებთ ვითარებას, გასაგები გახდება საიდუმლო ოპერაციის მიზანი. სად უფრო იოლი იქნებოდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ბევრი საიდუმლოების მცოდნე თანამშრომლის მკვლელობა, პოლიციელებითა და სპეცაგენტებით ყოველთვის გაძეძგილ ვაშინგტონში, თუ იმდროინდელ საქართველოში? როგორც აღინიშნა, ვუდროფის მკვლელობის გადაწყვეტილება მოსკოვში სწრაფად მიიღეს და ლიკვიდაციის გეგმის შესამუშავებლად საქართველოში სპეც ჯგუფი მოავლინეს. რუსეთის რომელი უწყება იდგა ამ ოპერაციის უკან? სავარაუდოდ, ეს იყო რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (რომელსაც მაშინ საქართველოს „დიდი მეგობარი“, „პლეხანოველი“ ევგენი პრიმაკოვი ხელმძღვანელობდა) ან რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (რომელსაც 1992-1997 წლებში გენერალ-პოლკოვნიკი ფიოდორ ლადიგინი ედგა სათავეში). შესაძლებელია რუსეთის ორივე სპეცსამსახური ერთობლივადაც მოქმედებდა. ორივეს საქართველოში დიდი დასაყრდენი ძალა ჰყავდა. განსაკუთრებით კი, სპეცსამსახურებსა და ძალოვან უწყებებში.
დავიწყოთ კვლავ იქიდან, რომ ფრედ ვუდროფი თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. მკვლელობა მოხდა იმ დროს, როდესაც იგი შევარდნაძის დაცვის ხელმძღვანელთან, ელდარ გოგოლაძესთან და ორ გოგონასთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნებიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. გვერდით მას ბარმენი მარინა ეჯდა. სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ახალგაზრდებმა მათ გზა გადაუღობეს და გაჩერება მოსთხოვეს. გოგოლაძე არ დაემორჩილა, რის შემდეგაც მოხდა ერთი გასროლა. უკანა სკამზე მჯდომ ვუდროფს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. თავიდანვე გაჩნდა მტკიცებულება, რომ გასროლა მოხდა 21 წლის ანზორ შარმაიძის მიერ.
ვუდროფის მკვლელობა ერთი კვირა მსოფლიოს მთავარი სენსაცია იყო – ამერიკის და ევროპის მასმედიაში დაწვრილებით შუქდებოდა მკვლელობის დეტალები. მთავარი სკანდალური გარემოება, რომელიც მეორე დღესვე ცნობილი გახდა, იყო ის, რომ ამერიკელი დიპლომატი სინამდვილეში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს გამოცდილი თანამშრომელი აღმოჩნდა, ხოლო მკვლელობა საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს უფროსის, ელდარ გოგოლაძის მანქანაში მოხდა. სწორედ ამ ორი გარემოების გამო, ვერსია, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი მზვერავი მთვრალი ჯარისკაცის მიერ შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა, ეჭვს იწვევდა.
დამკვიდრებულია შეხედულება, რომ სპეცსამსახურების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, მით უფრო ამერიკელი და რუსი მზვერავები (ან მათი აგენტები), უბედური შემთხვევის გამო არ იღუპებიან. მათ ყოველთვის ვიღაც “ეხმარება“. ცხედრის გადასასვენებლად თვით მაშინდელი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი ჯეიმს ვულსი ჩამოფრინდა. ამის შემდეგ ვირჯინიაში, ლენგლის ძველი სამმართველოს ფოიეს კედელზე ფრედის ღირსების ვარსკვლავი ჩამოკიდეს. მაგრამ ამით არ დასრულებულა ყველაფერი. გავიხსენოთ, რომ გოგოლაძე და ვუდროფი მარტონი არ იყვნენ მანქანაში. დაცვის უფროსს თავისი მეგობარი გოგონა ეჯდა გვერდით, ფრედის კი სასტუმრო მეტეხის "ბარმენშა“ მარინა კაპანაძე. სასამართლომ ფრედის სამივე თანმხლებს ჩვენება ჩამოართვა, რომლებშიც ისინი ადასტურებდნენ მთვრალი ანზორ შარმაიძის საბედისწერო გასროლის ფაქტს. სასამართლოს აღარ სჭირდებოდა დამატებითი მტკიცებულებები, სანამ შარმაიძეს დამნაშავედ სცნობდა. ბრალდებულს ათწლიანი პატიმრობა შეუფარდეს და ყველამ შვებით ამოისუნთქა. ამოსუნთქვის ხმამ თბილისიდან მოსკოვსა და ვაშინგტონშიც ჩააღწია. ვუდროფის საქმე ოფიციალურად გადაწყდა; შემდეგ დაიხურა და დაილუქა. მაგრამ ჰორიზონტზე გამოჩნდა ჰიუსტონელი ადვოკატი მაიკლ ფულარა, რომლის ძირითად საქმიანობასაც „კომპლექსური კომერციული სამართალწარმოება“ წარმოადგენდა. ცსს-ს ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი მოგონებებში წერს, რომ შევარდნაძე იმ პერიოდში ვულკანზე იჯდაო. თუმცა, როგორც აღნიშნავს პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი „ის ორ, რუსულ და ამერიკულ „ვულკანზე იჯდა“. მაგრამ იმდენი შეძლო, რომ 12 წლის მანძილზე ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებული დაპირისპირება თავისი სკამის შესანარჩუნებლად გამოიყენა. კიდევ უფრო გასაოცარი იყო, რომ საქართველოს მომდევნო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვუდროფის მკვლელობის საქმის გამოძიება ბოლომდე ვერ მიიყვანა. ასე დაიწყო საგარეო სამართლებრივ სისტემებში ფულარას მოწამეობრივი ოდისეა, სადაც იურისპრუდენციის ნორმებში გამონაკლისი უფრო ხშირია, ვიდრე დადგენილი წესები. ათ წელზე მეტი გაატარა საპატიმროში ანზორ შარმაიძემ იმის გამო, რომ თბილისს ვაშინგტონსა და, სავარაუდოდ მოსკოვს ხელს აძლევდათ უდანაშაულო ადამიანის დასჯა, ნაცვლად იმისა, რომ გამოეძიათ ვინ და რატომ მოკლა ფრედი ვუდროფი. მაგრამ არავის აინტერესებდა, მაიკლ ფულარას გარდა.
ახალი მტკიცებულებების საფუძველზე 2004 წლის ზაფხულში ფულარამ საქართველოს სახელმწიფო პროკურორს სამი პეტიცია გაუგზავნა: ერთი ვუდროფის ოჯახისგან, მეორე შარმაიძის და მესამე სახალხო დამცველისაგან. სამივე პეტიციის თანახმად, იგი მოითხოვდა თვითმხილველთა ჩვენებებისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე მოეხსნათ შარმაიძისათვის წაყენებლი ბრალდება. მოითხოვდა ასევე სახელმწიფო მოხელეების მხრიდან მომხდარიყო მტკიცებულებათა გაყალბების აღიარება და შარმაიძეზე ზეწოლის შედეგად გამოწურული აღიარების გაუქმება. პირველ კატეგორიაში იგი ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების მიერ გამოყენებულ თვითმხილველთა ჩვენებებს და მიუთითებდა სრულ შეუსაბამობაზე ელდარ გოგოლაძის ჩვენებასა და არსებულ ფაქტებს შორის. გოგოლაძის თქმით, როცა იგი ვუდროფთან და ორ ქალბატონთან ერთად ბრუნდებოდა ქალაქგარე ექსკურსიიდან, უკვე ღამე იყო და “ძალიან ბნელოდა“. ე.ი. საჭირო იყო ანთებული ფარებით სიარული. ჩვენების თანახმად, დაახლოებით ცხრა საათისთვის მათ ჩაუარეს სამ ფორმიან მამაკაცს, რომლებმაც გაჩერების ნიშნად ხელი დაუქნიეს, სავარაუდოდ, ბენზინის სათხოვნელად. გოგოლაძემ არ გაუჩერა. უეცრად უკანა სავარძელში მჯდომი ვუდროფი შეტორტმანდა და გვერდზე გადავარდა. როცა გოგოლაძემ გააცნობიერა, რომ მას ესროლეს, იგი ყველაზე ახლომდებარე საავადმყოფოში მივიდა, დაახლოებით 9:30-ზე. ექიმებმა იქ დაადგინეს, რომ ვუდროფი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ უშუქობის გამო პაციენტი ვერ მიიღეს. ჭრილობის პირველადი კვლევა სანთლის შუქზე უწარმოებიათ. ამის შემდეგ გოგოლაძე მეორე, შემდეგ კი მესამე საავადმყოფოში მიდის. ეს უკვე 10:00-ზე ხდება და ამ დროისთვის ვუდროფი უკვე გარდაცვლილია. შემდეგ გოგოლაძე უშიშროების თანამშრომლებთან ერთად შემთხვევის ადგილზე ბრუნდება. ბევრი პრობლემაა ამ ჩვენებასთან დაკავშირებით. გოგოლაძემ ასევე განაცხადა, რომ შოკში იყო და სათანადოდ ვერ მიჰყვა პოლიციის პროცედურულ სტანდარტებს. ჯერ ერთი, გოგოლაძემ სროლითვე არ უპასუხა თავდამსხმელს, არც 300 მეტრში მყოფ მორიგე პოლიციელებს შეატყობინა ამ სავარაუდო სროლის შესახებ. მან არასწორად დაასახელა სროლის ადგილიც და დროც. არ ჩააბარა საკუთარი იარაღი ბალისტიკური ტესტირებისთვის. არ გამოაჩინა საექსპერტო ანალიზისთვის ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა და არც თანამგზავრ ქალებს გაუკეთებიათ იგივე. ფულარას აზრით, ეს ყველაფერი შეუთავსებელი იყო ისეთი კაცის მოქმედებასთან, როგორსაც წარმოადგენდა გამოცდილი გამომძიებელი და შევარდნაძის უსაფრთხოების დაცვის უფროსი.
კიდევ უფრო პრობლემატური იყო შარმაიძის წინააღმდეგ გამოყენებული ნივთმტკიცებები. პირველი, გამოძიების პროცესში ბრალმდებლის განცხადებით, ადგილზე ნაპოვნი მასრა სწორედ იმ ფატალურ ტყვიას ეკუთვნოდა, რომლითაც ფრედი იყო მოკლული. შემდეგ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა პოლიცია დაადანაშაულა მტკიცებულებათა გაყალბებაში – მისი თქმით, შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციამ შარმაიძის იარაღი შემთხვევის ადგილზე წაიღო, გაისროლა და ახლად “აღმოჩენილი“ ტყვიის მასრა თან წამოიღო, როგორც შარმაიძის საბედისწერო გასროლის მტკიცებულება. გარდა ამისა, იყო სხვა კითხვებიც. რომელი მხრიდან შევიდა ტყვია მანქანაში? გოგოლაძის პირველადი ჩვენების თანახმად, ტყვია შემოვარდა წინა ღია სარკმლიდან და უკანა სავარძელში მჯდომ ვუდროფს მოხვდა, თუმცა როგორც სასამართლოზე განაცხადა, შარმაიძე 15-20 მეტრით უკან იყო, როცა გასროლა მოხდა.
აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მანქანის შესამოწმებლად მეორე დღესვე გამოგზავნა ექსპერტები. ნატყვიარი ვერსად იპოვეს, თუმცა ქართველი ექსპერტის განცხადებით, ტყვიის კვალი შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა შეემჩნიათ. ეს განცხადება ეყრდნობოდა რამდენიმე დღის შემდეგ ქართველების მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგებს. ექსპერტის აღწერით ნატყვიარი “ნივის“ უკანა მარჯვენა ზედა კუთხეში იყო. გამომძიებლის მტკიცებით ტყვია უკნიდან იყო ნასროლი და როგორღაც სარკმლის რეზინოვანი საფენის გავლით, მინის დაუზიანებლად შეუღწევია სალონში. ფაქტი ერთია: გაურკვეველი მიზეზების გამო, შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლებაში ბევრს არ სურდა სიმართლის დადგენა. რაც მთავარია, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ანზორ შარმაიძეს ბრალეულობა ობიექტური გამოძიებით არ იქნა დადგენილი. მიზეზთა გამო შარმაიძე აღმოჩნდა ის "დამნაშავე“, რომელიც ყველას აძლევდა ხელს. ბევრის მანიშნებელი იყო 2004 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამართული პრესკონფერენცია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს "ვუდროფის საქმის“ ხელახალი გამოძიების დაწყება მაიკლ ფულარამ საჯაროდ სთხოვა, რასაც სააკაშვილის გაავებული პასუხი მოჰყვა, ჩვენ თვითონ ვიცით, რა გამოვიძიოთ და რა არაო. “შენი აქაურ საქმეებში ჩარევა, კერძოდ, თბილისში, იგივეა, რაც ქართველმა რომ მოითხოვოს ჩემი მეგობარი ჯორჯ ბუშის ამერიკაში რომელიმე ძველი სასამართლოს საქმის გამოქექვა. – წამოიძახა მიშამ აუდიტორიის მქუხარე ტაშის ფონზე“. რაც შეეხება ელდარ გოგოლაძეს, ბოლოს იგი შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსად მუშაობდა. როგორც საბედისწერო ქალბატონის მარინა კაპანაძის შესახებ იტყობინებოდნენ, იგი აფხაზეთში წასულა საომრად და მას მერე არავის უნახავს. შეიძლება სუკ-მა ააორთქლა კიდეც, ან სხვა სახელით არხეინად ცხოვრობს თბილისში. თუმცა მისი მომხიბვლელი სახე ერთხელ გაკრთა კბილის პასტის სარეკლამო ბილბორდზე. საქართველომ ახალ ოფიციალურ სპონსორს მიაგნო და ყველა ოფიციალური რიტორიკა უკვე მიმართული იყო კლიენტური ტიპის სახელმწიფოს სადიდებლად. მზე უკვე აღარ ამოდიოდა ჩრდილოეთიდან, როგორც ეს შევარდნაძემ აუწყა მზრუნველ რუსეთს, იგი ახლა დასავლეთიდან, ჯორჯ ბუშის ამერიკიდან ამოდიოდა. წყარო: ავთანდილ სონღულაშვილის – ისტორია პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები 544 2-ს მოსწონს |
ვერავინ ვერავის ვერ ეპარება და ვერ შეეპარება ვინმეს ან სიტუაციას თუ არ სჭირდება.
ჩატაევი რომ არ "შემომაპარულიყო" რას ფიქრო როგორც მოხერხდებოდა სხვის სუვერენულ ტერიტორიაზე სააკაშვილის პირადი უსაფრთხოების სამსახურის ერთ ერთი მთავარი ფიგურის განეიტრალება? ან სად?
უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა გიულას ბიჭის პრეზიდენტობისას.
ბოდიში,მოკლედ მინდოდა,მარა როგორ დამეწერა აზრი ამ ვრცელ საკითხე ვერ გავიგე.
ბიძამისი, რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი მაღალჩინოსანი თემურ ალასანია ვერ გვიტანს ქართველებს თვალის დასანახად. სსრკ-ს დაშლას ეგეც პუტინივით საუკუნის დანაშაულს ეძახის.
ივანოვმა მოიყვანა ამერიკელებთან შეთანხმებით ის ნომრიანი გიჟი.
ამჯერადაც იგივეს იმეორებს, ის საბრალო ქართველი მებრძოლი უბრალოდ გაწირეს საქმის ჩასაფარცხად.