x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
საქართველოს სამეფოს აღდგენის იდეა დავით ბატონიშვილის პროექტების მიხედვით
image
მშვიდობიანი ეროვნული მოძრაობის იდეოლოგიას საფუძველი ჩაუყარა დავით გიორგის ძე ბაგრატიონმა, რაც “გაახმოვანა“ რუსეთის იმპერატორისადმი წარდგენილ „ბარათებში“. იმ დროს, როცა ალექსანდრე ერეკლეს ძე სახალხო ლაშქრის სათავეში იდგა და იარაღით იბრძოდა ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის, მისმა ძმისშვილმა დავითმა პირველი ბარათი – „საქართველოს უკეთესი მოწყობის შესახებ“ მიართვა ალექსანდრე I-ს (1812 წლის სექტემბერი).
ამ ბარათში დასახულია ღონისძიებანი საქართველოს შინაგანი მმართველობის დარგში და ქვეყნის სამეურნეო აღმავლობისათვის. ასევე მასში ჩამოყალიბებულია საკმაოდ შორსგამიზნული და გაბედული გეგმები საგარეო პოლიტიკაში და იმდროინდელი ევროპის დიპლომატიურ ურთიერთობათა სფეროში.
უფლისწული სინანულს გამოთქვამდა 1783 წლის ტრაქტატის დარღვევის გამო, რასაც მოჰყვა ქართული სახელმწიფოს გაუქმება, ქვეყნის ნორმალური მართვა-გამგეობის მოშლა და გაუთავებელი ანტირუსული აჯანყებები. ყოველივე ამაში დავით ბაგრატიონი ადანაშაულებდა არა რუსეთის იმპერატორს, არამედ ბრალს სდებდა საქართველოს მთავარმმართებლებს, რომლებმაც დაუშვეს დანაშაულის ტოლფასი შეცდომები.

დავითი მოუწოდებდა იმპერატორს, გამოესწორებინა მის მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაული და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღედგინა ქართლკახეთის სამეფო. ამავე დროს ბატონიშვილის წერილი ეხმიანება 1799 წლის „არტიკულებს“ და მათ დანამატ „პუნქტებს“. სხვა ღონისძიებებს სარჩულად უდევს იმის დაჟინებული მტკიცება, რომ ბატონიშვილთა გაძევება საქართველოდან ქვეყნის საზიანოა და მის მმართველს დასახმარებლად (!) ერთ-ერთი ბატონიშვილი უნდა მიეჩინოს.

ბარათის შესავალ ნაწილში დავითი წერს, რომ „საქართველო ერთ მცირედ ქვეყანას წარმოადგენს. მას თავდაპირველად (უხსოვარ დროს) ჰქონდა სახალხო მმართველობა, შემდეგ რამდენსამე ხანს მას ალექსანდრე მაკედონელის ნაცვალი განაგებდა, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა ჩამოყალიბდა მონარქიული სახელმწიფოს სახით და მას მართავდნენ მეფეები. მთელი ისტორიის განმავლობაში – განაგრძობს დავით ბაგრატიონი – საქართველოს ურთიერთობა (როგორც მშვიდობიანი, ისე საბრძოლო) ჰქონდა მეზობელ სახელმწიფოებთან: ჩვენ გვებრძოდნენ არაბნი, ხონთქარი, ყაენი, დაღესტანი, მაგრამ ამეებს არც ერთს თავი არ დავუდევით, მათ ჩვენში ვერ მოშალეს მეფობა. უფრო ხშირად საქართველო იმყოფებოდა სპარსეთის პროტექტორატის ქვეშ, ამ გაჭირვებაში რომ ვიყავით, ჩვენი მეფეები ევედრებოდნენ ყოვლად მოწყალე ხელმწიფეს რუსეთისას, რომ ქრისტიანობისთვის რუსეთის საფარველი გვდებოდა. ხელმწიფემ საქართველო რუსეთს შეაერთა, მანიფესტი გვიბოძა.“
დავითს არ რჩება მხედველობიდან ამბების უფრო დაწვრილებით გადმოცემა: „1799 წელს იმპერატორმა – განაგრძობს იგი – პავლე I-მა ქართლ-კახეთის მეფედ დაამტკიცა გიორგი XII-ის ძე, რომელმაც მოითხოვა 1783 წლის ტრაქტატის ზოგი მუხლის შეცვლა. კიდეც იქნა წარდგენილი სათხოვარი პუნქტები, მაგრამ პავლე I-ის გარდაცვალების გამო იგი დაუმტკიცებელი დარჩა“.
ბუნებრივია, დავითი ვერ ბედავს სათხოვარი პუნქტების იგნორირება და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება იმპერატორს ბრალად წაუყენოს და მთავარმმართებლებს ადანაშაულებს. ანუ ამ შემთხვევაში დავითს სავსებით შეგნებულად მთელი აქცენტი და დანაშაულის სიმძიმის ცენტრი იმ დროინდელ რუს მოხელეებზე: ციციანოვზე, გუდოვიჩზე და ტორმასოვზე გადააქვს. ქართველი ხალხის უკმაყოფილების, აქ მართვაგამგეობის მოუწესრიგებლობის მთავარ მიზეზად წერილის ავტორს შემდეგი მომენტები მიაჩნდა:
1. ციციანოვს არ უნდა გადაესახლებინა ბატონიშვილები რუსეთს, რადგან ამან ძალზე ცუდად იმოქმედა ქართველებზე, შეარყია და გააქარწყლა ქართველთა არჩევანი – რუსული ორიენტაცია. ეს გარემოება თვით რუსეთისათვის იყო პოლიტიკურად მძიმე და საზარალო;
2. თუ საქართველოში მოხელე მთავარსარდალი დაინიშნებოდა, აუცილებელი იყო მის მოადგილედ ქართველი ბატონიშვილის დანიშვნა;
3. თუ საქართველოს მართვაგამგეობა მიენდობოდა ერთ-ერთ ბატონიშვილს, თურქეთს უფლება აღარ ექნებოდა პრეტენზიები განეცხადებინა იმერეთსა და ახალციხეზე, რადგან ეს ქვეყნები თავის დროზე საქართველოს ერთიანი სამეფოს განუყოფელ ნაწილებს შეადგენდნენ;
4. თუ საქართველოში სამეფო ხელისუფლება შენარჩუნებული იქნებოდა, საჭირო აღარ გახდებოდა რუსის ჯარისკაცთა დიდი რაოდენობით შემოყვანა აქ. ამ ფუნქციას ქართული ლაშქარი შეასრულებდა, რომელიც ჩამოყალიბდებოდა ერეკლესდროინდელი მორიგე ლაშქრის განჩინების საფუძველზე;
5. მომდევნო წინადადებად სახაზინო შემოსავლის გაზრდის მიზნით დავითი იმპერატორს სთავაზობდა სამეფო მრეწველობის განვითარებას ქართლ-კახეთში, ხე-ტყის წარმოებას იმერეთში, შავი ზღვის გადაქცევას რუსეთ-საქართველოს საზღვაო-სანაოსნო ურთიერთობის მთავარ წყაროდ. შემდეგ დავითი იმპერატორს უყენებს კონკრეტულ წინადადებებს ქვეყნის მართვა-გამგეობის პროგრესულ ღონისძიებათა განხორციელებისა და ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ.

განსვენებული მეცნიერის პროფესორ გულივერ იობაშვილის აზრით “დავითი იმედოვნებდა, რომ შეიძლებოდა ცარიზმის რუსეთი წასულიყო იმ დათმობაზე, რომ 1783 წლის ტრაქტატის უფლებრივ ნორმათა საფუძველზე მომხდარიყო საქართველოს ავტონომიის აღდგენა და ამ გზით იქნებოდა შენარჩუნებული ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ქართველი პროგრესული ზედაფენის და კერძოდ ბაგრატიონის ეს პროგრამა არ ეთანხმებოდა რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას“. ავტორი ამ აზრების გადმოცემისას იმოწმებს სომეხი მეცნიერის ა. იოანისიანის 1958 წელს გამოცემულ ნაშრომს. “მაგრამ მიუხედავად ამისა, – განაგრძობს მკვლევარი – ბაგრატიონები და თვით დავითი იმედს არ კარგავდნენ ხან დიპლომატიის ენით, ხან ბრძოლით, რუსეთი დათმობაზე წაეყვანათ და ქართული ავტონომიური სამეფოს აღდგენაზე დაეყოლიებინათ.
ძნელია იმის წარმოდგენა, რომ რუსეთის სამეფო კარის ცხოვრებაში ღრმად ჩახედული ბატონიშვილი ილუზიებით ცხოვრობდა და მისი მცდელობა რაიმე გავლენას მოახდენდა რუსეთის იმპერიულ პოლიტიკაზე. მაგრამ ჩვენ ახლა სხვა რამე გვაინტერესებს: ყბადაღებული ავტონომია, რომლის იდეა განსხვავებით უშუალო პერსონაჟებისაგან რატომ გაუჩნდათ “საბჭოთა ისტორიკოსებს“? დავითსაც და მის თანამოაზრეებსაც შეიძლება ეთხოვათ ავტონომიური მმართველობა, როგორც ეს შემდეგში ფინეთსა და პოლონეთს გააჩნდა იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ “დაეყოლიებინათ“ საიმპერატორო კარი “ავტონომიის აღდგენაზე“ ნიშნავს, რომ რუსეთს ქართლ-კახეთის ავტონომია გაუუქმებია და არა სამეფო. გ. იობაშვილის აზრით “დავით ბაგრატიონის აქ მოყვანილი და სხვა წინადადებები აშკარად რეალური აზროვნებვის ნაყოფი იყო. რუსეთს, თუკი იგი ანგარიშს გაუწევდა ბაგრატიონთა საგვარეულოს და ქართველი ხალხის სურვილს და ნებას, შეეძლო აღედგინა საქართველოს სამეფო 1783 წლის სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე, ისე, რომ მას თვითონ პლიტიკურად არ წაეგო. ტრაქტატით გათვალისწინებული დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ქართველი პროგრესული საზოგადოებისა და პირადად დავით ბაგრატიონის ბრძოლა პოლიტიკუარდ რეალური და პერსპექტიული იყო“.
imageძნელია ასეთ შეფასებას დაეთანხმო. იმპერატორს როცა უნდა გაეწია ანგარიში მაშინ არ გაუწია, ერთი ხელის მოსმით გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო, სისხლში ჩაახშო დასავლეთ საქართველოს გამოსვლა, გააუქმა იმერეთის სამეფო. რომელი ტრაქტატის აღდგენაზე შეიძლებოდა ლაპარაკი, როდესაც რუსეთმა სწორედ იმიტომ შექმნა ასეთი სახის დოკუმენტი, რომ მომავალში საქართველო დაეპყრო და გზა კავკასიის დასამორჩილებლად გაეკაფა. ტრაქტატი რუსეთმა უკვე ხელშეკრულების დადებიდან ოთხი წლის შემდეგ ცალმხრივად გააუქმა, როდესაც 1787 წელს ოსმალეთთან ომის საბაბით ორივე ბატალიონი გაიყვანა თბილისიდან და ოთხივე ზარბაზანიც თან მიაყოლა. დოკუმენტის ამოქმედება კი, როდესაც ჭირდებოდა მაშინ ახსენდებოდა. იქნებ აღა მაჰმად-ხანის შემოსევის დროს შეასრულა ნაკისრი ვალდებულება? ტრაქტატით გათვალისწინებული ფორმით დამოუკიდებლობის აღდგენა არამც თუ რეალური, ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული და საერთოდ რუსეთისაგან რაიმე დათმობაზე წასვლა ფანტაზიის სფეროს მიეკუთვნებოდა.

დავითის წერილამდე 11 წლით ადრე რუსეთმა გაგვაუქმა, ყველა აჯანყებაში დავმარცხდით, ძალით ვერ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 11 წლის შემდეგ ერთი წერილის შინაარსის გაცნობისას თურმე შეიძლებოდა რუსეთის კეთილშობილ იმპერატორს მოენანიებინა, ეს რა გავაკეთე? საქართველო დავიპყარი და მოდი დაუბრუნო წართმეული დამოუკიდებლობა ან ავტონომიური მმართველობა მაინც უბოძოვო! დავით ბატონიშვილი რეალურად მაშინ იაზროვნებდა, რომ თავის დროზე დაეჯერებინა სოლომონ ლიონიძესა და სხვა პოლიტიკოსებისათვის, აეღო ხელში ძალაუფლება, რაც ლეგიტიმურად ეკუთვნოდა და ლაზარევისთვის არ ჩაეგდო ხელში მმართველობა სამეფო ინსიგნიების მოლოდინში.
შეინარჩუნებდა თუ არა დამოუკიდებლობას ქართლ-კახეთის სამეფო ეს სხვა საკითხია. გ. იობაშვილის სხვა შეფასებები პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში მისაღებია. კერძოდ, ცნობილია რომ სწორედ ამ პერიოდში ცარიზმმა იარაღით დაიპყრო ფინეთი, პოლონეთი, მაგრამ მათ თვითმმართველობა, სეიმი და კონსტიტუცია დაუტოვა. რა თქმა უნდა, რუსეთი დაპყრობილი ხალხების მიმართ ასეთ მოპყრობას არ იყო ნაჩვევი, მაგრამ მას ეშინოდა, ჯერ ერთი, იმისა, რომ ევროპის ცენტრში მდებარე კონსტიტუციურ სახელმწიფოებთან უშუალოდ მომიჯნავე პოლონეთისა და ფინეთისათვის ისევე აეყარა ეროვნულ-პოლიტიკური უფლებანი, როგორც ამას საქართველო-ამიერკავკასიაში აკეთებდა, რომელიც გარშემორტყმული იყო ბარბაროსული სახელმწიფოებით. მეორეც, რუსეთი ანგარიშს უწევდა იმ პროგრესულ ეროვნულ ძალებს, რომლებიც ევროპაში, კონკრეტულად კი პოლონეთსა და ფინეთში მომძლავრებულიყვნენ და ეროვნული გამოსვლების კონსოლოდაციას ეწეოდნენ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღსადგენად. ამიტომ ითმენდა რუსეთი მოწინავე ევროპის საზღვარზე (უნდოდა თუ არ უნდოდა) ფინეთისა და პოლონეთის თვითმმართველობათა, ანუ ავტონომიების არსებობას და საქართველოს შეერთებისას ამ გარემოებათათვის ანგარიშის გაწევას სრულიადაც არ ფიქრობდა.
იმპერიას, ან მოგვიანებით “თეთრსა“ თუ “წითელ“ რუსეთს, როგორც დასჭირდებოდა პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ისე მოქმედებდა კოლონიებთან მიმართებაში. გავიხსენოთ ბოლშევიკური ხელისუფლების “ჟესტი“, “ერთა თვითგამორკვევის“ ლოზუნგით, როდესაც სტალინი, როგორც ეროვნული საკითხების კომისარი, პირველად საჯაროდ ბოლშევიკური გადატრიალებიდან სამი კვირის შემდეგ, მოულოდნელად ჰელსინკში, ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გამოვიდა. ფინელებისათვის ეს უჩვეულო და დასამახსოვრებელი შეხვედრა იყო. რუსეთის ახალმა მთავრობამ გააკეთა განცხადება მათი ქვეყნის რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ.

1917 წლის 18 დეკემბერს საბჭოთა მთავრობამ ოფიციალურად აღიარა ფინეთის დამოუკიდებლობა. დეკრეტს ლენინი და სტალინი აწერდნენ ხელს. განსხვავებით ფინეთისა და პოლონეთისაგან რუსეთმა კარგად იცოდა, რომ საქართველო გარემოცული იყო ფეოდალიზმის დაბალ სტადიაზე მდგომი მუსლიმანური სამთავრო სახელმწიფოებით, სადაც აზიური დესპოტიზმი იყო გამეფებული და კონსტიტუციის ხსენებაც არ არსებობდა. ძნელია იფიქრო, რომ ვერ ერკვეოდა ვითარებაში პოლიტიკური და დიპლომატიური ალღოს მქონე ევროპულად განათლებული დავით ბაგრატიონი, მაგრამ მაინც შეეცადა რამე “შეესმინა“ იმპერატორისათვის. იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ო. კოზოდავლიევმა დავით ბაგრატიონის ბარათი “განსახილველად“ მთავარმართებელ პაულუჩის გადაუგზავნა. ამ უკანასკნელმა კი აღნიშნულ დოკუმენტზე ვრცელი უარყოფითი დასკვნა დაწერა, სადაც ვკითხულობთ: “ფართოა წამოწყებანი ბატონიშვილი დავით გიორგის ძისა, რომელიც საქართველოს უკეთ მოწყობის საბაბით. ყველაფერს იქით წარმართავს, რომ იქ მეფე იქნას აღდგენილი. იგი დიდი ხანია ირწმუნება, რომ რუსებს არ აქვთ საქართველოს მართვის უნარი. დავითი მოითხოვს მეფის სახლის წევრებისათვის სამშობლოში დაბრუნების უფლებას, მაგრამ ეს არც საქართველოსათვის იქნება ხელსაყრელი და არც რუსეთისათვის, მათი პეტერბურგში ყოფნაც კი საშიშია, რადგან შეუძლიათ ანტირუსული პარტიის შექმნა. თუ სიფრთხილის ზომა დროზე არ იქნება მიღებული, ქართველი ბატონიშვილები რუსეთს დიდ ვნებას მოუტანენო“.
გასაგებია, რომ ბატონიშვილის ძალისხმევას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, დავითმა რატომღაც გადაწყვიტა და ხუთი წლის შემდეგ, 1817 წელს იმპერატორ ალექსანდრე I-ს მეორე ბარათი მიართვა. წერილში ბატონიშვილი აღნიშნავდა: “უხსოვარი დროიდან საქართველოს ყოველთვის ჰყავდა საკუთარი მეფე, ჰქონდა თავისი კონსტიტუცია, რომელსაც მფარველები არ არღვევდნენ.

VI საუკუნეში საქართველოს სამეფო ტახტის მფლობელ ხოსროიანთა დინასტიიდან ცოცხალი აღარავინ დარჩა. მიუხედავად ამისა, იუსტინიანეს საქართველოს სამეფო არ გაუუქმებია. ბიზანტიის იმპერატორმა მეფედ გამოგზავნა ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რადგან მან კარგად იცოდა, რომ აქაური ხალხი არავისთვის არ იქნებოდა სასარგებლო თავის წინანდელი და საკუთარი კონსტიტუციის გარეშე. ჩემი პაპა ერეკლე – განაგრძობს დავითი – შევიდა რუსეთის მფარველობაში ხელშეკრულების მე-6 მუხლის ძალით. იმპერატორი პირობას დებდა დაეცვა მეფე ერეკლე და მისი მემკვიდრენი საქართველოს სამეფო ტახტზე. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ 1783 წლის ტრაქტატისა და 1800 წლის სათხოვარი პუნქტების საფუძველზე ელოდა თქვენგან მეფედ დამტკიცებას, მაგრამ თბილისში გახსნეს რუსული მართველობა. ათას ორასი წელი და მეტი არის, რომ ბაგრატოვანნი მემკვიდრეობენ და სისხლი დაუთხევიათ ჩვენთვის. ჩვენი ვითარება ის არის, რომ ჩვენზე მრავალგვარად გარჯილის მეფის ირაკლის ანდერძი დაგვიმტკიცოთ“.

გ. იობაშვილი ანდერძად ტრაქტატს მიიჩნევს, რასაც ვერ გავიზიარებთ. ტრაქტატი ხელშეკრულებაა და არა ანდერძი. დავითს სავარაუდოდ ანდერძად ერეკლეს მიერ მემკვიდრეობის კანონის შეცვლა მიაჩნია. ამ შემთხვევაში გ. იობაშვილი ფიქრობს, რომ დავითი დიპლომატიური დემარშებით ცდილობს, მოხიბლოს ხელმწიფე იმპერატორი და გამოსტყუოს კუდშეკვეცილი ავტონომია, ე. ი. კი არ აღადგინოს, არამედ ავტონომიური მმართველობის მსგავსი ფორმა მიიღოს. დავითი ალექსანდრე პირველს ევროპის სახელმწიფოთა პოლიტიკური ბედ-იღბალის მებაირახტრედ მიიჩნევს: “თქვენ სამართლიანი ბრძანდებით და ზრუნავთ არა მარტო საკუთარი ქვეშევრდომების, არამედ გარეშე ხელმწიფეთა კეთილდღეობისათვის. თქვენ აღადგინეთ ტახტზე ავსტრიის, პრუსიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის მეფენი. ბაგრატიონთა გვარი ელოდება თქვენგან თავის აღდგენას – თუ ეს ასრულდა, საქართველო მოიწმენდს ცრემლს. და მადლობით მოიყრის მუხლს თქვენი უდიდებულესობის წინაშე“.
ისტორიული მაგალითების შეხსენება ბაგრატიონთა საგვარეულოს შესახებ იმპერატორ ალექსანდრეს გულს ვერ აუჩუყებდა. რუსეთის საიმპერატორო კარი, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა ევროპული დემოკრატიისა და რევოლუციების წინააღმდეგ, ბატონიშვილის ვედრებისადმი კეთილშობილი ვერ აღმოჩნდებოდა.

რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა 1817 წლის 20 ნოემბერს დავით ბატონიშვილს თხოვნაზე უარი უთხრა და თანაც არაკჩეევის მკაცრი გაფრთხილებით ციმბირს გადასახლებით დაემუქრა. პროფესორი ა. ბენდიანიშვილი მიიჩნევდა, რომ ბატონიშვილის მეორე ბარათი “გაცილებით დამაჯერებელი და დასაბუთებული“ იყო. ძნელია ასეთ შეფასებას დაეთანხმო. ან დავითია ბრიყვი ან იმპერატორი მიაჩნია გონებაჩამორჩენილად. ეს ბარათი არც რეალობას ასახავს და არც დიპლომატიურ ნაბიჯს. ე.ი. გამოდის, რომ ალექსანდრემ არც კი იცოდა მისი ნების გარეშე როგორ გააუქმა თვითნებურად ნაძირალა კნორინგმა ქართლ-კახეთის სამეფო და ფაქტის წინაშე დააყენა ამ საქმეში უდანაშაულო იმპერატორი, რომელიც “შესაძლოა“ დავითს მეფედ დამტკიცებას უპირებდა?! ბენდიანიშვილის დასკვნით: “ღვთიური განგება, საერთაშორისო სამართალი და თანმიმდევრული მსჯელობა ნათლად იკვეთება დავით ბაგრატიონის ბარათებში. მაგრამ ისტორიული ფაქტების და მონარქიული ლეგიტიმიზმის პრინციპის შეხსენება რუსეთის იმპერატორის შემეცნების მიღმა დარჩა. „ყოვლად მოწყალე“ იმპერატორმა არ ინება თავისი სკიპტრის ქვეშ საქართველოს ავტონომიური სამეფოს აღდგენა. მეტიც, იმპერატორის დიდმოხოლეებმა მკაცრად გაკიცხეს რუსეთის იმპერიის სამსახურში მყოფი გენერალ-ლეიტენანტი ოცნებისა და ყოვლად მიუღებელი თხოვნის წარდგენის გამო“.

აღნიშნულ ბარათში დავითი, მხოლოდ 1783 წლის ტრაქტატს ახსენებს და ამ დოკუმენტის მიხედვით ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენას მოითხოვს. აქ არ არის ნათქვამი ავტონომიაზე და არც შეიძლება ყოფილიყო, რადგან ბატონიშვილს, როგორც პროფესიონალ იურისტს კარგად ესმოდა აღნიშნული ხელშეკრულების არსი. ამავე დროს სამეფოს აღდგენის შემთხვევაში ქართლ-კახეთს რუსეთის ვასალის სტატუსს უმატებს. ქართველი ავტორების მიერ XIX საუკუნის პირველ ნახევარში მოწყობილი აჯანყებების ავტონომიის აღდგენის მიზნად მონათვლა არასწორად მიგვაჩნია. ტრაქტატის ხელშეკრულება არ ნიშნავდა ქართლ-კახეთის სამეფოს ავტონომიური მმართველობის დაკანონებას. ამდენად, რაც არ იყო ვერ აღდგებოდა. აჯანყებების მიზანი სამეფოს აღდგენას ითვალისწინებდა და არა ავტონომიური მმართველობისა. ეს ტერმინი პირველად ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში XX საუკუნის დასაწყისში ჩნდება და დაკავშირებულია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ამოცანებთან. კერძოდ, ცნობილი ეროვნული მოღვაწე გ. გვაზავა ტერმინის შესახებ განმარტავდა, რომ „თარგმნით ავტონომია ნიშნავს თვითკანონმდებლობას (ბერძნულად ავტოს – თვით, ნომოს – კანონი), რასაც იურიდიულ სფეროში უმაღლესი მნიშვნელობა აქვს“.

გულივერ იობაშვილი შეფასების დასკვნით ნაწილში აღნიშნავს, რომ „დიდმა პატრიოტმა და „ვოლტერიანელმა“ დავით ბაგრატიონმა მწარედ განიცადა პოლიტიკური იმედების გაცრუება და ერთი წლის შემდეგ – 1818 წელს გარდაიცვალა“. ჯერ ერთი დავითი გარდაიცვალა 1819 წელს. მეორეც, ძნელია იმის თქმა, რომ დავით ბატონიშვილს რაიმე მოლოდინი ჰქონოდა მისი თხოვნის დაკმაყოფილებაზე, და თითქოს იმედის გაცრუებამ დააჩქარა მისი გარდაცვალება. ასევე ფიქრობდა ა. ბენდიანიშვილი. მისი სიტყვებით დავითმა „როგორც ჩანს, მწვავედ განიცადა წარუმატებლობა, იმედების დამსხვრევა“.
დავით ბატონიშვილი ღრმად იყო ჩახედული საიმპერატორო კარის ლაბირინთებში და ვერ იქნებოდა დარწმუნებული, რომ „ორი ფარატინა ქაღალდის“ შინაარსს შეეცვალა იმპერატორის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. დავითი, მხოლოდ თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე შეეცადა ხმა აღემაღლებინა უსამართლობის წინააღმდეგ.
სხვა საქმეა საბჭოური და არა მხოლოდ საბჭოური ისტორიოგრაფიის კომენტარები, ავტორები, რომლებიც დაჟინებით ცდილობენ რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილი თითქმის ყველა აჯანყება თუ წერილობითი მიმართვა „ავტონომიის აღდგენად“ მონათლონ. ცნობილი მეცნიერები: ა. ბენდიანიშვილი, ა. კიკვიძე, მ. სამსონაძე, გ. იობაშვილი და სხვ. ვინც ამ პრობლემის გაშუქებას შეეცადა ყველა ერთ ხმაში ავტონომიის აღდგენის მოთხოვნას აფიქსირებს. სავარაუდოდ, ეს ავტორები ტრაქტატს ავტონომიად მიიჩნევენ, როცა არც ერთ წერილობით წყაროში მსგავსი არაფერია. უფრო მეტიც, ყველა ქართველი თუ უცხოელი ავტორი, ვინც შეისწავლა ტრაქტატის სამართლებრივ-პოლიტიკური საფუძვლები, არავის მოსვლია აზრად, რომ ეს დოკუმენტი ქართლ-კახეთის ავტონომიურ სტატუსს გულისხმობდა იმპერიის შემადგენლობაში.

წყარო: ავთანდილ სონღულაშვილის – ისტორია პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები
0
322
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0