პროზა "გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილული ევროპული კულტურით კვება, რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი"-მიხეილ ჯავახიშვილი 20 ნოემბერი, 13:08 „სხვის პატრონობას შეჩვეულნი, ახლაც ჩრდილოეთიდან მოველით შველას. ვერ შევითვისეთ ის ცხადი სინამდვილე, რომ „პატრონი“ აღარა გვყავს, რომ ჩრდილოეთიდან ნაცვლად დახმარებისა და წესრიგისა, აუცილებლად გვეწვევა ღვთის რისხვა-რეაქცია და ანარქია, ხოლო, ვიდრე ქარიშხალი ჩანელდებოდეს, ქართველი ხალხი შიმშილისაგან განახევრდება. ჩრდილოეთის მომხრენი ვართ თუ აღმოსავლეთისა ან დასავლეთისა, ამის შესახებ დავა და კამათი უნაყოფოა და მავნებელიც. საითაც ქვეყანა ტრიალებს, ჩვენც იქით უნდა ვიბრუნოთ პირი. ხოლო იგი უძლეველის ძალით მიექანება დასავლეთისაკენ. მისი გზა მოსკოვსა და პერტოგრადზე კი აღარ მიდის, არამედ შავ ზღვასა სჭრის და დუნაის ხეობაზე გადადის. გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილული ევროპული კულტურით კვება, რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი“
მიხეილ ჯავახიშვილი -1918 წლის 11 იანვარი. 20(8 ძვ.სტილით) ნოემბერი დიდი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა. 1937 წლის 26 ივლისს, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“. მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად . მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და, ბერიას თანდასწრებით, წამების ქვეშ, ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს. ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები. 118 2-ს მოსწონს
|