სხვა ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზები-(ნაწილი 10) 19 ნოემბერი, 16:31 რევაზ ჩელებაძე ყვება: „1986 წელს, როცა ჩერნობილის კატასტროფა მოხდა, კიევის „დინამოს“ ფეხბურთელმა ვლადიმირ ბესონოვმა დამირეკა და მთხოვა. მისი, ბალის, ჟურავლიოვის და კიდევ ერთი მათი თანაგუნდელის ოჯახები ქობულეთში ჩამეყვანა, სანამ რადიაციის საფრთხე გაივლიდა და თავად ფეხბურთელები მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდებოდნენ. მოკლედ, ჩამოვიდნენ და 2 თვე ჩემს სახლში გაატარეს. ბალის მეუღლე სვეტა, ფეხმძიმედ იყო. ვუთხარი, თუ ბიჭი დაიბადება, მე მოვნათლავ-მეთქი და დამეთანხმნენ. 4 აგვისტოს კიევში ბიჭი დაიბადა. 5 ოქტომბერს კიევის „დინამოსთან“ თამაში გვაქვს. 4-ში დუბლების თამაშზე მივედი და მოვიდნენ კიეველებიც. ბალს ვეუბნები – ერთით ერთი ვითამაშოთ-მეთქი. რას ამბობ, დაგვხოცავენ, ევროპის თასის მფლობელები ვართ და არ გვაპატიებენო. კარგი, მაშინ თუ 1:0 იქნა, ვთამაშობთ, მეორე თუ შეგვიგდეთ, მეტი აღარ გაგვიტანოთ და თამაშის ბოლოს პენალტს დავარტყამ და ასე დავამთავროთ-მეთქი. კარგიო, – დამეთანხმა ბალი. – ოღონდ, – ვეუბნები, – უხეშად არ მეთამაშონ, ეკლესიაში კოჭლობით ხომ არ შემოვალ-მეთქი. კიევს ორმეტრიანი „რიჟა“ მცველი ჰყავდა, „უბიიცა“ კუზნეცოვი. ბალმა დაუძახა: ოლეგ, მოდი, აქო და უთხრა, – რეზოს ერთი ნაკაწრიც რომ ჰქონდეს ხვალ მოგკლავო. კუზნეცოვი სუფთად მეთამაშა. 3-1 მოვუგეთ. 2 გოლი მე შევაგდე და გაგიჟებული იყო ანდრეი, რატომ ფეხი არ მოგაძროო“. მამუკა ღლონტი იგონებს: „გურული მეზობელი მყავს. ერთხელ სუფრაზე დაგვპატიჟეს. მითხრა, სამ ჭიქაში დამისხი და ასე დავლევო. მოკლედ ვუსხი სამ ჭიქაში და სანამდე ქაჩავდა, სვა. ბოლოს ვკითხე, – ასე რატომ სვამთ-მეთქი და მიპასუხა: სამი ძმაკაცი ვართ შეთანხმებული, უერთმანეთოდ თუ მოვხვდებით სუფრაზე, ასე დავლიოთ ერთმანეთის მაგივრადო. გავიდა ორი კვირა. დავპატიჟე ჩემთან. დავუდგი 3 ჭიქა და ვუსხამ. მეუბნება – ორი ჭიქა დატოვეო. ვიფიქრე, რამე ცუდი ხომ არ მოხდა, ორი ჭიქით რომ სვამს-მეთქი და ვკითხე: ორი რატომ-მეთქი. მან კი მიპასუხა: მე სმას თავი დავანებეო“. თემურ ჭკუასელის მოგონებიდან: „ადრე ყველა უბანში იყვნენ ისეთი ბიჭები, ყველგან რომ იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. დაბადების დღეებზე ერთს რომ დაპატიჟებდნენ, მას მთელი საძმაკაცო მიჰყავდა... მოკლედ, ერთხელ მოვხვდი სუფრაზე და წარმოდგენა არ მქონდა, ვის დაბადების დღეზე ვიყავი. ბიჭები რომ შეზარხოშდნენ, სიტუაცია ცოტა დაიძაბა. ეს არ მომეწონა და ვიფიქრე, აქედან გავერიდები-მეთქი. ძმაკაცებისთვის რომ მეთქვა, ვიცოდი, არ გამომყვებოდნენ. ერთი ჩემი ნაცნობი უბნელი ბიჭი გამოვიჭირე, რომელიც ჩემს მისვლამდე მისულიყო იქ. ვუთხარი, წამოდი, ბიჭო, ხომ ხედავ, უაზრო სიტუაციაა და გავერიდოთ-მეთქი. მითხრა, ვერ წამოვალო. დავუწყე ახსნა, ხომ ხედავ, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ, სანამ ერთი ამბავი ატყდა წავიდეთ-მეთქი. შემომიტრიალდა და მითხრა, ვერ წამოვალ, ძმაო, ჩემი დაბადების დღეაო“ გია ფერაძე თბილისის კოლორიტზე, ნიაზ დიასამიძეზე იხსენებდა: „...ნიაზი ხშირად დადიოდა ერთ სომეხ პარიკმახერ აშოტასთან. ერთხელ აშოტამ ეს ჩვენი ნიაზა ცუდად გაკრიჭა, რის გამოც ნიაზი კარგა ხანს საპარიკმახეროში არ შესულა. სამი თვის შემდეგ, როგორც იქნა, მივიდა აშოტასთან. გახარებულმა პარიკმახერმა შესძახა: – ვა, ნიაზჯან, სად იყავი აქამდე? – სომხეთში ვიყავი, აშოტ. – ვა, კარგია, მოგეწონა? - ძალიან, აშოტ, ტბაზე წამიყვანეს, მიმიქარავს ჩვენი რიწა და პალიასტომი. – სევანზე იყავი, ნიაზჯან? – გაუხარდა აშოტას შექება. – კი, სევანზე, მანდ თევზი მაჭამეს, ახლოს ვერ მივა ჩვენი კალმახი გემოთი. – იშხანი ჭამე, ნიაზჯან? – სომეხი სიხარულისგან ფრინავდა. – ეგ იყო, ხო... მერე ეკლესიაში წავედი, იქ ტერტერა წირავდა, ყველამ დაიჩოქა, ჩემ გარდა. მე ვუთხარი: თქვენ გრიგორიანელები ხართ, მე – მართლმადიდებელი-მეთქი. ტერტერამ მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს, შვილო ჩემო, ყველანი ქრისტიანები არ ვართო? – მერე, მერე რა მოხდა? – პარიკმახერი უკვე სიხარულისგან ტიროდა. – მერე მოვიდა ჩემთან ტერტერა და თავზე ხელი დამადო. – რაო, რა გითხრა? - არ ცხრებოდა აშოტა. – რაო და, რას გიგავს ეგ თავი, ვინ გაგპარსა, მე იმისი ასე და ისეო.... აშოტას სავარცხელი ხელიდან გაუვარდა.“ "ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზების" წინა ნაწილები იხილეთ <<ამ ბმულზე>>206 3-ს მოსწონს
|