x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
მართლაც „საიდან მოდის ეს სილამაზე ან საით მიდის?..“ - ლიკა ქავჟარაძის დღიურები

image26 ოქტომბერი, ულამაზესი ქართველი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა, მას 65 წელი შესურულდებოდა, ამ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ ნაწყვეტს მსახიობის დღიურიდან:

„5 წლის ვიყავი. დედა მოვიდა და რატომღაც, მეზობელთან გამიყვანა. თითქოს იქ დამმალა. საშინელი სიჩუმე იყო. სიწყნარე. უცბად სადარბაზოდან ყვირილი მომესმა. დავიბენი. ვერ გავიგე, რა ხდებოდა. გამოვიპარე და კარის ჭუჭრუტანაში გავიხედე. ბებია იდგა, სულ შავებში. ტიროდა. დედაც იქ იყო. ბაბუაჩემის სახელს იმეორებდნენ. ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა, რაღაც ცუდი. შემეშინდა. სიკვდილის შემეშინდა . მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, ის ბინა გავყიდე, იქ ვეღარ ვიცხოვრებდი. მართალი გითხრათ, არასდროს მომნატრებია ის სახლი. ბებია ავად იყო, დედაც იქ გარდაიცვალა… სამნი ვცხოვრობდით, წლინახევრის ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ, მამა ბუნდოვნად მახსოვს. განებივრებული?

image

არა, არასდროს. დედას ამის საშუალება, უბრალოდ, არ ჰქონდა. 12 წლიდან კინოში დავიწყე გადაღება და ჩემი ოჯახის მარჩენალი გავხდი. დედა ძალიან მკაცრი იყო. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს ის წყვეტდა. არასდროს მქონდა დამოუკიდებლობა, საშუალება, რომ თვითონ მიმეღო გადაწყვეტილება. ვაპროტესტებდი, ვჩხუბობდი და მაინც ისე ვაკეთებდი, როგორც მეტყოდა. მუდმივ ზეწოლას ვგრძნობდი – უნდა!

image

გადაღებაზე მივდიოდი, დედა მომყვებოდა, სადღაც სხვაგან – ისევ დედა ან ბებია… 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ამიტომ, ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. არ ვიცი, შეიძლება, ჩემთვის იმის აცილება უნდოდა, რაც თვითონ დაემართა, არ ვიცი. მაგრამ, როცა ასეთ პირობებში გაიზრდები და წლების მერე, საერთოდ სხვაგან აღმოჩნდები, სხვა ქვეყანაში, შეიძლება გაგიჟდე. ამერიკაში დარჩენის საშუალება გვქონდა, სადაც ჩემი პირველი მეუღლე, სანდრო მუშაობდა, მაგრამ ვერა! არა! არ შემეძლო! მიუხედავად იმისა, რომ 1993-1994 წელი იყო და ყველას აქედან გაქცევაზე ეჭირა თვალი. უკან დავბრუნდით.

ყველაზე ცუდად, ალბათ, მაშინ ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა. ხატვა დავიწყე და ვცდილობდი, ამაზე გადამეტანა ყურადღება. ძალიან ცუდად გავხდი, მეგონა, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ადრე ხომ მაღიზიანებდა, მაგრამ უცბად ისე ინფანტილურად ვიგრძენი თავი… მეე? მე ვცდილობ, არ ვგავდე დედაჩემს, არ მინდა, დედაჩემისნაირი დედა ვიყო. ამიტომ, ლევანს ყოველთვის მეტ თავისუფლებას ვაძლევდი, რომ ცხოვრებაში არჩევანი თვითონ გაეკეთებინა და 24 საათი არ მეკონტროლებინა..

image

პოპულარობამ საშინელება დამმართა. ბოლოს ისე ვიყავი, ქუდს ლამის თვალებამდე ვიხურავდი, რომ არავის ვეცნე. უკვე მაღიზიანებდა სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა. როგორ ხარ? რა გაცვია? როგორ გამოიყურები?.. სათვალე მიყვარს, იმიტომ რომ, რაღაც ინტიმს მიქმნის. ამინდს არ აქვს მნიშვნელობა. უსათვალოდ, ასე მგონია, შიშველი ვარ. არადა, გავიკეთებ თუ არა, ჩემს სამყაროში ვარ.

ახლა უფრო სხვანაირი ვარ, თუ რაღაც გადავწყვიტე, აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, რატომ უნდა დავუჯერო სხვას?

ერთი ბიჭი მომწონდა, 17-18-ის ვიყავი. ერთ დღესაც მომკიდა ხელი და ფოთში წამიყვანა. ერთ საათში ბიძაჩემი ჩამოვიდა.

მე ეს ბიჭი მიყვარს-მეთქი, –ვუთხარი. სილა გამაწნა, რას ნიშნავს გიყვარსო და უკან წამომიყვანა. იმ პერიოდში ცოლს შორდებოდა და რომ დაიწყეს ნათესავებმა ამბების მიტან-მოტანა – ასეთია, ისეთია, ამას შვრება, იმას შვრება – შემეშინდა და გავჩერდი.

19 წლის გავთხოვდი. მე და სანდროს სულ ცალ-ცალკე გვიწევდა ცხოვრება – ის სულ სადღაც იყო. ამიტომ, დიდხანს დედაჩემთან ვცხოვრობდი. არ მინდა, ამ პერიოდზე ლაპარაკი, სირთულეებთან არის

დაკავშირებული. მაგრამ, ეს 20 წელი ჩემს ცხოვრებაში ცოტა პესიმისტურ პერიოდად მახსენდება.

ახლა ყველაფერი შეიცვალა. როცა მეგობრები მსაყვედურობენ, რატომ არსად დადიხარო, იცი რაა… აღარ მაინტერესებს, მომბეზრდა. აღარ მინდა ის ქაოსი,

აღარც „ტუსოვკები“, გამოპრანჭვები. სისულელეა ეს ყველაფერი. ძნელად გავდივარ ადაპტაციას და ამიტომ, ყველაფერზე ვფორიაქობდი, ვნერვიულობდი… აღარ მინდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. მყუდროდ, სახლში მირჩევნია ყოფნა.

ჰო, ძილი მიყვარს. თვითონ ვერ ვიძინებ და დიდი ხანია, ტრანკვილიზატორს ვსვამ. როცა რაღაც მაწუხებს, ძილის დროს ყველაფრისგან ვითიშები – იმდენად, რომ დილით ყველაფერი მავიწყდება. ეს მეხმარება. არ ვიცი, თავიდან რომ დავიწყო, რამეს შევცვლიდი თუ არა. უბრალოდ… არ გავხდებოდი მუსიკოსი! მსახიობი? შეიძლება. არა, მე ვიცი, ფსიქოლოგი ვიქნებოდი…”

0
175
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0