x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ღვარღვარად ჩამოსდიოდათ ცრემლები" -ზონაში დადგმული "საბრალდებო დასკვნა"
image19 ოქტომბერი(1927წ.) რეჟისორის და მსახიობის გიგია ლორთქიფანიძის დაბადების დღეა.თავისი ხანგრძლივი შემოქმედების მანძილზე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის და თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი; 1967 წელს რუსთავში დააარსა სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1976 წლამდე; 1984–1986 წლებში საქართველოს ტელევიზიის მხატვრული ხელმძღვანელი; 1985 წლიდან ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2000 წლებში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი.

მის მიერ დადგმული უამრავი სპექტაკლის გარდა იყო რამდენიმე მხატვრული ფილმის დამდგმელი რეჟისორი, მათ შორის" დათა თუთაშხია", "წინაპართა მიწა" და "თეთრი ბაირაღები."


გთავაზობთ ერთ საინტერესო ისტორიას, რომელსაც თავად რეჟისორი მოგვითხრობს:


„საბრალდებო დასკვნას” ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა. ეს სპექტაკლი რუსთავში დავდგი და თავის დროზე საკმაოდ პოპულარულიც იყო. ერთხელ ჩემთან კოლონიის უფროსი მოვიდა და მითხრა: პატიმრები მეუბნებიან, ოღონდ ეგ სპექტაკლი გვიჩვენეთ და მთელ წელიწადს კოლონიაში დისციპლინას არავინ დავარღვევთო. – კი, მაგრამ, სად ვითამაშოთ, პატიმრებს თეატრში წამოიყვანთ-მეთქი? – ვკითხე. – ერთი პატარა ოთახი გვაქვს, იქ შეიძლება, სახელდახელო სცენის მოწყობა და უარს ნუ გვეტყვითო, – მთხოვა კოლონიის უფროსმა და სხვა რა გზა იყო? დავთანხმდი. მართლაც, ძალიან პატარა სცენაზე მოუწიათ მსახიობებს თამაში. სპექტაკლს დიდი დეკორაციაც არ სჭირდებოდა. საკნებიდან გამოიტანეს „ნარები“, წამოწვნენ ზედ მსახიობები და დაიწყო სპექტაკლი. უცნაური რამ მოხდა. თუკი თეატრში სპექტაკლის მსვლელობისას გაუთავებელი სიცილ-ხარხარი იყო, აქ ერთხელაც კი არავის გაუცინია – პატიმრები მთელი სპექტაკლის განმავლობაში გაუნძრევლად ისხდნენ, სცენას მისჩერებოდნენ და ღვარღვარად ჩამოსდიოდათ ცრემლები: მათთვის არ იყო ეს მხიარული ამბავი, მათთვის ეს იყო ტრაგიკული ავტობიოგრაფია, რომელსაც შორიდან უყურებდნენ... ჩემთვის ეს კიდევ ერთი გაკვეთილი აღმოჩნდა – გაკვეთილი იმისა, რომ მთავარი ის კი არ არის, რას თამაშობ ან რას დგამ, მთავარია, ვისთვის თამაშობ ან ვინ უნდა ნახოს ის სპექტაკლი, რომელსაც რეჟისორი დგამს."


imageფოტოზე: გიგა ლორთქიფანიძე და ნოდარ დუმბაძე

0
124
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0