x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138960
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512512
"სანამ ტყუილებს შესჩვევია!“

image


"ოჯახური საბჭოს ვერდიქტი

image

დედაჩემი, ზაირა ხუნდაძე, ექიმი იყო, ოტორინოლარინგოლოგი. სულ მიხაროდა პატარაობაში ამ სიტყვის სხაპასხუპით წარმოთქმა. დედაჩემის პროფესია განსაკუთრებული რამ იყო ჩემთვის და, საერთოდ, ექიმობა ყველაზე ჰუმანური და ადამიანური პროფესია მგონია დღესაც... მამა, მამია ხაზარაძე, ინჟინერი იყო, ერთ­-ერთი დიდი საპროექტოს დირექტორის მოადგილედ მუშაობდა ვაკეში, საქსოფლმშენსახლპროექტში. ამ დაწესებულების სახელსაც სხაპასხუპით ვამბობდი და ამით ჩემს ასაკთან შედარებით თითქოსდა ღრმა გათვითცნობიერებულობას ვუსვამდი ხაზს. ოჯახური საბჭოს გადაწყვეტილებით, როგორც იმ დროს სავალდებულოდ ითვლებოდა, მეც შემიყვანეს მუსიკაზე. და დაიწყო ჩემი ტანჯვა! რადგან ჩემმა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, მთელი დღეები იმაზე ფიქრში ვატარებდი, თუ როგორ მივსულიყავი მერკვილაძის ქუჩიდან კირიჩნის და შეროზიას კუთხემდე, სადაც ჩემი მუსიკის მასწავლებელი დალი მელოდებოდა (რომელმაც რამდენიმე წლის წინ მითხრა, გეხვეწები, არსად არ თქვა, შენი მასწავლებელი რომ ვიყავიო. ალბათ, არ უნდა, რომ მისი ასაკი გავამხილო უნებლიეთ, სხვა რა მოტივი უნდა ჰქონდეს. ვადასტურებ, დალი მასწავლებელი ახლაც ძალიან ახალგაზრდად და მშვენივრად გამოიყურება). მოკლედ, მთელი დღეები ტვინს ვიჭყლეტდი, თუ როგორ გამევლო ეს მანძილი, როგორ დავრჩენილიყავი შეუმჩნეველი რამდენიმე ქუჩის ბირჟისთვის, სადაც ჩემი და მეზობელი უბნის ბიჭები იდგნენ. მობირჟავეები მე უფრო სპორტსმენად მიცნობდნენ და ახლა მათ თვალწინ ნოტების ჩანთით ხელში უნდა მევლო. ჩანთას უცნაური და გულისამრევი სუნი ჰქონდა იმ დერმატინის გამო, რომლისგანაც ასეთ ჩასადებებს ამზადებდნენ საბჭოეთში. არც იკეცებოდა, მგონი არც ტყდებოდა და, რაც მთავარია, ვერც დამალავდი, იმხელა იყო. ერთხელ გადავწყვიტე, გაკვეთილი გამეცდინა, ოღონდ ისე, რომ მე არ დამბრალებოდა. შუა გზიდან მოვბრუნდი და განვაცხადე, რომ დალი მასწავლებელი სახლში არ დამხვდა. გონივრული ეჭვის ნიადაგზე, ოჯახურმა საბჭომ გადაწყვიტა, შემდეგ გაკვეთილზე ბებია გამყოლოდა.
image
მივედით დალი მასწავლებლის სახლთან. სახლი ორსართულიანი იყო, მე­-19 საუკუნის შენობა, საოცარი ჩუქურთმებიანი აივნებით, ულამაზესად მოხატული სადარბაზოთი და ვეებერთელა კიბით, რომელსაც მასწავლებლის ბინამდე ავყავდით. ეს იყო ერთ-­ერთი სახლი, რომელმაც არქიტექტურული მემკვიდრეობისადმი განსაკუთრებული სიყვარული გამიღვივა. აქვე ვიტყვი, რომ მოგვიანებით შესაძლებლობა მომეცა ჩემს მეგობრებთან ერთად აღმედგინა ისეთი შენობები, როგორიცაა, მაგალითად, მარჯანიშვილის ქუჩაზე ძველი უნივერმაგის შენობა, რომელსაც კომუნისტების დროს დაშენებული სართული მოვხსენით და პირვანდელი იერი დავუბრუნეთ. ბევრს უკვირდა ეს ამბავი, ალბათ იმიტომ, რომ დღემდე თითოეულ დამატებით კვადრატულ მეტრს მისდევს უმეტესობა მშენებლობაში; აღვადგინეთ შატო მუხრანი, ეს უნიკალური სასახლე ივანე მუხრან­ბაგრატიონისა, მე­-19 საუკუნის შენობა სულხან ჭავჭავაძის მამულში, სოფელ ვაზისუბანში, სვეტიცხოვლის სამრეკლო, ხიზაბავრის მე­-11 საუკუნის ტერასები, მარჯანიშვილის 6 ნომერში შვედეთის პირველი კონსულის რეზიდენცია, მწვანე შენობად წოდებული, ბათუმში რკინიგზის სადგურის მე­-19 საუკუნის უნიკალური შენობა და ბევრი სხვა. მიხარია, რომ ამ პროცესში ჩემთან ერთად ჩემი მეგობრები, არქიტექტორი გაგა კიკნაძე და მშენებელი დათო ლაცაბიძე მონაწილეობდნენ, და, ბუნებრივია, მამაჩემიც, რომელიც ყველა ამ პროცესის თანამონაწილე იყო, როგორც პროფესიით მშენებელი.მგონი, შენობებმა გამიტაცა, ისევ მუსიკას დავუბრუნდები.
image
ვდგავართ მე და ბებიაჩემი ანიკო დალის კარის წინ, მე ვითომ ზარის ღილაკს ვაწვები, პაუზას ვაკეთებ და ვეუბნები ანიკოს, ხომ გეუბნებოდი, სახლში არ არის-­მეთქი. კიდევ დარეკეო, მპასუხობს ბებია და მეც მთელი მონდომებით „ვაჭერ“ ზარს ხელს. ცოტა ხნის შემდეგ ანიკომ მითხრა, მართლა არ ყოფილაო და დავბრუნდით სახლში. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. საკუთარი თავით ვამაყობდი, ჯერ ერთი, ეს „გენიალური“ სვლა როგორ მოვიფიქრე, და მეორე - რა მარტივი ყოფილა ტყუილით ფონს გასვლა.
image
ის დღე ეზოში ფეხბურთის თამაშში გავატარე, საღამოს, ის იყო, უკვე საწოლში ჩათბუნებული დაძინებას ვაპირებდი, რომ ოჯახური საბჭოს ჩუმი თათბირი მომესმა სამზარეულოდან. ანიკო ამბობდა სიტყვას. დღესაც მახსოვს მისი სიტყვები. ცივმა ოფლმა დამასხა და სირცხვილის მწარე გრძნობა გამიჩინა. ვისაც გამოუცდია, მიხვდება, როგორია, როდესაც ზურგში ოფლის ცივი წვეთები გეღვრება და თან ლოყები გიხურს... სიტყვა ასეთი იყო: „სასწრაფოდ გამოიყვანეთ ეს ბავშვი მუსიკიდან, სანამ ტყუილებს შესჩვევია!“
image
ეს სიტყვები ჩამესმოდა ყურში, როცა ცხოვრებისეულ გზაჯვარედინებზე ვიყავი და შეიძლებოდა პატარა, უწყინარი ტყუილით შემემსუბუქებინა ჩემი მდგომარეობა. ეს სიტყვები არ მიშვებდა, რომ ეს გამეკეთებინა, და მადლობა ამისთვის ჩემს მშობლებსა და უსაყვარლეს ანიკო ბებიას."
image
ნაწყვეტი მამუკა ხაზარაძის წიგნიდან „სიმართლე გითხრათ”.
image
0
45
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0