საზოგადოება „ვნატრობდი, ერთი დღე მაინც ისე დაღამებულიყო, სიმშვიდე ყოფილიყო ოჯახში“ - სალომე უშხვანი 7 ოქტომბერი, 21:50
.
პოპულარული ტიკტოკერი, სალომე უშხვანი, ფართო საზოგადოებამ რეალითი შოუ რეალითი “პრაიმ ჰაუსით” გაიცნო. ლამაზი ქალის უკან საკმაოდ მძიმე ცხოვრება იმალება. დეტალებს ის „სარკესთან” დაუფარავად ყვება.
.
– სალომე, ხშირად აღნიშნავთ, რომ დღევანდელობამდე რთული ცხოვრება გამოიარეთ. რა სირთულეებს გულისხმობთ? – ძალიან რთული პერიოდები მაქვს გამოვლილი როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბავშვობის წლებში. დედ-მამას არ ჰქონდათ იდეალური ურთიერთობა და ამის გამო ბავშვობიდან ბევრი ტრავმა მომყვება. მე და ჩემი ორი დედმამიშვილი ვიზრდებოდით სახლში, სადაც სულ კონფლიქტური სიტუაციები იყო. – რა გახსოვთ ყველაზე მძაფრად? – როცა სკოლიდან მოვდიოდი, ერთადერთი სურვილი მქონდა, რომ მამა ფხიზელი ყოფილიყო. ჩემი დიდი ნატვრა იყო, ერთი დღე მაინც ისე დაღამებულიყო, რომ სიმშვიდე ყოფილიყო ოჯახში, ამიტომ ჩემთვის ძალიან რთულია კონფლიქტურ სიტუაციებში ყოფნა და ბავშვობის ტრავმის შედეგია ალბათ ის, რომ ძალიან სუსტი ემოციური მდგომარეობა მაქვს. ადვილად გამოვდივარ წყობიდან. როცა ოჯახში არაჯანსაღი გარემოა, ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ვიზრუნოთ ბავშვების. ეს კარგი მაგალითი აღმოჩნდა ჩემთვის ოჯახურ ცხოვრებაში. ნამდვილად არ მინდოდა, ჩემს შვილებსაც ის ენახათ, რასაც მე ბავშვობაში ვხედავდი. – რამდენი წლისა გათხოვდით? – 20 წლის. ქორწინება არასწორი გადაწყვეტილება იყო. ჩემი ქმარი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომ საერთო თითქმის არაფერი გვქონდა. ძალიან რთული ქორწინება იყო და არ მინდა, დეტალურად გავშალო ეს თემა, მაგრამ თანაცხოვრების პერიოდში ძალიან რთული ურთიერთობა გვქონდა. როცა ვთხოვდებოდი, იყო გარკვეულწილად სიყვარული, მაგრამ ასევე იყო იმის სურვილი, რომ გავქცეოდი იმ რეალობას, რაშიც მიწევდა ცხოვრება. გარკვეულწილად ეს გატაცებაც იყო და ოჯახიდან თავის დაღწევაც. – თქვენი მშობლები დღეს ერთად არიან? – არა და ამიტომაც ვამბობ, ჯობდა, ეს ნაბიჯი ადრევე გადაედგათ. ამით ძალიან ბევრ ტრავმას აგვაცილებდნენ შვილებსაც და საკუთარ თავსაც. ვფიქრობ, სწორედ ასეთი მძიმე ცხოვრების შედეგი იყო, რომ მოგვიანებით დედას სიმსივნე დაემართა. ოჯახში კაციც ის იყო და ქალიც. რა ამაგიც ჩემზე აქვს, იმის მეოთხედიც ვერ გავუკეთე ამ რთული ავადმყოფობის პერიოდში. – მამასთან ურთიერთობა არ გაქვთ? – ბავშვობაში ყველაზე მეტად მამა მიყვარდა, მაგრამ საერთოდ სხვა ადამიანია, როცა ფხიზელია და საერთოდ სხვაა, როცა ნასვამია. მამა დღემდე მიყვარს, მიპატებია ყველაფერი მისთვის, მაგრამ ის კონტაქტი არ გვაქვს, რაც მამა-შვილს უნდა ჰქონდეს. დიალოგი არ გამოგვდის და, აქედან გამომდინარე, თავს ვარიდებ კონტაქტს. ყოველთვის მეტირება, როცა მას ველაპარაკები. – თქვენმა ქორწინებამ რამდენი ხანი გასტანა? – ერთად, ჯამში, ორი წელიც არ გვიცხოვრია. ხან ციხეში იყო, ხან საზღვარგარეთ მოუწია მკურნალობის გავლა. საბოლოოდ ოჯახის დანგრევა გადავწყვიტე. დაძაბული ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ მოვახერხეთ, რომ დღეს გვქონდეს კარგი, მეგობრული ურთიერთობა. მას ჰყავს ცოლი და, სხვათა შორის, მან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩვენი ურთიერთობა ცივილური და უფრო მეგობრული ყოფილიყო. მადლობელი ვარ ამ ადამიანის, ძალიან უყვართ ჩემს შვილებს და როცა ჩემი ქმრის ცოლთან არიან, ვიცი, რომ დიდ სიყვარულს და ზრუნვას იჩენს. – ხშირად მაკა ასათიანს გამსგავსებენ. თუ გსმენიათ მაკას რაიმე რეაქცია ამ მსგავსებაზე? – არა და იმდენად უხერხული კომპლიმენტია ჩემთვის მაკა ასათიანთან მსგავსება, რომ მადლობის თქმაც კი არ შემიძლია. მაკა ისეთი ორიგინალია, მის ასლად ყოფნაც კი დიდი პატივია ჩემთვის. თუმცა მაკა მაკაა და მე ცალკე ინდივიდი ვარ. ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ „სარკეში“ 597 შეფასება არ არის
|