პოეზია "ნეტავი სულის პეპელა ჩემს კარზე ჩამოივლიდეს..." - გოდერძი ჩოხელს 70 წელი შეუსრულდებოდა 2 ოქტომბერი, 10:38
2 ოქტომბერს ქართველ მწერალს, სცენარისტს და კინორეჟისორს გოდერძი ჩოხელს 70 წელი შეუსრულდებოდა, შეგახსენებთ გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა 2007 წლის 16 ნოემბერს, 53 წლის ასაკში გულის უკმარისობით.
გოდერძი ჩოხელი შესანიშნავი მოთხრობების და შესანიშნავი ფილმების გარდა, შესანიშნავ ლექსებსაც ქმნიდა. *** მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს, რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ _ მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს, მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად, ისე სხვაგვარად შემიყვარდები, მოვა ზამთარი, შენ სანახავად ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით. მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით მიწაზე თეთრად დაეფინება და სანამ მოვა – ო, ნურაფერი, ო, ნურაფერი ნუ გეწყინება…” *** გაზაფხულზე, რომ გათბება მიწა, რომ ამოვა ენძელა და ია, საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ, ლექსს დაგიწერ ცისფერპეპლებიანს. ანანურთან არაგვის წყალს დავლევ, გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს, ციხისძირთან შემეყრება გველი, ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს. მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი, მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას, ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ, რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს *** თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო, ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ: როგორც არ უნდა გშიოდეთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ, თვალები არ ამომთხაროთ, ეს ვაჟკაცობა იტვირთეთ. რა ვიცი, იქნებ, თვალები სამარეშიაც დამჭირდეს, უთვალოდ მნახოს დედამა, ცხარე ცრემლებით ატირდეს.. *** მე რომ ვიყო გაზაფხულის დილა და უბეში მთის ნიავი მეჯდეს, მოვიდოდი სუყველასთან ფრთხილად და იმ ნიავს მოგისვამდით გვერდზე. მე რომ ვიყო შემოდგომის ქარი აქეთ-იქით რომ ატოკებს ხეებს, ვიქნებოდი, ვიქნებოდი წყნარი, რომ მეფიქრა სიყვარულით თქვენზე. მე რომ ვიყო შავ სიკვდილის ცელი სუყველას რომ განურჩევლად სცელავს, გავლღვებოდი, რომ არ ვიყო მჭრელი, ჩაგივლიდით, ჩაგივლიდით ყველას. და იცოდეთ, შევასრულებ ნატვრას, მე გავხდები გაზაფხულის დილა. *** ნეტავი სულის პეპელა ჩემს კარზე ჩამოივლიდეს, ღვთის საიდუმლოს მეტყოდეს მემრე სულ ჩემთან ივლიდეს, თავის ჭრელ ფრთებზე შემსვამდეს ქვეყანას შემაივლიდეს, მემრე თუ მოსწყინდებოდა ცის კიდეს გადაივლიდეს. 134 2-ს მოსწონს
|