ფეხბურთი ვინ და რატომ აპირებდა თბილისში მარიო კემპესის გატაცებას? 24 სექტემბერი, 12:42
ფეხბურთის ლეგენდა
1982 წლის ნოემბერში თბილისში ესპანური „ვალენსია“ ჩამოვიდა და მოსკოვის „სპარტაკთან“ გამართა შეხვედრა. მოსკოვში თოვლი იდო და მასპინძლებმა საასპარეზოდ საქართველოს დედაქალაქი აირჩიეს. ასეთი შეხვედრები ხშირად იმართებოდა თბილისში გვიან შემოდგომაზე და თითქმის ყოველწლიურად ჩამოდიოდნენ საქართველოს დედაქალაქში ევროპული გრანდები. „ვალენსიაში“ იმ დროს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ბომბარდირი მარიო კემპესი თამაშოდა. „ვალენსიელები“ საქართველოს დედაქალაქში თამაშამდე ორი დღით ადრე ჩამოფრინდნენ. მათ ესპანელ გულშემატკივართა ოცკაციანი ჯგუფი ჩამოჰყვა. იმავე საღამოს „ვალენსია“ და მისი ქომაგები სასტუმრო „ივერიაში“ დაბინავდნენ. საღამოს კი „დინამოს“ სტადიონზე მსუბუქი ვარჯიში გამართეს, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, ფეხბურთის ლეგენდა მარიო კემპესი იყო. ის დიდი ხალისით არიგებდა ავტოგრაფებს, იძლეოდა ინტერვიუებს და ყველასადმი ძალიან კეთილგანწყობილი იყო. ვარჯიში რომ დასრულდა, „ვალენსია“ და გულშემატკივრები „ივერიაში“ დაბრუნდნენ. უკვე შუაღამე სრულდებოდა, როდესაც სასტუმრო „ივერიას“ ორ ჯაჭვად ძალოვნები შემოერტყნენ. პირველ ჯაჭვს მილიციისა და „კაგებეს“ გადაცმული თანამშრომლები ქმნიდნენ, ხოლო მეორე ჯაჭვში, ანუ ზედა პერიმეტრზე უკვე შეიარაღებული უნიფორმიანები იდგნენ. ასეთი სურათი კომუნისტურ თბილისში წარმოუდგენელი რამ იყო და დიდი ყურადღება მიიქცია. თუმცა, ქუჩაში მოძრავი მილიციის პატრული ადამიანებს იქ არ აჩერებდნენ და ყველასთვის აშკარა იყო, რომ რაღაც საგანგებო მოხდა. ფოტოზე: მარიო კემპესი და ვლადიმერ გუცაევი-თბილისი 1982 წელი აღკვეთილი დანაშაული საბჭოთა მთავრობა ყოველთვის ყველაფერს ასაიდუმლოებდა და ცდილობდა, ხალხის ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. თუმცა, ამჯერად ეს ვერ მოხერხდა, რადგან უცხოელების უსაფრთხოება იყო დასაცავი და ასეთი მასშტაბური ღონისძიების დაფარვა თბილისის ცენტრში შეუძლებელი გახდა. საქმე კი ის იყო, რომ „კაგებეს“ კონტრდაზვერვის სამმართველომ მოიპოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბასკების ტერორისტული ორგანიზაცია „ეტა“, მარიო კემპესის გატაცებას აპირებდა იმ მიზნით, რომ ესპანეთის მთავრობა ეიძულებინათ, ციხიდან გამოეშვათ 11 „ეტელი“ ტერორისტი, რომლებიც ესპანეთის ციხეებში მძიმე დანაშაულებებისთვის იხდიდნენ სასჯელს. საქართველოს კონტდაზვერვამ რუსთაველის გამზირზე, „იმელის“ მიმდებარე ტერიტორირაზე ორი ესპანელი ტურისტი ომარ ირიბარი და აუგუსტო მარჩინესი დააკავა. ჩხრეკისას მათ 4 ცალი მაყუჩიანი პისტოლეტი და 4 ცალი საბჭოთა წარმოების ხელყუმბარა „ეფ 12“ ამოუღეს. ირიბარი და მარჩინესი გულშემატკივართა ძირითად ჯგუფს არ ჩამოჰყოლიან და საქართველოს დედაქალაქში ისინი მოგვიანებით ჩამოვიდნენ. დაპატიმრებულები „კაგებეს“ შენობაში გადაიყვანეს დაკითხვაზე და ჩვენებები ჩამოართვეს. მაგრამ ინაურმა თავის ხელქვეითებს ყველა ოქმი ამოართვა და თავის სეიფში ჩაკეტა. გამომძიებლებს კი განსაკუთრებულ განკარგულებამდე მათთან კონტაქტი აუკრძალა. საქმე კი ის იყო, რომ გენერალ ინაურს მოსკოვიდან დაურეკეს და უბრძანეს, რომ ყველა დოკუმენტაცია დაკავებული ესპანელების შესახებ სპეციალური კურიერებისთვის გადაეცა, რომლებიც მალე ჩაფრინდებოდნენ საქართველოს დედაქალაქში. დაკავებულებთან კონტაქტი აღეკვეთათ და, საერთოდ, ისე მოქცეულიყვნენ, როგორც მათ მოსკოველი კურიერები ეტყოდნენ. ინაური იმ ღამეს სამსახურში დარჩა და მოსკოველ კურიერებს დაელოდა. „ტურა“ მოსკოველი კურიერები თბილისში გამთენიისას ჩამოფრინდნენ. ინაურს შეხვდნენ, შემდეგ კი დაკავებული ესპანელები გაიყოლეს და მოსკოვში დაბრუნდნენ. გენერალი ინაური კი გააფრთხილეს, რომ ამ ამბის შესახებ ყველას დაევიწყებინა. თან, შეახურეს დამსახურებული გენერალი – „ივერიის“ ირგვლივ დაცვის სარტყელები სასწრაფოდ მოხსენით და ხალხის ყურადღებას ნუ იპყრობთო. ერთი სიტყვით, ეს საქმე საკმაოდ ბურუსით იყო მოსცული. უფრო სწორად კი ის ნაწილი, რომელიც ირიბარისა და მარჩინესის დაკავებას ეხებოდა. ამ საქმეს ნათელი მოჰფინა დიდ ბრიტანეთში გაქცეულმა „კაგებეს“ საბჭოთა ოფიცერმა, ოლეგ რიჟოვმა. როგორც გაირკვა, თბილისში დაკავებული ტერორისტი აუგუსტო მარჩინესი, სინამდვილეში, ცნობილი ტერორისტი რამირეს სანჩესი, მეტსახელად „ტურა“ იყო. ის „ეტამ“ მარიო კემპესის მოსატაცებლად დაიქირავა და თბილისში თავის კოლეგასთან ამიტომ იყო ჩამოსული.(გააგრძელე კითხვა) 602 3-ს მოსწონს
|