x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ასეთი სახის შენიშვნას ვერავისგან მივიღებ." - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეკა კვესიტაძე და ნიკა გვარამია

image


"ახალის" თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია და ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში ერთმანეთს ლაშა ბუღაძის მიერ გავრცელებული წერილის გამო დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ გვარამიას გაღიზიანება, კვესიტაძის მიერ ბუღაძის წერილის საკუთარ გვერდზე გაზიარებას და მოწონებას მოჰყვა. უცვლელად გთავაზობთ "ახალის" თანადამფუძნებლისა და ჟურნალისტის მიმოწერის ტექსტებს:


"ახალის" თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია:



"ეგრეა არა იხვი. ან ამის დამადასტურებელი რომელი კვლევა ნახეთ რომელიმემ, ან რომელ სოციუმში გაზომეთ. ტექსტიც არასერიოზული და უპასუხისმგებლოა და შენი შეარიც. იმიტომაცაა ერთოც და მეორეც ლაიქნახევრიანი. მიხვდით ბოლობოლო, რომ ბოდიალია ეს ყველაფერი და ერთი სამეგობროს და პირადად დაინტერესებულ პირთა გარდა არავინ არ იზიარებს."





ეკა კვესიტაძე:


"ჯერ ერთი, ჩვენ გახარიას, ლელოს და ზურაბიშვილის გაერთიანებას ვგულშემატკივრობ. მეორე, მეც და ლაშაც ზრდასრული, გამოცდილი და პასუხისმგებლიანი ადამიანები ვართ და პირადად მე, ასეთი სახის შენიშვნას ვერავისგან ვერ მივიღებ."




ნიკა გვარამია:


"ზრდასრულად გპასუხობთ მეც, როგორც ზრდასრულებს. რაც შეეხება სტატუსს, ეგ სტატუსი არაა მხოლოდ იმაზე, რაც დაწერე. ან შენ ვერ ჩაწვდი, ან ავტორს გაუჭირდა მკაფიოდ აზრის ჩამოყალიბება"




ეკა კვესიტაძე:



"ზრდასრულებთს შორის კომუნიკაცია შეურაცყხოფის გარეშე წარმომიდგენია მე. ერთი ერთი. მეორე – მე და ლაშას გვილაპარაკია ამაზე და შესაბამისად, ზუსტად ვიცი რაც არის მისთვის პრიორიტეტი. თავად ავტორიც გიპასუხებს ალბათ, როცა მოიცლის."




ნიკა გვარამია:


"შეურაცხყოფა და დრამა აქ არაა და არაა საჭირო თავის წაქცევა. რაც შეეხება მეორეს, სტატუსი ავტორთან წინასწარ გასაუბრების გარეშე თუ გაუგებარია, სტატუსის პრობლემაა, მინიმუმ"





ეკა კვესიტაძე:



"მარტივი არითმეტიკაა – თუ გახარიამ ვერ გადალახა ბარიერი, მაშინ ოპოზიცია აგებს. არავინ არ ვგულშემატკივრობთ გახარიას, ამის ახსნა არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენ. მაგრამ, სამწუხაროდ, წინასაარჩევნო არითმეტიკა ასე დაჯდა. გახარია ახლა ყველაზე მოწყვლადია, შესაბამისად, თუ მარტო დარჩება ადვილი სამიზნე გახდება და ბარიერს არ გადაალახინებენ. სულ ესაა – წმინდა პრაგმატული გათვლა ხმების არ დაკარგვის და გამარჯვების❤️ამიტომაა საჭირო მისი ლელოსთან გაერთიანება – არანაცურ კოალიციაში. ისეთი დროა ემოციების და მოწონება-არმოწონების ფუფუნება არ გვაქვს, სამწუხაროდ. ყველა კვლევით გახარია ბარიერს ეთამაშება."




ნიკა გვარამია:



"ხოდა მიმართე ზუსტ მეცნიერებათა შორის ყველაზე ზუსტს – მათემატიკას და ამ ირაციონალურ-ემოციურ სტატუსს ნამდვილად არ დააშეარებ"




ეკა კვესიტაძე:



"მივმართე გახარიას შემთხვევაში და რამე არასწორად გავაანალიზე?"




ნიკა გვარამია:



"კი, სამწუხაროდ: ბარიერს მიღმა დარჩენილი მანდატების განაწილების წესი. ისე, ყველაზე მარტივი ამბავი მაინც ისაა, რომ ტუ ბევრი ამომრჩეველი მოვა (2 მილიონი +), ოცნება ყველა ვარიანტში წააგებს, რაგინდარა არ უნდა ვთვალოთ და რამდენიც არ უნდა ვიმკითხაოთ ცენტრების რაოდენობაზე და შემადგენლობაზე. ასე რომ, GOTV უნდა ვიძახოთ და არა ოპოზიციის უპასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ და დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია გამოვიწვიოთ. მით უფრო, როცა არავითარი რაციონალი ამ მჩხიბავობის უკან არაა.


არასწორი მათემატიკაა: ნებისმიერი გარეთ დარჩენილი ხმა ნაწილდება პროპორციულად და არა ქოცებს მიაქვს ყველა."


ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძეს შორის კომენტარებში გაჩაღებულ დებატებს, თავად წერილის ავტორი, ლაშა ბუღაძეც გამოეხმაურა:



"არადა, ყველა სიტყვას პასუხისმგებლობით ვეკიდები და ყველა სიტყვას ვწონი მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები კი იმდენი მომისმენია და მინახავს პოლიტიკოსებისგან თუ სხვათაგან სულ ცოტა ბოლო 12 წელიწდში, ახლა ამის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ყველაფერი კარგად მახსოვს. რაც პოსტში დავწერე, ეყრდნობა არა ჩემს შეგრძნებებს, არამედ სწორედ კვლევებს და ის რეპლიკა, რომ თურმე ჩემ სუბიექტურ აღქმებს და ბაბლის ინტერესებს გამოვხატავ, მესმის ბოლო 20 წელია იმათგან, ვისაც არ უყვარს, როცა აკრიტიკებენ ან მათ იმპერატივებს არ იზიარებენ. მიზანი უნდა იყოს ივანიშვილის დამარცხება და სხვა ყველაფერი ახლა მეასეხარისხოვანია. ხმები არ უნდა დაიკარგოს სწორედ მათემატიკურად და ხალხს იმის დამატებითი მოტივაცია უნდა მიეცეს, რომ არჩევნებზე დაიცვას თავისი მომავალი ივანიშვილის თაღლითებისგან."



ახლა კი უცვლელად გთავაზობთ ლაშა ბუღაძის იმ წერილს, რომელსაც სოციალურ ქსელში ტელეჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის დიდი ურთიერთგარჩევა და დაპირისპირება მოჰყვა:


"გაზაფხულზე პროტესტის დომინანტი ძალა სამოქალაქო საზოგადოება იყო – უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდები, ახლა კი პრინციპში პოლიტიკური (და არა სამოქალაქო) პროცესია და დომინანტები პარტიები არიან, რომელიც მცდელობის მიუხედავად, დომინანტები ვერ იყვნენ აქციების დროს. ზოგს, – ყველას არა, – აქციეზე სიტყვით გამოსვლაც კი არ შეეძლო არაპოპულარობის გამო, რაც სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა.

ახლა სხვა პრობლემაა.


განცდა მაქვს, რომ პარტიები ამ არჩევნებს უმალ პარტიულ პროცესად უფრო აღიქვამენ, ვიდრე საერთო ეროვნულ ეგზისტენციალურ ბრძოლად. თითქოს თავისთავადია, მაგრამ როგორც ჩანს ეს მთლად კარგად არ არის გააზრებული, რომ მათი ამოცანა ახლა მხოლოდ (!) ის უნდა იყოს, რომ ხმები არ დაიკარგოს და ივანიშვილმა ისეთი დიქტატურა არ დაამყაროს სამომავლოდ, სადაც პოლიტიკური პროცესი ფარსი იქნება და ძალაუფლება კი მისი ოჯახის წევრებს გადაეცემათ, რისი მაგალითები უხვია პოსტსაბჭოთა და არადემოკრატიულ ქვეყნებში.


“ქართულ ოცნებას” ეშინია გაერთიანებების, რადგან გონივრულ გაერთიანებებში მეტი ძალა და პრაგმატულობა ჩანს და ჩვენც, მოქალაქეებს, სწორედ ეს გვინდა: რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და ყველა ოპოზიციურ ანტიივანიშვილურ გაერთიანებებს შეეძლოთ ბარიერის გადალახვა, რაც პირდაპირ ბმულობაშია ივანიშვილის დამარცხებასა და რუსული კანონების გაუქმებასთან.


დიდი ერთიანობა არ გამოვიდა, რაც ცუდია და სულელური ნაბიჯი, მაგრამ ახლა ორი სწორი პოლუსი ხომ მაინც უნდა იყოს, რომელიც ყველას შანსს მისცემდა ამ ამოცანის აღსრულებაში: რად უნდა იმას კამათი, რომ “ლელო” და “გახარია-საქართველოსთვის” უნდა შეერწყას ერთმანეთს (და ეს პრაგმატულია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციური ხმები დაიკარგება) და სხვა ერთგვაროვანი იდენტობების მქონენიც რომ ერთ პლატფორმად იყვნენ სავარაუდოდ, ხომ არც ეს იქნებოდა ლოგიკას მოკლებული?!


ირონიის გარეშე, მესმის რომ ბევრი ფული, ბენზინი და მოწეული სიგარეტი გაიხარჯა პარტიების ლოგოების ფერის შერჩევაში, მაგრამ ფერებზე მნიშვნელოვანი ალბათ საქართველოს ბედია, არა?!


ამ პროცესში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული სალომე ზურაბიშვილი ყველასთვის ადეკვატური ფორმით, რადგან მისდამი არსებობს სიმპათია და ის უთუოდ მნიშვნელოვანი როლის მატარებელია.


ვიცი რა, რომ ყველა პარტია “გამოცდილებაზე დაყრდნობითა” თუ ტრადიციული ფანტაზიორობის ჩვევით პარალელურ რეალობაზე, თავიანთი პრემიერ-მინისტრების და სპასპეტების პლასტმასის ფიგურების კონსტრუირებით არიან დაკავებულები (სიგარეტი კვალაც ბევრია მოსაწევი ასეთ გასართობ თემეზე საუბრისას), მაგრამ მათდამი პატივისცემის მიუხედავად, ეს მგონია სრული არაადეკატურობა… ამაზე ჯერ-ჯერობით მეტს აღარ დავწერ.



რა “პრემიერ-მინისტრები” და “სიები” – რუსი დიქტატორი გვაზის თავზე!


ყველას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, რომ არავინ აკრიტიკოს ოპოზიციიდან (რადგან ღია კრიტიკას მაშინვე თავის სასარგებლოდ იყენებს ივანიშვილის პროპაგანდა), მაგრამ სამწუხაროდ დრო აღარ ითმენს.



გადაჭარბებული მოლოდინი არც პარტიების მიმართ მაქვს და არც მით უმეტეს, ვინმესი სამოქალაქო საზოგადოებიდან – რწმენას მხოლოდ ჩვენი ხალხის უმრავლესობის რაციონალიზმი და ადეკვატურობა მიჩენს, – და სწორედ ამ მოლოდინის გათვალისწინებით, სხვა ჩემნაირ მოქალაქეებთან ერთად მხოლოდ იმას ველი, რომ პარტიებმა ერთმანეთი არ აზიანონ, ეგოების დატოლებას მორჩნენ, დროებით, საარჩევნოდ გაერთიანდნენ რაციონალურად და ჩვენთან ერთად არც ერთი ხმის ქურდობის საშუალება არ მისცენ ივანიშვილის რუსულ ბანდას, რომლის მიზანიც გაცხადებული და ერთადერთია: გააუქმოს აგონიური რუსეთისგან გაღწევისკენ ორიენტირებული საქართველო!


შესაძლოა, ივანიშვილი რომ მოღალატეა, ამის არ სჯეროდეს ოლიგარქის სიაში აღმოჩენილ მძიმე საგნის ამწევ პოპულარულ ადამიანს (ისტორიის აღქმას როგორც ჩანს მხოლოდ მძიმე საგნების აწევა არ ყოფნის, სხვა უნარებიც საჭიროა – თუნდაც მსუბუქად ინტელექტუალური), მაგრამ ეს უნდა ესმოდეს ყველას, ვინც გაცნობიერებულად ერთიანდება ივანიშვილისა და საქართველოს მარგინალიზება-გარუსების წინააღმდეგ!


"დაკარგულ სულებზე" დროს ნუ გავხარჯავთ, ვინც პატრიოტია, მათ მოტივირებაზე და ხმების არგაფანტვაზე ვიფიქროთ!"- ვკითხულობთ ლაშა ბუღაძის წერილში.




0
743
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
743