საქართველო
"ბიძინას გასროლა, მიზანს აცდა"- რას წერს გია ხუხაშვილი
12 სექტემბერი, 11:28
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი "უცხოური გამჭვირვალობის" შესახებ კანონის გათვალისწინებით, რეესტრში 450-ზე მეტი ორგანიზაციის დარეგისტრებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"იმ ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი, რომლებიც დარეგისტრირდნენ არის ხელისუფლებასთან აფილირებული და/ან ამ უკანასკნელთან აქტიურ თანამშრომლობაში მყოფი.
ანუ, ბიძინას გასროლა, შეიძლება ითქვას მიზანს აცდა, რადგან ვის გამოც მთელი ეს მავნებლობა იქნა წამოწყებული, აქტიური ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა.
ახლა არჩევნებამდე, მათ მიმართ რაც უფრო მეტ რეპრესიულ სისულელეს ჩაიდენს, მით უფრო გაიუარესებს ელექტორალურ მოცემულობას.
მთავარია, სამოქალაქო სექტორმა ამ პერიოდში მხნეობა შეინარჩუნოს და არ დანებდეს საქართველოს ევროპული მომავლის სახელით."- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ "უცხოური გამჭვირვალობის" შესახებ კანონის გათვალისწინებით, რეესტრში 450-ზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა, ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას:
"დასრულდა უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა.
საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მინდა მადლობა გადავუხადო, ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს მას არც გამჭვირვალობის ეშინია.
ლოგიკურია, რომ დაფინანსებას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ პროპაგანდით არიან დაკავებულნი და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს", - განაცხადა კობახიძემ.