x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სიკეთის მერცხალი"-ირაკლი ნადარეიშვილი

image

- პაპა! ე გავერანებული ვენახი ვისია? არც გაფურჩქვნა-წამლობისა რომ არაფერი ეტყობა და არცა რწყვისა.
- ეჰ, ეგა, შვილო, ჭოლაანთ გოგიასია. იცი, რა გამრჯე ხელი ჰქონდა, იმ საცოდავსა?! ამ არემარეში მაგის ზვრებზე უკეთესსა კაცი ვერა ნახამდა, მაგრამა...
- რა მაგრამა, პაპა?
- ავარიაში მოყვა, შვილო, შარშანწინა. ჰოდა, შრომის უნარი დაჰკარგა. კარმიდამოში თუ წაიჩუჩუნებს ცოტასა, თორემა, აბა, სადღა აქვს ვაზის მოვლის წელი მაგასა. სანამ ბალღები აქეთა ჰყავდა, კიდე არაუშავდა მაგის ვაზსაცა და კერასაცა, მაგრამა რაც დაკრეს ფეხი და საზღვარგარეთ გადაიხვეწნენ სამუშაოთა, ცალკე ეს ვენახი იტანჯება უპატრონობითა და ცალკე კიდე გოგია ამის შემხედვარე.
- მიმშველებელი არავინა ჰყავს, პაპა?
- დედაკაცი კი ჰყავს, მაგრამა, მარტოქალი აბა რამდენს უნდა გაწვდეს, განა?! მიშო, შვილო, დაღლილები კი ვართ, მაგრამა ვქნაათ მადლი დღესა, ჰა, პაპა? რას იტყვი, წავუკრათ ხელი გაჭირვებულსა?
- ჰო, მარა, აკი პურმარილზე მიდიოდი დღესა?
- არაუშავს, შვილო, ჩემი სტომაქი ამ ერთხელაც მაპატიებს უწარაფობასა, ეს ვენახი კიდენა სულსა ღაფავს და დროულად უნდა მიშველება, მაშა. ახლა გაიქეცი, ბაბოს უთხარი: ყველი და პური გაგიხვიოს და რასაც დასძალავ, იმდენი ცივი წყალიც წამოიღე, მერე “ბირჟაზე“ გამოირე და სიტყვა დააგდე - მე და პაპა ჭოლაანთ გოგიას ვენახში ვართ და ვისაც დრო და სურვილი გაქვთ წამოგვეშველეთ-თქო, გაიგე, პაპა?!
- კარგი რა, პაპა, ვინ წამოვა ამ სიცხეში. ეგენი “ბირჟაზე“ იმიტომა დგანან, საკუთარში მუშაობა რომ ეზარებათ და სხვისაში გაანძრევენ ხელსა?
- შენ გაფრინდი, ჩემო მერცხალო, და ის იჭიკჭიკე, რაც გითხარი, დანარჩენსა კიდენა დრო გვანახებს.
- ეჰ, როდის იყო ერთი მერცხლის ჭიკჭიკს გაზაფხული მოჰყავდა, პაპი?! გაიხუმრა მიშომ.
- გაიქე -მეთქი, გეყურება, ბალღო?!
- ჰმ, აკი გეუბნებოდი, პაპა... არც არავინ წამოვიდა და მასხრადაც ამიგდეს. ესაო, ისაო ამ სიცხეში ვირი არ გაიგდებაო, პაპაშენი ეტყობა ბაბოს ვეღარა ფურჩქნის და სხვის ვენახებს მისდგომიაო, ეგ წყალი კეფაზე დაისხით დასიცხულხართო. მადლი თუ გინდოდათ, ჩუმად გაგეკეთებინათ, რა სოფელი შეჰყარეთ, რასა ბაქიბუქობთო. დიდყურაანთ ვანომა კიდე, იგეთი რამე მითხრა ლამის ქვა ვესროლე, პაპი...ნაირა მასწავლებელმა ჩამოიარა და შემრცხვა, თორემა სულ სათითაოდ ვაპირებდი მაგის კეთილების ჩამოთვლასა...შენა კიდე “ბირჟაზე“ სიტყვა დააგდეო. ენდე, შენი სიტყვა... ბრაზყელშიგაჩხერილმა, ნახევრად სლუკუნით შესჩივლა მიშომ პაპას.
- მიშო, შვილო, დამიგდე ყური! შენ შენი ვალი მოიხადე დანარჩენი მაგათ სინდისზე იყოს. სიკეთის კეთებისა და ამ საქმეში სხვისი მოწოდების შიში არ უნდა გქონდეს, გენაცვალოს პაპამა. ეგა იმასა ჰგავს, კაცსა რომ საკუთარი ჩრდილისა ეშინოდეს და ერიდებოდეს. ჩრდილისგან თავის დაღწევა კიდენა მხოლოდ წყვდიადში ყოფნით შაიძლება, შვილო. ვისაც მართლითა და ნათლითა სურს ცხოვრება და სიარული, მასა ხელმოცარვისა და აჩრდილების შიში არ უნდა ჰქონდეს. მზის გულზე მდგარი კაცი შესამჩნევია. ჰოდა, როცა თვალში მოხვდები ხალხსა, ვისმესგან ნუღარც ლაფის სროლა გაგიკვირდება მემრე. გაკეთებულ სიკეთეზე ლაპარაკი, ბაქიაობად და ცუდ ტონად ადრე ითვლებოდა, შვილო, ახლა კი რაც შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ მასზე მკეთებელმაცა და მომკელმაცა, რადგან ბოროტების ამ გაუსაძლის გრუხუნში მისი არსებობა არ გადაავიწყდეს ხალხსა. იმდენი ტალახი ესროლეს სიკეთესა, აგრე მოთხვარეს, რომა ახლა ყველასგან შეუმჩნეველი თავად დაიარება ჩრდილში, ე, მანდ, შემთხვევით, ვინმეს თვალში არ გავეჩხირო და ისევ ლაფში არ ამომსვარონ ადამიანებმაო. ამიტომაც აღარა ჩანს აღარც ისა და აღარც მისი მკეთებელი. მე და შენ უნდა გამოვიყვანოთ სიკეთე მზის შუქზე და უწინდებურად ავამზიანოთ, პაპა გენაცვალოს შენა. ვიღაცა დაგვცინებს, ვიღაცა იტყვის ხეირი ექნებათ რამე, აბა ისე რა მოსცლია, თუ თავისი საქმე დალევიათო, მაგრამა ათასში ერთმაც რომ მოგვბაძოს, ეგაც საქმეა შვილო. სიკეთე ბევრი არასოდეს იქნება, პაპა გენაცვალოს, მისი გამრავლება მხოლოდ მადლიერებას შეუძლია. ჰოდა, იმ ცოტას კეთების სურვილი კიდენა არ უნდა დავანებოთ ეშმაკსა და ღვარძლსა. ასეა, პაპა გენაცვალოს, როცა გონებისა და გულის კარი იხურება, პირის ალაყაფი იხსნება მაშინა და იქიდანა კიდენა იმოტონა სისულელისა და ყიამყრალობის ღვარცოფი იღვრება, რომა ვერცერცერთი კალაპოტი ვერ დაიტევს. მხოლოდ გონების მზიანობას ძალუძს ამ ღვარცოფის გადალახვა გაუსვრელსა. მაგათ რომ ყური უგდო და ეკამათო გაგსვრიან შვილო და გულს აგიგდებენ. გულაგდებული კაცი მადლუძლურია, შვილო, ხოლო მის მიერ ნაკეთები სიკეთე კი გადაწვიმებასა ჰგავს: ვაზსა მხოლოდ ფოთოლს რომ უნამავს და ფესვამდე ვერ ჩადის. ჩვენ ჩვენი ვაკეთოთ, პაპა გენაცვალოს, თუ ამოგვიდგა ვინმე და შეისმინა შენი სიტყვა, ხომ კარგი…თუ არადა, მადლი ხომ მაინც მადლად დარჩება ამ წუთისოფელში. იცი რათ დაგცინეს მაგათა, შვილო?
- რათა, პაპა?
- იმათა, რომა უპატიოსნოთა ჯოგში ერთი პატიოსანი თუ გამოერევა, იმ ერთის შამყურე ყველა უხერხულადა გრძნობს თავსა. ის თუ არ გააშავეს, დაამცირეს და გალაფეს, შვილო, თავიანთი წესიერება როგორღა უნდა ამტკიცონ მემრე?! ჰოდა, ეგრე მოგექცნენ შენცა. შენი აგდებითა, სულის სიღრმეში ჯერ კიდევ შერჩენილი სინდისი მიაძინეს და საკუთარი ყოფა გაამართლეს.. მაგ ავი სიტყვითა, თავიანთი უქნარობა და უგულობა შეფუთეს და ნუ გეწყინება. კაცი რომ სიბრალულსა, გულსა და ჯიგარს დაჰკარგავს, მერმე ცხოველს ემსგავსება. ცხოველი კიდენა თავის გადარჩენის ინსტიქტებით ირჯება, შვილო, და არა სინდისისა და გონების ხმითა. მაგრამა... მთელი სოფელის ცხოველად ქცევა სადა თქმულა კაცოო. არა, შვილო, არა … ვერ დამიჯერებია, უთუოდ გამოჩნდება ვინმე, სხვაგვარად არ შაიძლება...
- მადლი შენ გარჯასა, გიგო პაპა! აგერა მე და ყაფლანაანთ ვანო შეგეშველებით საღამომდე. მერე კი არ გვიწყინო და ქალაქსა ვართ წასასვლელები.
- შავგოგია, შენა ხარ, ბიჯო?
- მე ვარ, გიგო პაპა, მე... ვანოს გაუგია შენი ბალღის ნათქვამი და გულმა აღარ დაგვარჩინა შინა.
გვერდულად გადახედა გიგომ შვილიშვილსა და თვალი ჩაუკრა. მიშოს თვალებში აკიაფებულ სიხარულის ცრემლში, მთელი ქვეყნიერების სიკეთის მზე ანათებდა იმ წამს.
- ენდე! გამაიღო თუ არა ხელი შენმა ჭიკჭიკმა, ჩემო მერცხალო. დაიხსომე, შვილო! სიკეთე იგეთი გაზაფხულია, რომლისთვინაცა ერთი მერცხლის ჭიკჭიკსაც არწივის მოძახილის ხმა და ძალა აქვს, შენ გენაცვალოს პაპა, შენა.
06.09.2022 წ. ირაკლი ნადარეიშვილი-პროკურორი, ადვოკატი, პედაგოგი და მწერალი.
0
31
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0