x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ირანის ისლამური რევოლუცია

image

მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი ავღანეთის ჭაობში ეფლებოდა, 1979 წელს აშშ-ის პოლიტიკამ დიდი მარცხი განიცადა: რევოლუციური მოვლენების გამო ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. შაჰი ვაშინგტონის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სტრატეგიულ მოკავშირედ ითვლებოდა. 1953 წელს მან ძალაუფლება სწორედ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით დაიბრუნა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი პრემიერ-მინისტრი მოსადეყი პოლიტიკას ჩამოაშორეს.
შაჰი მკვეთრად გამოხატულ პროამერიკულ პოლიტიკას ატარებდა, ცდილობდა ქვეყანაში დასავლური ფასეულობების დანერგვას, რითაც გავლენიანი სასულიერო პირების უკმაყოფილებას იწვევდა. შაჰი უაღრესად ავტორიტარული მმართველი იყო. ქვეყანაში არსებობდა მხოლოდ ერთი – ეროვნული აღორძინების პარტია, რომლის წევრობა აუცილებელი იყო ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად. მოსახლეობას და ოპოზიციურად განწყობილ პირებს შიშის ზარს სცემდა შაჰის საიდუმლო პოლიცია "სავაქი". იგი განსაკუთრებით კომუნისტებს არ წყალობდა. მიუხედავად ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლებისა, რაც უმთავრესად ნავთობის მოპოვებასთან იყო დაკავშირებული, ქვეყანაში დიდი სოციალური უთანასწორობა და სიდუხჭირე იყო. შაჰის გარემოცვაში ძლიერი კორუფცია და ელიტარიზმი იყო გავრცელებული.

1971 წელს სპარსეთის იმპერიის დაარსების 2500 წლისთავის საზეიმო აღნიშვნისას შაჰმა 100 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც იმ დროს ასტრონომიული თანხა იყო. ამან ხალხის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
ფაქტობრივად კრახი განიცადა შაჰის ეკონომიკურმა პროგრამამაც, ე.წ. თეთრმა რევოლუციამ. მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის მიუხედავად, ირანში მაღალი ინფლაცია "ჭამდა" ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. სასულიერო პირებისა და ოპოზიციურად განწყობილი წრეების განსაკუთრებულ მიუღებლობას იწვევდა დაჩქარებული ვესტერნიზაციის პოლიტიკა. ამ უძველესი ისლამური ტრადიციების ქვეყანაში დასავლური ფასეულობების მექანიკური დანერგვა ქმნიდა საყოველთაო შეგრძნებას, რომ შაჰს ირანელებისათვის საკუთარი იდენტურობის წართმევა უნდოდა; ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ისლამში ეძებდა საკუთარი თავის დაცვასა და თვითრეალიზაციას.
სასულიერო პირების ლიდერთა შორის აიათოლა რუჰოლა ხომეინი გამოირჩეოდა, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე 1960-იან წლებში გამოვიდა. მან მკაცრად გაილაშქრა შაჰის "თეთრი რევოლუციის" წინააღმდეგ, რომელიც სოციალურ რეფორმებსა და შიიტური სასულიერო პირებისათვის მატერიალური პრივილეგიების შეზღუდვას ითვალისწინებდა. ხომეინი მალე დააპატიმრეს, რასაც მასობრივი დემონსტრაციები და გამოსვლების დარბევა მოჰყვა. გათავისუფლების შემდეგ ხომეინის კრიტიკის სამიზნე გახდა შაჰის თანამშრომლობა ისრაელთან და აშშ-თან. იგი კვლავ დააპატიმრეს და ერაყში გადაასახლეს, სადაც 14 წელი ცხოვრობდა. სწორედ ერაყში ჩამოაყალიბა ხომეინიმ თავისი ცნობილი რევოლუციური იდეოლოგია, რომლის ერთ-ერთი დებულება უარყოფდა ორივე სუპერსახელმწიფოს – საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის გავლენას მუსლიმებზე. ანუ, ფაქტობრივად, ხომეინი განაცხადს აკეთებდა მომავალში ირანის ლიდერულ როლზე მუსლიმურ სამყაროში.

ხომეინის წიგნები ირანში სწრაფად ვრცელდებოდა, იგი უაღრესად პოპულარული ხდებოდა ფართო მასებში. 1977 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა კარტერმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ირანის შაჰსაც მიმართა, რის შედეგად ბევრი პატიმარი გაათავისუფლეს. მაგრამ იმავე წელს "სავაქმა" მოკლა ოპოზიციის ერთ-ერთი იდეოლოგი ალი-შარიათი, ხოლო ოქტომბერში ბინდით მოცულ ვითარებაში დაიღუპა ხომეინის შვილი მუსტაფა. ამ მკვლელობებმა მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია.
1978 წელს ქალაქ ყუმში არმიამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, 70 ადამიანი დაიღუპა. საპროტესტო ტალღა მოედო სხვა ქალაქებსაც. დემონსტრანტები წვავდნენ მდიდრულ სასტუმროებს, კინოთეატრებს, ბანკებს, ოფისებს. თავრიზში ჯართან დემონსტრანტების შეტაკების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა. სექტემბერში არეულობა მთელ ქვეყანას მოედო. შაჰმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, აიკრძალა დემონსტრაციები. მიუხედავად ამისა, გამოსვლები გრძელდებოდა. განსაკუთრებით ტრაგიკული აღმოჩნდა "შავი პარასკევი" თეირანში, როდესაც დემონსტრანტებს სამხედრო ვერტმფრენებიდან ესროლეს.
image1978 წლის 2 დეკემბერს თეირანში დემონსტრანტთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. მოთხოვნა ასეთი იყო – შაჰის გადადგომა და ხომეინის ირანში დაბრუნება. ამ დროისთვის ხომეინი უკვე პარიზში იმყოფებოდა, სადაც მან რევოლუციური საბჭო შექმნა. ირანის მოვლენებს ვაშინგტონში შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს, მაგრამ რაიმე გამოსავალი ჯერ არ ჩანდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამერიკელები რაღაც დიდ გეგმას ამზადებდნენ ირანისთვის. აბა ასე იოლად ხომ არ დათმობდნენ ამხელა ქვეყანას? მდიდარი ირანელები და მათი ოჯახის წევრები გამალებით ტოვებდნენ ქვეყანას. მონარქის მხარდასაჭერად მხოლოდ არმია და პოლიცია რჩებოდა.

1979 წლის 16 იანვარს შაჰი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. პრემიერ-მინისტრმა შაჰფურ ბახთიარმა სასწრაფოდ დაიწყო დემოკრატიული რეფორმების გატარება: გააუქმა "სავაქი", გაათავისუფლა პოლიტპატიმრები, ხალხს დაჰპირდა თავისუფალ არჩევნებს, მოიწვია ოპოზიციური პარტიები კოალიციურ მთავრობაში. ირანი რომ რეფორმების გზით წასულიყო, ალბათ, ბევრ უბედურებას გადარჩებოდა. მაგრამ უკვე გვიან იყო: ხალხს რევოლუცია უნდოდა. ისინი კერპს ელოდნენ და, მართლაც, 1 თებერვალს ხომეინი ირანში დაბრუნდა. თეირანის აეროპორტში ათიათასობით ადამიანმა მას ფანატიკური შეხვედრა მოუწყო. ხომეინიმ უნდობლობა გამოუცხადა ბახთიარს და პრემიერად ბაზარგანი გამოაცხადა. სამხედროები და ჯარი თანდათან ხომეინის მხარეზე გადადიოდნენ. რევოლუციურმა საბჭომ მალე დაიკავა ტელე და რადიოსადგურები, შაჰისა და მთავრობის შენობები.
11 თებერვლისათვის მთელი ძალაუფლება რევოლუციონერების ხელში იყო. 30 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ამომრჩეველთა 98%-მა ხმა მისცა ირანის ისლამურ რესპუბლიკად გარდაქმნას. შეიქმნა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, რომელსაც ასევე 98%-მა დაუჭირა მხარი. დაიწყო შაჰის მომხრეებისა და რეჟიმის წევრთა დევნა და ფიზიკური განადგურება, რაც წლების მანძილზე გრძელდებოდა. ყოფილი პრემიერი ბახთიარი პარიზში მოკლეს. ირანი რელიგიურმა ისტერიამ მოიცვა. მკაცრი შიიტური წესები მყარდებოდა ყველგან და ყველაფერში. აზიის ერთ-ერთი ყველაზე ვესტერნიზებული ქვეყანა უკან, შუა საუკუნეებს უბრუნდებოდა. ამ საკმაოდ სწრაფად განვითარებული მოვლენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არანაირი დიდი გეგმა აშშ-ს ირანთან დაკავშირებით არ ჰქონდა. ანტიკომუნიზმის აღმოსავლეთის ბასტიო­ნი ხუხულასავით დაიშალა. "ახალ" ირანში ანტიამერიკანიზმი მძვინვარებდა.
image1979 წლის 4 ნოემბერს შეიარაღებული ირანელი "სტუდენტები" აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ და მძევლად 52 დიპლომატი აიყვანეს. საერთაშორისო ურთიერთობებში ამ უპრეცედენტო ტერორისტული აქტის ფორმალური მიზეზი გახლდათ აშშ-ის ადმინისტრაციის თანხმობა, მიეღოთ სამკურნალოდ ემიგრაციაში მყოფი შაჰი რეზა ფეჰლევი. "სტუდენტების" ქმედებას მხარი დაუჭირა თვით აიათოლა ხომეინიმ, რომელიც ამერიკას "დიდ სატანად" მიიჩნევდა. მძევალთა განთავისუფლების საფასურად "სტუდენტები" მოითხოვდნენ, რათა აშშ-ს ბოდიში მოეხადა წლების მანძილზე ირანის შინაგან საქმეებში ჩარევისათვის, ასევე თეირანისათვის დაებრუნებინა აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გაყინული ირანული თანხები. დიპლომატების მძევლად აყვანა დიდი დარტყმა იყო აშშ-ის პრესტიჟისა და, განსაკუთრებით, პრეზიდენტ კარტერის ავტორიტეტისათვის. ეს უკანასკნელი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ირანში არასწორი პოლიტიკის გატარებისა და ამ ახალ ვითარებაში უმოქმედობისათვის.
აპრილში კარტერის მითითებით ამერიკელმა სამხედროებმა სცადეს დიპლომატების განთავისუფლება, მაგრამ ცუდად დაგეგმილი სპეცოპერაცია სკანდალურად დასრულდა: სპარსეთის ყურიდან საიდუმლოდ გაგზავნილი 8 ვერტმფრენიდან თეირანში დანიშნულების ადგილამდე ვერც ერთმა ვერ მიაღწია. ვერტმფრენების ერთი ნაწილი ტექნიკური მიზეზების გამო გამოეთიშა ოპერაციას, დანარჩენი კი ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა ქარიშხლის გამო. ამ მარცხსაც მსხვერპლი და დიდი სკანდალი მოჰყვა. საბოლოოდ, ირანელებმა მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს მძევლები, რაც აშშ-ში ახალი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი აირჩიეს. მძევლები ტყვეობაში ზუსტად 444 დღე იმყოფებოდნენ. ამერიკელები იძულებული გახდნენ მათ ბანკებში გაყინული 8 მილიარდი დოლარიც ხომეინის ხელისუფლებისათვის გადაეცათ.

მოსკოვი ყოველნაირად ცდილობდა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა ირანში აშშ-ის მარცხი, მაგრამ აიათოლა ხომე­ინი არც საბჭოთა კავშირს სწყალობდა. ამერიკელ დიპლომატთა მძევლად აყვანის შემდეგ კრემლში არ გამორიცხავდნენ ირანში აშშ-ის სამხედრო ინტერვენციას. მოვლენების ასეთი გზით განვითარების შემთხვევაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი სსრკ-ის სამხრეთ საზღვრებთან აღმოჩნდებოდა, რაც მოსკოვს დაუშვებლად მიაჩნდა. აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ 1980 წლის აგვისტოში მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირი რეალურად განიხილავდა ირანში საკუთარი სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობას. კერძოდ, ირანში შეჭრა ორი მიმართულებით იგეგმებოდა: ამიერკავკასიიდან და შუა აზიიდან, რის შედეგადაც საბჭოთა ჯარს უნდა დაეკავებინა ქვეყნის მთელი ტერიტორია და სპარსეთის ყურემდე გასულიყო ("თბილ ოკეანამდე" გასვლა რუსეთის საუკუნოვანი ოცნებაა). ამერიკელი სპეციალისტების აზრით, ამ სცენარის განხორციელებას ხელი შეუშალა ავღანეთის მოვლენებმა და პრეზიდენტ კარტერის თავშეკავებულმა მოქმედებამ.

წყარო: ზურაბ აბაშიძის ლიტერატურა – ცივი ომი-წარსული თუ დღევანდელობა?
0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0