x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"წინასწარ მეშინია კომენტარების…” - რა პოსტს აქვეყნებს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "Edison Research-ის მიერ გამოქვეყნებულ პარტიულ რეიტინგებს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"გამოქვეყნდა მორიგი სოც. კვლევის შედეგები, რომელიც საკმაოდ დამაიმედებელია.


აქ მთავარია, რომ ხელისუფლებას საქმე ცუდად აქვს და ეს მონაცემი ვფიქრობ ობიექტურად არის კვლევაში ასახული.

სკეპტიციზმი, რომელიც შესაძლოა შიდა ოპოზიციურ გადანაწილებას შეეხებოდეს, დღეს არ არის აქტუალური და ამ თემაზე აპელირებით ერთმანეთში კინკლაობა მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია. ამიტომ, ყველას ვთხოვდი, კომენტარებში ძირითადად ხელისუფლების სისუსტეზე კონცენტრირდეს. არჩევნები აჩვენებს პარტიებიდან რეალურად ვინ სად არის.


არის კიდევ ერთი “სკეპტიკური” განზომილება – “ვიღაცა პოსტ-საარჩევნოდ ქოცებთან შექმნის კოალიციას”.

მინდა გითხრათ, რომ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან ბიძინას მითოლოგია დგას აბსოლუტურ ძალაუფლებაზე. შესაბამისად პოლიტიკური პარტნიორის საჭიროება მისთვის მარცხის ტოლფასია და მთლიანად ანგრევს მის მიერ შექმნილი სისტემის სტრუქტურას.

რომც წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცა მას შეეკრა.

ერთადერთი განსხვავება ნაცებსა და ქოცებს შორის ხედვის ფოკუსია – ჩრდილოეთი, თუ დასავლეთი.

თუ კოალიციის შექმნის ფასი ფოკუსის დასავლეთისკენ გასწორება იქნება, შესაბამისი გარანტიებით და ძალაუფლების პარიტეტის საფუძველზე გადანაწილება?

ამომრჩევლის უმრავლესობისთვის ნაცებთან კოალიცია არანაკლებ მიუღებელია, ვიდრე ქოცებთან.

ამიტომ, სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ლოგიკით, ვინც მეტს “გადაიხდის” ძალაუფლების გადანაწილების და ნამდვილი ევროპული რეფორმების სახით, იმას ვესაუბრებოდი.

წინასწარ მეშინია კომენტარების…თუმცა, მიჩვეული ვარ…"-წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, კვლევითმა კომპანია "Edison Research"-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა - 32.4% "ქართული ოცნება /ხალხის ძალა", 17.3%- "ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი", 12.8% - "ლელოს, ანა დოლიძის პარტიისა და მოძრაობა თავისუფლების მოედნის ერთობა".


დანარჩენი პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით ასე გამოიყურება:


"საქართველოსთვის" (გიორგი გახარია) – 11.2%


"კოალიცია ცვლილებისთვის" (ახალი/გირჩი-მეტი თავისუფლება /დროა) – 9.9%


"გირჩი" (იაგო ხვიჩია) – 5.2%


"ლეიბორისტული" პარტია – 3.3%


პატრიოტთა ალიანსი და ალტ-ინფო – 2.6%


"მოქალაქეები" – 2.2%


"ევროპული საქართველო" – 1.9%


"სამართლიანობისთვის" (ეკა ბესელია) – 0.9%


სხვა – 0.3%


"ფორმულას" ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკითხვა 2024 წლის 11-დან 24 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.5%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.







0
613
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
613