x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 გასაოცარი ფაქტი კლეოპატრას შესახებ, რომელიც ისტორიაზე წარმოდგენას შეგაცვლევინებთ

კლეოპატრა VII – მსოფლიო ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და იდუმალი ფიგურა იყო. ელინისტური ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი, ტახტზე ძვ. წ. აღრ. 51 წ. ავიდა და მას 21 წელი მართავდა. კლეოპატრა წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში. თუმცა, ბევრი რამ, რაზეც ვფიქრობთ, რომ მის შესახებ ვიცით, სინამდვილეში, ან მითია, ან ისტორიული ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია.

აქ, კლეოპატრას შესახებ, 10 საოცარ ფაქტს გთავაზობთ, რომელსაც თქვენი წარმოდგენების შეცვლა შეუძლია, ამ ლეგენდარული დედოფლის და იმ ეპოქის შესახებ, რომელშიც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.


image


1. კლეოპატრა არ იყო ეგვიპტელი. კლეოპატრა ძვ, წ. აღრ 69 წლის 2 ნოემბერს დაიბადა. დაბადების ადგილი დღემდე უცნობია, თუმცა ითვლება, რომ ის ანტიკური სამყაროს კულტურის ცენტრში – ალექსანდრიაში მოევლინა ამ ქვეყანას. ეგვიპტის დედოფალი წარმომავლობით ბერძენი იყო, რადგან პტოლემეები, დინასტიის დამაარსებლის, ალექსანდრე დიდის გენერლის – პტოლემეს შთამომავლები იყვნენ.

კლეოპატრა პტოლემეოს I მე–16 თაობა იყო. გენეტიკური კვლევები და ისტორიული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მის ძარღვებში, უპირატესად, ბერძნული სისხლი ჩქეფდა, შესაძლოა, სპარსული და სირიულის მინარევებით. ამის მიუხედავად, კლეოპატრა იყო პირველი მმართველი, პტოლემეების დინასტიიდან, ვინც ეგვიპტური ენა ისწავლა და აქტიურად მონაწილეობდა ეგვიპტურ რელიგიურ ცერემონიებში.


2. კლეოპატრა, თავისი დროის, უაღრესად განათლებული ქალი იყო. კლეოპატრამ ყოველმხრივი განათლება ალექსანდრიის ბიბლიოთეკასა და მუსეიონში (მუზეუმი) – ელინისტური სამყაროს უდიდეს სამეცნიერო და კულტურულ ცენტრში მიიღო.

ისტორიული წყაროების თანახმად, ის თავისუფლად საუბრობდა 9 ენაზე, კონკრეტულად: ეგვიპტურ, ბერძნულ, ლათინურ, არამეულ, ეთიოპურ, მიდიურ, პართიურ, ტროგოდიტურ და არაბულზე. ეს განსაკუთრებული მიღწევა იყო იმ დროისთვის, რადგან მმართველთა უმეტესობა, საკუთარი ქვეშევრდომების ენაზე არც კი ლაპარაკობდა.

კლეოპატრა ასევე კარგად იყო გათვიცნობიერებული ფილოსოფიასა და ასტრონომიაში. იცოდა მათემატიკა და რიტორიკა. მან რამდენიმე ტრაქტატი დაწერა მედიცინაშ, მათ შორის, ნაშრომი კოსმეტოლოგიაზე, სახელწოდებით – "კოსმეტიკა“. სამწუხაროდ, ამ ნაშრომებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. მაგრამ, ინფორმაცია კლეოპატრას დღიურებზე, უძველესი ავტორების ნაშრომებში გვხვდება.


3. კლეოპატრა ლამაზი არ იყო. საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრება, იმის შესახებ, რომ კლეოპატრა, თავისი დროის ულამაზეს ქალბატონად ითვლებოდა, – მითია. ისტორიული წყაროები, ამ თემასთან დაკავშირებით, სულ სხვა რამეზე მეტყველებენ... მაგ., პლუტარქი, რომელიც კლეოპატრას გარდაცვალებიდან, 100 წლის შემდეგ ცხოვრობდა, წერდა რომ, "მისი გარეგნობა არც "შეუდარებელი" და არც "დანახვის თანავე, მომაჯადოებელი" იყო.

შემორჩენილა დედოფლის დროინდელი მონეტები, რომელზეც გამოსახულია ქალი, დიდი ცხვირით და გამოწეული ნიკაპით.


image

2007 წელს, ბრიტანეთის ისტორიის მუზეუმის მკვლევარები, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დედოფლის სხეული საკმაოდ კუნთოვანი და სრული იყო და 152 სმ სიმაღლის პირობებში, საკმაოდ არაპროპორციულად გამოიყურებოდა. მეცნიერთა აზრით, ასეთი გარეგნობა მისი გენეტიკით იყო განპირობებული: პტოლემეების მაკედონიური დინასტიის წარმომადგენლების უმრავლესობას, სწორედ მსგავსი გარეგნობა ჰქონდა.
იგივე პლუტარქი, კლეოპატრას შესახებ წერდა: "ამბობენ, რომ გარეგნობით დედოფალი დიდად არ გამოირჩეოდა... თუმცა, როდესაც საუბარს იწყებდა, შეუდარებელი იყო და თავისი ქარიზმით ყველას ატყვევებდა".


4. კლეოპატრა არ იყო ეგვიპტის ერთადერთი მმართველი. როგორც აღვნიშნეთ, კლეოპატრა ტახტზე ძვ. წ. აღრ. 51 წ. ავიდა და ეგვიპტეს 21 წელი მართავდა. ის 2-ჯერ იყო უმცროს ძმებთან ფორმალურ ქორწინებაში, რადგან პტოლემეების სახლის ტრადიციები, არ აძლევდა ქალს სახელმწიფოს დამოუკიდებლად მართვის უფლებას. მოგვიანებით, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო, საკუთარი ძმების წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში და მათი მკვლელობის შემდეგ, ქვეყნის მართვა, უკვე თავის არასრულწლოვან ვაჟთან ერთად გააგრძელა.

ფორმალური თანამმართველობის მიუხედავად, კლეოპატრა ქვეყანას, ფაქტობრივად, დამოუკიდებლად მართავდა.


5. კლეოპატრა გველის ნაკბენით არ გარდაცვლილა. დედოფლის გარდაცვალება, ისევე როგორც მისი ცხოვრება, ლეგენდებით არის მოცული. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, კლეოპატრამ ეგვიპტურ კობრას დააგესვლინა თავი. სხვა ვერსიით, მას შხამი თმის სამაგრში ჰქონდა მოთავსებული და საჭირო დროს, გამოიყენა კიდეც.

სწორედ საწამლავით სიკვდილის ვერსიას ემხრობოდა გერმანელი მეცნიერი კრისტოფ შეფერი. რომელიც, კვლევის ჩასატარებლად, სხვა მეცნიერებთან ერთად, ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც თავისი თეორია ძველი სამედიცინო ტექსტების შესწავლით (მეცნიერმა ყველა საარქივო დოკუმენტი შეისწავლა, რაც კი კლეოპატრას უკავშირდებოდა, განსაკუთრებით დედოფლის პირადი ექიმის ჩანაწერები) და ადგილობრივ სერპენტოლოგთან (ქვეწარმავლების და ამფიბიების მკვლევარი) კონსულტაციით გადაამოწმა.

ყოველივე ამის შემდეგ, შეფერი და მისი კოლეგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყველაზე ცნობილი ეგვიპტელის სიკვდილის მიზეზი, გველის ნაკბენი არ უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, კლეოპატრა ოპიუმის, კონიოს და ტილჭირის სასიკვდილო კოქტეილის მიღებით გარდაიცვალა. "ამ მცენარეების ნაზავი, ადამიანის სიკვდილს, ყოველგვარი ტანჯვის, ტკივილის და გარეგანი ცვლილებების გარეშე, რამდენიმე საათში იწვევს. ხოლო, დედოფალი კლეოპატრა ისეთს არაფერს გააკეთებდა, რომ მის სახეზე ტანჯვის კვალი აღბეჭდილიყო.


6. კლეოპატრა წარმატებული ეკონომიკური რეფორმატორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კლეოპატრას სახელი, ყველაზე ხშირად, პოლიტიკურ ინტრიგასთან ასოცირდება, ის ასევე მოხერხებული ეკონომიკური ადმინისტრატორი იყო. როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, ეგვიპტეში, ეკონომიკური კრიზისი იყო. ქვეყანა, გვალვის გამო, საკვები პროდუქტების დეფიციტს განიცდიდა, მაღალი იყო გადასახადები და კორუფცია ყვაოდა.

კლეოპატრამ არაერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმა განახორციელა. მან გლეხებისთვის და ხელოსნებისთვის, გადასახადები შეამცირა, რამაც წარმოებას და ვაჭრობას შეუწყო ხელი. მის დროს, მიწის რეფორმა განხორციელდა, რომელმაც მიწის ნაწილი, მცირე და საშუალო მიწის მესაკუთრეთა სასარგებლოდ გადაანაწილა, რამაც სასოფლო-სამეურნეო წარმოება გაზარდა.

კლეოპატრა ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებასაც. მისი მმართველობის დროს, წითელ ზღვაზე ახალი პორტები აშენდა, რამაც ინდოეთთან და არაბეთთან ვაჭრობის გაფართოებას შეუწყო ხელი.


7. დედოფალი ხელოვნების და მეცნიერების მფარველი იყო. მიუხედავად პოლიტიკური და სამხედრო კონფლიქტებისა, კლეოპატრა მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას, დიდ ყურადღებას უთმობდა. მან განაგრძო პტოლემეოსის ტრადიცია და ალექსანდრიის ბიბლიოთეკას და მუზეუმს მუდმივად ეხმარებოდა.

კლეოპატრას მეფობის დროს, ეგვიპტეში მრავალი ტაძარი და ძეგლი აშენდა, ან აღდგა. ყველაზე ცნობილი, მათ შორის, ჰათჰორი ტაძარია, დენდერაში.

კლეოპატრა, ასევე, მხარს უჭერდა ეგვიპტური ხელოვნების განვითარებას. მისი მეფობის დროს, შეიქმნა სკულპტურები, ფრესკები და მოზაიკები, რომლებიც ეგვიპტურ და ელინისტურ მხატვრულ ტრადიციებს აერთიანებდა.


8. კლეოპატრა ნიჭიერი დიპლომატი და სტრატეგი იყო. მისი ალიანსები იულიუს კეისართან და მარკ ანტონუსთან, მხოლოდ რომანტიკული კი არა, ყურადღებით გააზრებული პოლიტიკური ნაბიჯები იყო.

კლეოპატრა ოსტატურად ბალანსირებდა, რომაულ პოლიტიკაში არსებულ სხვადასხვა ფრაქციებს შორის და რომის მზარდი გავლენის პირობებში, ეგვიპტის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობდა. ის თავის დიპლომატიური უნარ–ჩვევებს, ხელსაყრელი სავაჭრო ხელშეკრულებების და სამხედრო ალიანსები გაფორმებისთვის იყენებდა.

კლეოპატრამ ასევე დაამტკიცა, რომ მოხერხებული სამხედრო სტრატეგი იყო. იგი აქტიუმის ბრძოლაში, ფლოტს პირადად მეთაურობდა. მართალია ეგვიპტე დამარცხდა, მაგრამ მარცხის მიზეზი, რომის იმპერიის უკეთესი სამხედრო აღჭურვილობა და ცოცხალი ძალის არათანაბარი (35 000 – 25 000–ის წინააღმდეგ) რაოდენობა იყო.


9. კლეოპატრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევებისა, კლეოპატრას წვლილი დიდი იყო მედიცინის და კოსმეტოლოგიის განვითარებაში. ის პირადად იყო ჩართული ახალი მედიკამენტების და კოსმეტიკური საშუალებების შექმნაში, რომელთაგან ბევრი, მისი გარდაცვალების შემდეგ, საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა.


10. კლეოპატრამ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დატოვა მსოფლიო კულტურაში. ამ მხრივ, მისი გავლენის შეფასების გადაჭარბება, ნამდვილად რომ რთულია. ის ერთ-ერთი, ყველაზე ცნობადი და საინტერესო ისტორიული ფიგურა იყო, რომელიც, საუკუნეების მანძილზე, მხატვრების, მწერლების და კინორეჟისორების შთაგონების წყარო გახდა. მასზე, ძველთაგანვე, წერდნენ წიგნებს, ქმნიდნენ ფერწერის შედევრებს, კინემატოგრაფიის განვითარების შემდეგ კი, მისი პერსონაჟი, არაერთ მხატვრულ, თუ დოკუმენტურ ფილმში გამოჩნდა.

image

არხის სხვა სიახლეები:


* 20 დაუჯერებლად დიდი ჯიშის ცხოველის ფოტო

* "ღმერთების" ტექნოლოგიები, ანუ რატომ არ არის ბაალბექი ადამიანების მიერ აშენებული?

* მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო სოფი ლორენისგან

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ


0
330
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0