x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნუ განსჯით, ღმერთმა უკეთ იცის... (იგავი)

დღეს ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ მხოლოდ ცნობილი ადამიანების კი არა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების დეტალები ყველასთვის ცნობილი ხდება. მაგ., თუ თქვენ არ გინდათ რამის გასაჯაროება და მომხდარი ფაქტის შესახებ ნაცნობი გაიგებს, ის თქვენს ნაცვლად დაწერს სოციალურ ქსელში და "ქვეყანას შეგიყრით"... ის კი არა, ჩვენს ირგვლივ ბევრი "არამკითხე მოამბეა", რომელსაც არ ეზარება, სხვის ცხოვრებაში ერევა და რჩევებსაც აძლევს. ამასთან, სხვის აზრს არაფრად დაგიდევს და ყოველთვის საკუთარ პოზიციას და ხედვას იცავს...

მაგრამ, ყველა ადამიანი განვითარების გარკვეულ დონეზე იმყოფება და სამყაროსაც საკუთარი კოორდინატთა სისტემის ფარგლებში ხედავ. ამიტომ, ნურავის განსჯის და ნუ მოახდენთ მის სტიგმატიზებას... გახსოვდეთ, რომ ყველა თქვენს აზრზე ვერ იქნება... ეს იგავიც სწორედ ამაზეა:


image


ერთ სოფელში უბრალო, წერა–კითხვის უცოდინარი, მამაკაცი ცხოვრობდა. ის თავის მიწის ნაკვეთზე შრომობდა, მოსავალი მოჰყავდა და თავი ამით გაჰქონდა... და კიდევ, ერთი თხაც ჰყავდა. ის ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ საკუთარი ყოფის გამო, არ წუწუნებდა. გლეხი იმითაც კმაყოფილი იყო, რა გააჩნდა — ჰქონდა ქოხი, საკვები და თხის რძე.

ერთხელ, იმ მხარეში, სადაც გლეხი ცხოვრობდა, ფილოსოფოსი ჩავიდა. ის იმ სოფელში გავლით იყო და გლეხს ღამის გათევა სთხოვა. ღარიბი სტუმარს სიხარულით შეხვდა და საკუთარი საწოლიც კი დაუთმო...

როდესაც მოსაღამოვდა, ფილოსოფოსმა ყურადღება მიაქცია, რომ გლეხი ჯერ გომში შევიდა, თხა მოწველა და შემდეგ რძით სავსე თასი სადღაც წაიღო. ხოლო იქიდან, ხელცარიელი დაბრუნდა.

— მომიყევი, ახლა რა გააკეთე? – დაინტერესდა ფილოსოფოსი.

— რძე წავიღე – ღმერთს გავუმასპინძლდი. ღმერთს ვუყვარვარ, ჩემზე ზრუნავს და მისმენს. ის ჩემს ძღვენს ყოველდღიურად იღებს – ახლად მოწველილ თხის რძეს. ეს ყველაზე ძვირფასია, რისი მიცემაც მისთვის შემიძლია.

ფილოსოფოსმა გლეხს სთხოვა, რომ მის სახლში დარჩენის უფლება, კიდევ ერთი დღით მიეცა და დაჰპირდა, რომ რძის "გაქრობის" საიდუმლოს ფარდას ახდიდა.

დადგა მომდევნო ღამე. გლეხმა ჩვეული რიტუალი გაიმეორა – რძით სავსე თასი დიდი ხის ძირში დადგა. თავად კი, ფილოსოფოსთან ერთად, იქვე, შორიახლოს, ბუჩქებს მოეფარა. მალე მათ დაინახეს, რომ ხესთან მელამ მიირბინა, რძე უცებ დალია და გაიქცა.

— ხედავ, სინამდვილეში ვინ სვამს შენს რძეს? კითხვა უნდა ისწავლო და წიგნებიც სათანადოდ შეარჩიო... ასე გაიგებ, რომ ღმერთს არ შეუძლია, აი ასე, მარტივად, შენი ხელიდან საკვების მიღება. ღმერთი — სულია, სულიერი სფეროა.

გლეხი განაწყენდა, იტირა კიდეც... თუმცა, ყოველდღიურად ხესთან რძის მიტანა მაინც გადაწყვიტა. იფიქრა, რომ შეიძლება, მელას შვილები ჰყოლოდა. ამიტომ, მას ძალები სჭირდებოდა.

მეორე დღეს, ფილოსოფოსი მასპინძელს დაემშვიდობა და თავის გზაზე წავიდა. მაგრამ, მას გზა განრისხებულმა ანგელოზმა გადაუჭრა:

— ვინ მოგცა უფლება, წაართვათ ადამიანს ღმერთის რწმენის შესაძლებლობა?

— მე, მას, უბრალოდ, რეალური სურათი ვაჩვენე, ასე ვთქვათ, თვალი აუხილე. ის გაუნათლებელია და დახმარება მინდოდა.

— მართალია, მას წიგნები არ წაუკითხავს. მას არც მასწავლებელი ჰყოლია. ეს უბრალოდ ადამიანია, რომელიც მთელი ცხოვრება საკუთარ მიწაზე მუშაობს და მას სამყაროს ისეთი სურათის სჯერა, როგორსაც ხედავს და აღიქვამს. მაგრამ მას, მთელი გულით სწამს, ღმერთს მიმართავს და ეს, მას ძალას აძლევს... ხოლო ღმერთი, მის გულწრფელ რწმენას ხედავს და ყოველდღე მელას უგზავნის, რომ მან, რძე დალიოს, ამით გლეხს რწმენა უფრო განუმტკიცოს და თან, ის ანუგეშოს. ღმერთს საკუთარი ხედვა აქვს და ეს ადამიანი, მისი მფარველობის ქვეშ არის...

imageარხის სხვა სიახლეები:


* ცხენი, თუ ტარანი? – ტროას დაცემის რეალური მიზეზი

* უცხოპლანეტელების მთავარი უძველესი კოსმოდრომი ჩვენს პლანეტაზე

* 5 ლოგიკური გამოცანა ჰოლმსებისთვის (პასუხები აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
186
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0