x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ოპერაცია "ვალკირია"-ჰიტლერის მოკვლის უკანასკნელი და ყველაზე რეალური მცდელობა
image

80 წლის წინ, 1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერზე მორიგი და ყველაზე რეალური წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა.შეთქმულების მონაწილეები ვერმახრის მაღალჩინოსნები იყვნენ.




შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, ვერმახტის ოფიცერი, პოლკოვნიკი და გრაფი. იატაკქვეშა მოძრაობის „ვიდერშტანდის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი კლაუს შენკ ფონ შტაუფენბერგი.



1944წლის ივნისში გრაფი კლაუს ფონ შტაუფენბერგი გენერალ პოლკოვნიკ ფრიდრიხ ფრომის შტაბის უფროსად დაინიშნა, 1ივლისს კი მას პოლკოვნიკის ჩინი მიანიჭეს, რის შემდეგადაც მას საშუალება მიეცა რეგულარულად დასწრებოდა სხდომებს, სადაც ჰიტლერი სხვა მაღალჩინოსან სამხედროებთან ერთად საომარ მდგომარეობას განიხილავდა.



ოპერაცია ვალკირია


რაიხის დედაქალაქში-ბერლინში ის ჰიტლერის მოწინააღმდეგეთა გუნდს, რომელსაც გენერალი ფრიდრიხ ოლბრიხტი და გენერალ მაიორი ჰენინგ ფონ ტრეშკოვი ხელმძღვანელობდნენ, შეუერთდა. შტაუფენბერგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეთქმულების მომზადებაში. შეთქმულები სახელმწიფო გადატრიალების შენიღბვას ოპერაციით "ვალკირია" გეგმავდნენ, რომლის თავდაპირველი დანიშნულება იყო ქვეყნის შიგნით მომხდარი არეულობის შემთხვევაში სარეზერვო ჯარის მობილიზაცია. სამხედრო გადატრიალების მეთაურებმა-შტაუფენბერგმა, ტრეშკოვმა და ობერლეიტენანტმა რობერტ ბერნარდმა-ოპერაცია "ვალიკირიას" მოდიფიცირება მოახდინეს, რომლის თანახმადაც ვერმახტის სამხედრო ქვედანაყოფს 36საათში მთელი სახელმწიფო ძალაუფლება ხელში უნდა აეღო, ხოლო SS-ის (Schutzstaffel=SS სს-"დამცავი რაზმი") NSDAP-ას და გესტაპოს მაღალჩინოსნებს ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით დააპატიმრებდნენ. ოპერაცია "ვალკირია"-ს დაწყებამდე კი საჭირო იყო ჰიტლერის მოკვლა. ფრომმა, რომელსაც უნდა გაეცა "ვალკირიას" დაწყების ბრძანება, შეთქმულების შესახებ ყველაფერი იცოდა, მათთან შეერთებას კი მხოლოდ ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ აპირებდა.



შტაუფენბერგმა (ფოტოზე მარცხნივ)გადაწყვიტა თავად მოეკლა ჰიტლერი, ჰერმან გერინგთან და ჰაინრიხ ჰიმლერთან ერთად. მან თავისი მოტივაცია შემდეგნაირად ახსნა:


"დროა, რომ რაღაც მოვიმოქმედოთ. ის ვინც გაბედავს, უნდა იცოდეს, რომ ის გერმანიის ისტორიაში, როგორც მოღალატე ისე შევა, ხოლო ის ვინც არაფერს მოიმოქმედებს, საკუთარი სინდისის წინაშე იქნება დამნაშავე."


image

მანამდე ჰიტლერის მოკვლა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.




1944წლის 20ივლისს შტაუფენბერგი ადიუტანტ ვერნერ ფონ ჰაეპტანთან ერთად ვოლფშანცეში გაემგზავრა. პორტფელში მათ ორი ბომბი ედოთ (ბომბები პოლკოვნიკმა ბარონ ვესელ ფრეიტაგ ლორინგჰოვენმა დაამზადა). პირველის ნახევარზე შტაუფენბერგი მოლაპარაკებათა დარბაზში შევიდა. ჰიტლერის ჩათვლით შეკრებას 24პირი ესწრებოდა. შტაბში შესვლის შემდეგ, ის თავის ადიუტანთან ერთად პერანგის გამოცვლის მომიზეზებით ერთ-ერთ ოთახში შევიდა. კლაუსმა ორი ასაფეთქებლიდან მხოლოდ ერთის მომზადება მოასწრო, რადგან ბენიტო მუსოლინის ვიზიტის გამო, შეხვედრა ნახევარი საათით ადრე დაიწყო. შტაუფენბერგმა ბომბი პორტფელში ჩადო და ის ჰიტლერის გვერდით დადო და შენობა, ბერლინიდან მიღებული ზარის გამო დატოვა. ვოლფშანცეში მუხის ხის მაგიდის გარშემო ჰიტლერი და სხვა გენერლები აღმოსავლეთ ფრონტზე არსებულ სამხედრო მდგომარეობას განიხილავდნენ. პოლკოვნიკმა ჰაინც ბრანდმა პორტფელი ფეხით სტენოგრაფ ჰეინრიხ ბერგერისკენ გასწია (ბრანდს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ პორტფელში ბომბი იდო). 12:42წუთზე ბარაკში გამაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქების ტალღამ მაგიდა ჰაერში აისროლა. დამსწრე პირებიდან ზოგი მსუბუქად, ზოგი კი მძიმედ დაშავდა, 4ადამიანი დაიღუპა. პოლკოვნიკი ბრანდი მძიმედ დაიჭრა და ამ ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. აფეთქებას ემსხვერპლა ასევე სტენოგრაფი ბერგერი. თავდასხმის მთავარი სამიზნე-ჰიტლერი კი გადარჩა, მხოლოდ დამწვრობა მიიღო და ყურის ბარაბანი დაუზიანდა.

image

აფეთქების შემდეგ ვოლფშანცეში განგაში გამოცხადდა. შტაუფენბერგი და მისი ადიუტანტი გარე დაცვამ ფელდფებელმა კოლბემ გააჩერა, მაგრამ როტმისტერ ლეონარად ფონ მოლენდორფთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ისინი გაატარეს. ორივე დარწმუნებული იყო, რომ ჰიტლერი მოკვდა. ჰაეპტანმა მეორე ბომბი მანქანიდან გადააგდო. მოგვიანებით ეს ასაფეთქებელი გამომძიებლებმა იპოვეს. დღემდე გაურკვეველია, თუ რატომ არ დატოვეს პორტფელში მეორე ასაფეთქებელი, მიუხედავად იმისა, რომ ის მოუმზადებელი იყო. სპეციალურმა კომისიამ დაადგინა, რომ ორივე ბომბის აფეთქების შემთხვევაში ცოცხალი ვერავინ გადარჩებოდა.


გენერალმა ერიხ ფელგებელმა, რომელსაც აფეთქების შემდეგ სატელეფონო ქსელების გათიშვა ევალებოდა, პირველმა შეიტყო, რომ ჰიტლერი გადარჩა. ეს ინფორმაცია მან ოლბრიხტს, გენერალ ლეიტენანტ ფრიც ტილესა და ბენდელბლოკში (შეთქმულების შტაბბინა ბერლინში-ბენდელბლოკში მდებარეობდა) მყოფ სხვა ოფიცრებს ტელეფონით შეატყობინა. ამის გამო შეთქმულებმა ვერ გადაწყვიტეს დაეწყოთ თუ არა ოპერაცია "ვალკირია".


ნაცისტური რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა შეთქმულებს.



გენერალ-პოლკოვნიკ ლუდვიგ ბეკს, რომელიც პუტჩის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური უნდა გამხდარიყო, უბრძანეს, რომ თავი მოეკლა. ორი უშედეგო გასროლის შემდეგ, ფრომის ბრძანებით მძიმედ დაჭრილი ბეკი ერთ-ერთმა ფელდფებელმა მოკლა.

შუაღამისას ფრომის ბრძანებითვე ბენდელბლოკის ეზოში დახვრიტეს შტაუფენბერგი, ოლბრიხტი, ჰაეპტანი და კერნჰეიმი. დახვრეტილთა გვამები თავდაპირველად მათჰაუსის სასაფლაოზე დაკრძალეს. მეორე დღეს კი ჰიმლერის განკარგულებით ისინი ამოთხარეს და დაწვეს.

შეთქმულების კიდევ ერთმა მონაწილემ ჰენინგ ფონ ტრეშკოვმა თავი აიფეთქა.

პუჩისტების აღმოჩენის მიზნით ბერლინში "20ივლისის სპეციალური კომისია" შეიქმნა. გამოძიება 1944წლის 20ივლისის პუტჩისტებისა და სხვა შეთქმულების წინააღმდეგ ომის დასრულებამდე გაგრძელდა.


image


20 ივლისის შეთქმულების მონაწილენი დღევანდელ გერმანიაში გმირებად მიიჩნევიან, რომელთაც ეროვნულ თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მათი სახელები ჰქვია ქუჩებსა და მოედნებს გერმანიაში, მათ სახელზე აღმართულია ძეგლები. თანამედროვე გერმანიის ისტორიოგრაფიაში 20 ივლისის შეთქმულება გერმანული წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს დღედ მიიჩნევა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეთქმულთაგან ბევრი სულაც არ იზიარებდა დემოკრატიულ პრინციპებს და ვაიმარის რესპუბლიკის მიმართ ერთობ კრიტიკულნიც იყვნენ, მათ ტრადიციული პრუსიული ნაციონალიზმი ესახებოდათ ქვეყნის განვითარეის უმთავრეს გზად. მაგალითად ბეკი და გერდელერი მონარქისტები იყვნენ. გერდელერი ომამდელი ტერიტორიული დანაკარგების დაბრუნების მოთხოვნით გამოდიოდა.

0
99
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0