საზოგადოება ვასო ჩაჩანიძის მოგონებიდან:ვაჟა -ფშაველა და ფიროსმანი 14 ივლისი, 13:20
"ვაჟა თბილისში ჩამოსვლისას ხშირად მოდიოდა რიყეში. მიაკითხავდა მის პატივისმცემელსა და მეგობარს ივანე ვასილის ძე აბაევს, რომელსაც რიყეში, 19 თებერვლის ქუჩაზე # 91 სახლში, გახსნილი ჰქონდა ღამის გასათევი ოთახები, ე.წ. „ვლადიკავკაზის ნომრები“.
ი. აბაევი დიდ პატივსა სცემდა ვაჟას. მას ძმადნაფიცს ეძახდა. ახალგაზრდობაში ქორწილში მაყრებად ყოფილიყვნე და იქ გაეცნოთ ერთმანეთი. იგი თავისი ოჯახით იქვე ცხოვრობდა. იმავე სახლის პირველ სართულზე კი იყო ის სამკერვალო სახელოსნო, სადაც მე შეგირდად ვმუშაობდი. ი. აბაევი ძლიერ დაახლოებული იყო ჩვენს ოჯახთან, მეგობრობდა მამაჩემთან, კარგი მისვლა-მოსვლა გვქონდა ერთმანეთთან.
1914 წლის ზაფხული იყო. ერთ დღეს ჩვენთან მოვიდა ივანე აბაევი სახელოსნოში და გვითხრა, ჩემთან ამოდით, ვაჟა-ფშაველას გაგაცნობთო. ჩვენ დაუყოვნებლივ გავემართეთ. შევედით ოთახში. მაგიდას უჯდა გახუნებულ, დაკერებულ შავ ჩოხაში და ქალამნებში გამოწყობილი კაცი. ეს კაცი ალბათ ვაჟას მოსამსახურე იქნება-მეთქი, გავიფიქრე გულში და მეორე ოთახისკენ გავიხედე, იქ მეგულებოდა იგი. ივანე აბაევი მომიბრუნდა და მითხრა: „ვასო, მიდი ხელი ჩამოართვი, ეს არის მთის პოეტი, ვაჟა ფშაველას რომ ეძახიანო“. უეცრად შევკრთი. ვაჟას სახელი გაგონილი მქონდა და წარმოდგენილი მყავდა მდიდრულად მორთულ-მოკაზმული. ასე ღარიბად ჩაცმული რომ დავინახე, გამიკვირდა და დავიმორცხვე. მაშინ ჩემთან მოვიდა ივანეს მეუღლე ნინო, მომკიდა ხელი და მიმიყვანა პოეტთან.
- რა გვარი ხარ, ბალღო? - მკითხა ვაჟამ.
- ჩაჩანიძე გახლავართ, - ვუპასუხე მე.
- მთის ხალხის გვარი გქონია და რატომ მორცხვობ - ამ სიტყვებმა ცოტა წამათამამა.
მალე პურ-მარილი გაიმართა. მასპინძელი მხიარულობდა. ვაჟაც მხიარული იყო. ივანემ ფანდური გადმოიღო და ვაჟას მიაწოდა. ვაჟამ სიმები აუწყო და დაამღერა ქართველ გმირ მეომრებზე.
სწორედ იმ ხანებში ივანე აბაევს დაქირავებული ჰყავდა მუშები, რომლებიც სასტუმროს კედლებსა და კარ-ფანჯრებს ღებავდნენ. ესენი იყვნენ: მღებავი მიხაკა (მიხეილ ღრუბელაძე) და ნიკალა (ნიკო ფიროსმანაშვილი). ნიკომ ივანეს სასტუმროს აბრა მოხატა, შემდეგ კი, მიხაკასთან ერთად, სამღებრო საქმეს ეწეოდა. მიხაკას და ნიკოს სამუშაო დაემთავრებინათ და ხელფასისთვის მოაკითხეს ივანეს. საღებავებიანი და ვედროები და ფუნჯები ორივეს ხელში ეჭირათ და კარებში იდგნენ.
„მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა“ - უთხრა ივანემ და ოთახში მიიწვია. „კარგი ხელოსნები ჩანან, წეღან ვნახე, თავაუღებლივ და მუყაითად მუშაობდნენ ორივენი“ - თქვა ვაჟამ და მიხაკასა და ნიკოს მიუბრუნდა:
„სად ისწავლეთ ხელობა, სადაურები ხართ?“ - ჰკითხა ვაჟამ ორივეს.
„მე კახეთიდან ვარ, ჩემი მეგობარი კი თბილისელია, “ -უპასუხა ნიკალამ.
„შენც თბილისელი არა ხარ?“ - წამოიწყო მიხაკამ. - თუმცა ატაჟიანი სახლები არცერთს არა გვაქვს, მაგრამ მაინც თბილისელები ვართ ორივენი. ამან მარტო მალარობა კი არ იცის, - განაგრძო მიხაკამ, - ეს მხატვარია, ისეთ რამეს დახატავს ხოლმე, რომ კაცს ნამდვილი ცოცხალი ეგონება... ამას ბევრი რამეები აქვს დახატული. აი, ჩემი ბიჭისათვის საჩუქრად ფუნიკულიორი დახატა, - მიხაკამ ვედროდან დაძველებული ქაღალდი ამოიღო, გაშალა და ვაჟას მიაწოდა. ვაჟამ გამოართვა, დაათვალიერა, ძლიერ მოეწონა ფიროსმანის ნახატი და თქვა:
- შე კაი კაცო, ოქროს ნიჭი გქონია და ოქროს ხელი, რაღა მალარობას მისდევ?
- მა, რითა ჭამოს პური? სად არის ხატვის მუშტარი, შიმშილს მალარობა არა სჯობია? - უპასუხა ნაღვლიანად მიხაკამ.
- -ეჰ, ჩემო ძმაო, გატყობთ, ნასწავლი კაცი ბრძანდებით, მაგრამ სხვებივით რატომ კარგად არ გაცვია და ჩინ-მედლები არ გკიდია, რათ გაცვია გახუნებული და ჩემსავით დაკერებული ტანსაცმელი, - უთხრა ფიროსმანმა ვაჟა-ფშაველას.
- რომელი გლეხი ნახეთ ამ დროებაში ჩემზე უკეთ ჩაცმული, - ჩაიცინა ვაჟამ.
- ჰაი, დედასა, ეგ მარტო გლეხი ნუ გგონიათ, - ჩაერია ლაპარაკში ივანე აბაევი, - ეგ მწერალია, ვაჟა-ფშაველას რომ ეძახიან, ეგ ის არის.
ფიროსმანი გაოცებით მიაჩერდა ვაჟას, სახე გაუბრწყინდა, წამოხტა ფეხზე, მოწიწებით დაუკრა თავი და ხელიც ჩამოართვა.
- მე წავიკითხე შენი „შვლის ნუკრის ნაამბობი“. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, - დაიწყო ნიკომ. - ძლიერ მომეწონა და განვიზრახე, დამეხატა კიდეც. და, აი, შარშან მომეცა ამის შემთხვევა, მიხუას დუქანში. მიხომ მთხოვა, კარგი რამე დამეხატა მის დუქანში, ბუფეტის მოპირდაპირე დიდ კედელზე. მე გამიხარდა და დავიწყე ხატვა. მიხას მოსწონდა დახატული ტყე, მთები, პატარა წყარო და მაქებდა კიდეც. მაგრამ შემდეგ, როდესაც წითელი საღებავით შევაფერადე შვლის გამოჭრილი ყელი და ბალახზე დაღვრილი სისხლი, მიხუამ წამაშლევინა ნამუშევარი. მის ადგილზე მეზურნეების დასტა და მედოლე ბაგრატი დამახატვინა, მოცეკვავე ყარაჩოხელებით.
- რად წაგაშლევინა> - ჰკითხა ვაჟამ ფიროსმანს.
- მიხუამ მითხრა, ჩემს დუქანში ხალხი გასართობად მოდის. მას დროსტარება და მხიარულება უნდა. მთვრალმა კაცმა რომ სისხლი ნახოს, ვაი თუ ჩხუბის გუნებაზე დადგესო, ვინმეს ეცეს და სისხლი დაღვაროსო. სამი დღის ნამუშევარი წყალში გადამიყარა, - მიუგო ნიკალამ ვაჟას.
- ეჰ, ცხოვრებავ, რა ხარ, რ, - ამოიგმინა ვაჟამ.
წასვლის წინ ნიკალამ სთხოვა მიხაკას მის მიერ დახატული ფუნიკულიორის სურათი და სახსოვრად უძღვნა ვაჟას. ვაჟამ მადლობა გადაუხადა და წამსვლელ- დამრჩომთა სადღეგრძელო შესვა."
47 შეფასება არ არის
|