x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"უხერხულია შენ გერქვას ცოლი"-ტარიელ ჭანტურიას 5 ცნობილი ლექსი
image

11 ივლისს 92 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ პოეტს ტარიელ ჭანტურიას.



პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს, ხოლო პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ — 1964 წელს. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია გაბედული ექსპერიმენტებით, ლტოლვით სიახლისადმი. ხშირად მიმართავს ირონიას, პაროდიას, პარადოქსს, გროტესკს, სლენგს. ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1893), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.



ქვემოთ შემოგთავაზებთ პოეტის 5 პოპულარულ ლექსს:




****

რამდენი წლის ხარ? რამდენი წლის ვარ

რა შუაშია თუ ისევ ის ვარ!

აპრილის შვილი, ენძელის ხნის ვარ,

ნაწვიმარ ბაღის, უღრუბლო ცის ვარ.

რამდენი წლის ვარ რამდენი წლის ვარ...

ვარდობის თვეში ვარდების წლის ვარ,

დაბალი წრის ვარ, მაღალი წრის ვარ,

რამდენიც გინდათ იმდენი წლის ვარ...

ნელინელ კვდომის, ნელინელ ხრწნის ვარ,

ღმერთების ფეხის, უბრალო მტვრის ვარ,

არაგვის, თერგის, რიონის, მტკვრის ვარ,

ქორწილის ღამით ბეჭდების ცვლის ვარ.

ატმების კვირტის, ვაზების რქის ვარ,

მილეულ მთვარის, ამოსულ მზის ვარ,

ვინ გეკითხებათ რამდენი წლის ვარ!

ზაფხულის, ზამთრის, მოყვრის ვარ, მტრის ვარ,

ზოგჯერ სულელის, ზოგჯერ ბრძნისა ვარ,

მარკიზის, გრაფის, ხელმწიფის ღირს ვარ,

ხან მძიმე ჩადრის, ხან დეკოლტის ვარ,

ხან დალხინების, ხანაც სიმწრის ვარ.

შვილებით დაღლილ დედამიწის ვარ,

ჯეირნის მწვადზე დაყრილი ცვრის ვარ,

ვარ პირველ კლასში, სულ ექვსი წლის ვარ!

საყურის, ბეჭდის, კაბების ცვლის ვარ.

ხან ავი ზნის ვარ, ხან კარგი ზნის ვარ,

ქართული ჰანგის, ქართული ზნის ვარ.

ჭოროხის, ზვირთის, პონტოის ზღვისა ვარ,

კოდორის ტყეში მოჩრდილულ მზის ვარ,

ჩვიდმეტის გინდათ?-- ჩვიდმეტი წლის ვარ!

ათასის გინდათ?-- ათასი წლის ვარ!"



***


"მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად,

ვმღერი ქართულად

მადლობა ღმერთს

ნებადართულად!

შანსი მქონია - არ მომირთხამს

ფეხი თათრულად,

ვზივარ და ფეხი ფეხზე მიდევს,

ეგეც ქართულად!

თარგმნეთ რუსულად, კი ბატონო

თარგმნეთ ფრანგულად,

მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს

მე მწამს, მე ვწერ ქართულად!

მე ყოვლად ქართველს

ყოველივე მიყვარს

ქართული,

ამიტომაც ვარ ქართველებთან

წელგამართული!"


***


ცოცხალი შემიყვარეთ და ცოცხალი მანუგეშეთ,

ცოცხალი დამინდეთ რა იქნება?

ცოცხალს მომეფერეთ და ცოცხალს ჩამეხუტეთ,

ცრემლები შემიშრეთ რა იქნება?

ცოცხალი გამიხსენეთ და ცოცხალს დამეხმარეთ,

ცოცხალს ნუ გამწირავთ რა იქნება?

ცოცხალი რომ სიცოცხლეში დავაფასოთ,

მკვდარი ხომ სატირალი არ იქნება!

ცოცხალს მიმკურნალეთ, მარტო არ დამტოვოთ,

ცოცხლისთვის ილოცეთ რა იქნება?

ცოცხალს სიყვარული სანთლებად დამინთეთ,

მკვდრის შესანდობარიც სათქმელი არ გექნებათ.

ახლომყოფს მომეფერეთ, გულში ჩამიკარით,

მარტო არ დამტოვოთ, სიცივეც არ იქნება!

მკვდარს ნუღარ დამტირიხართ,

მკვდარს ნუღარ დამამძიმებთ,

სულს ნუღარ მომიწამლავთ რა იქნება?

ცოცხლები შეიყვარეთ და ცოცხლები ანუგეშეთ,

ცოცხლებს გავუფრთხილდეთ რა იქნება?!

ერთმანეთს ჩავეხუტოთ და ტკივილი გავუყუჩოთ,

ამდენი ცრემლებიც არ იქნება!

სიძულვილს - სიყვარული, სიკვდილს - სიცოცხლე

უბრალოდ ვარჩიოთ და სულებიც გაგვითბება!


***



უხერხულია შენ გერქვას ცოლი

-

შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,

უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.

მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,

რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.

შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი

გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,

გაიღოს უცებ სამოთხის კარი -

მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...

რა ჯობს - სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!

სად ჯობს - მიწაზე თუ მიწის გარეთ!..

მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი,

მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე,

და ცა! - ღმერთების ცისფერი ჰოლი -

ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს...

მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით -

მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:

ბოლოს და ბოლოს, ერთი აქვს ბოლო

ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!

სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ

სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!

უხერხულია - შენ გერქვას ცოლი -

შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.

აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! -

მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ...



***

ყოველთვის,

როცა მერცხლები წავლენ...........

ყოველთვის,

როცა ფიფქები მოვლენ.........

გულო!რამხელა მოწყენას ავლენ!

გულო!რამხელა სინანულს ავლენ!

დედას მაგონებს მე ყველა ფიფქი,

სიცივეც

ქარიც,

გრიგალიც,

თოვლიც.........

.........გარეთ ქარბუქი არხევდა ჭადრებს,

მინებზე ზამთარს ხატავდა რთვილი,

დედა წვებოდა ყველაზე ადრე,

რომ მე ლოგინი მქონოდა თბილი,

ყველაზე ადრე დგებოდა დილით,

ცოცხლით ოთახის სიჩუმეს გვიდა,

ბავშვს ხომ უნდაო საუზმე თბილი,

-სადილი გვინდა.......რაღაცა გვინდა.......

და მოკვდა იგი, გამრჯე და შემძლე,

მას დარდად გაჰყვა ფიქრები ჩემზე.

არა, აღარ ზის ის საჩეჩელთან

ათოვს დედის გულს, თოვლივით სუფთას.

ის ადრე მოკვდა, ვინ იცის ჩემთვის

ცივი სამარის გათბობაც სურდა........

და მუდამ, როცა მერცხლები წავლენ,

ყოველთვის, როცა ფიფქები მოვლენ,

გულო!რამხელა მოწყენას ავლენ,

გულო! რამხელა სინანულს ავლენ,

მე ეს სიცივე მაგონებს დედას

დედის ჭაღარას მაგონებს თოვლი

0
313
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0