x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138977
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
ფრანგი დედების 8 რეცეპტი, რომელიც ბავშვებს სწრაფ კვებას დაავიწყებს
საინტერესოა, რომ საფრანგეთში ბავშვებს უყვართ ჯანსაღი საკვები, თევზსაც და ბოსტნეულსაც მიირთმევენ. აი, სწრაფი კვების აკრძალვა არ სჭირდებათ: თავად არ სურთ. როგორ ახერხებენ ამას ფრანგი მშობლები? დედები ბავშვთა კვებას სერიოზულად უდგებიან და, რა თქმა უნდა, ფანტაზიას რთავენ.



image



თუ გსურთ ბავშვს ჯანსაღი კვების ჩვევები ჩამოუყალიბოთ, გთავაზობთ საბავშვო კერძების რეცეპტებს.



ვერრინი ჭარხლით და ავოკადოთი

image


1 საშუალო ზომის ჭარხალი, 1 ავოკადო, ¼ ლიმონი, 1 ს/კ არაჟანი.



ჭარხალი მოხარშეთ, ცოტა მარილი დაუმატეთ, დააბლენდერეთ. დაუმატეთ არაჟანი და დააბლენდერეთ. ავოკადო ჩანგლით დაჭყლიტეთ და დააბლენდერეთ. კერძი ააწყვეთ: ჭიქის ძირში ჭარხლის პიურე, ზემოდან ავოკადოს პიურე.



კრუდიტე

image

კიტრი, ჩერი პომიდორი, სტაფილო, ბოლოკი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა, სატაცური, ნიახურის ღეროები, სალათის ფურცლები, სქელი არაჟანი, ნიორი, სანელებლები.



შეხედეთ, რა გაქვთ მაცივარში. აუცილებელი არაა, გამოიყენოთ ყველა ინგრედიენტი, რაც სიაში მოცემულია. ის, რომლის უმად ჭამა შეიძლება (სტაფილო, პომიდორი, კიტრი), ზოლებად დაჭერით. ის, რომლის მოხარშვა შეიძლება (ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო), მოხარშეთ და დაჭერით. არაჟანი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, წიწაკა და სანელებლები აურიეთ. დიდ თეფშში სოუსი პატარა ფიალით მოათავსეთ, გვერდით ბოსტნეული მიუწყვეთ.



ბულეტი

image

400 გ მოხარშული ხორცი (ძროხის, ქათმის ან ღორის), 1 ხახვი, 1 კბილი ნიორი, პატარა კონა ოხრახუში, 1 კვერცხი, 100 გ ხმელი პური (რძეში ჩალბობილი), ფქვილი ამოსავლებად, მცენარეული ზეთი, 1 შეფუთვა გახეხილი პომიდორი, სანელებლები.



ხორცი დაჭერით, გაატარეთ ან დააბლენდერეთ. წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, ოხრახუში, პური და კვერცხი დაუმატეთ და აურიეთ. პატარ გუფთები გააკეთეთ, ფქვილში ამოავლეთ, ზედმეტი ფქვილი დაფერთხეთ. ღრმა ტაფაში ზეთი გააცხელეთ და გუფთები ყველა მხრიდან შეწვით. დაუმატეთ გახეხილი პომიდორი, მარილი, წიწაკა, სანელებლები. თავსახური დაახურეთ და 5-10 წუთი სუსტ ცეცხლზე ჩაშუშეთ.



ტერინი ორაგულით

image

150 გ რბილი ხაჭოს ყველი, 2 ს/კ არაჟანი, 2 ს/კ საფანელი, 3 ს/კ წვრილად დაჭრილი ხახვი, 4 ს/კ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, 3 კვერცხი, 300 გ ორაგული, მარილი და წიწაკა გემოვნებით.



ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ. დიდ თასში ყველა ინგრედიენტი აურიეთ, ორაგულის გარდა. ორაგული მოხარშეთ, გააგრილეთ, ძვლები და კანი მოაშორეთ და დაანაწევრეთ. ორაგული დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ და აურიეთ. ცხიმწასმულ მართკუთხა ფორმაში მოათავსეთ და 40 წუთი აცხვეთ. შემდეგ გააგრილეთ და ნაჭრებად დაჭერით.



ყველი-ვაშლის მუსი

image

450 გ ვაშლის პიურე, 200 გ რბილი თეთრი ყველი, 3 კვერცხის ცილა, 1 ს/კ შაქრის ფხვნილი, ½ ვაშლი, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი.



ვაშლის პიურე და ყველი აურიეთ. კვერცხის ცილას ლიმონის წვენი დაუმატეთ და ათქვიფეთ, თანდათან შაქრის ფხვნილი დაუმატეთ. ცილოვანი ქაფი ყველის მასას დაუმატეთ და აურიეთ. ჭიქებში მოათავსეთ. მინიმუმ 1 საათი მაცივარში შეინახეთ. სუფრაზე გატანამდე წვრილად დაჭრილი ვაშლით გააფორმეთ.



იოგურტის ნამცხვარი

image

1 ქილა ნატურალური იოგურტი, 2 ქილა თეთრი შაქარი (იოგურტის ცარიელი ქილა ფორმად გამოიყენება), 3 ქილა ფქვილი, ½ ქილა მცენარეული ზეთი, 4 კვერცხი, 1 პაკეტი გამაფხვიერებელი, 1 პაკეტი ვანილი.



ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ. თხევადი ინგრედიენტები (იოგურტი, კვერცხი, ზეთი) აურიეთ და ათქვიფეთ. მეორე თასში მშრალი ინგრედიენტები (ფქვილი, შაქარი, ვანილი) აურიეთ. ორივე მასა გააერთიანეთ და ათქვიფეთ. ცხიმწასმულ მრგვალ ფორმაში ჩაასხით და 35-40 წუთი აცხვეთ.



შოკოლადის მუსი

image

6 კვერცხი (6 ცილა და 4 გული), 250 გ შავი შოკოლადი, 50 გ შაქარი, 50 გ რბილი კარაქი, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი.



შოკოლადი კარაქთან ერთად გაადნეთ. კვერცხის ცილებს ლიმონის წვენი დაუმატეთ და მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ, თანდათან შაქარი დაუმატეთ. კვერცხის გულები თითო-თითო დაუმატეთ გამდნარ შოკოლადს და ინტენსიურად აურიეთ. თანდათან ცილოვანი ქაფი შოკოლადის მასას დაუმატეთ და აურიეთ. მუსი ჭიქებში გაანაწილეთ და 2 საათი მაცივარში შეინახეთ.



გრატენი ყვავილოვანი კომბოსტოთი

image

1 საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო, 100 გ გახეხილი ყველი გრიუერი, 50 მლ რძე, 25 გ კარაქი, 1 ს/კ ფქვილი, მუსკატის კაკალი დანის წვერზე, მარილი და წიწაკა გემოვნებით.



ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ და მდუღარე მარილიან წყალში დარბილებამდე მოხარშეთ. კარაქი ტაფაზე გაადნეთ, ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ. თანდათან რძე დაუმატეთ, სოუსს სათქვეფით აურიეთ. თანდათან ჩაასხით რძე, მორევა არ შეწყვიტოთ. დაუმატეთ მუსკატის კაკალი, მარილი და წიწაკა. სოუსი 10 წუთი გასქელებამდე ხარშეთ.

ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით. ძირში დააწყვეთ ყვავილოვანი კომბოსტო. სოუსი დაასხით. ზემოდან ყველი მოაყარეთ. 30 წუთი ოქროსფერ შეფერილობამდე აცხვეთ.




ასევე დაგაინტერესებთ:

კარგი იდეა, როგორ აჭამოთ ჭირვეულ ბავშვს: იაპონელი ქალი შვილისთვის კერძებს ამზადებს მიაძაკის ანიმეებიდან

7 კერძის რეცეპტი ბროკოლისგან, რომელიც ბავშვებსაც კი მოეწონებათ

სახლში მომზადებული ფანტის რეცეპტი ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე ბავშვებს ძალიან მოწონთ

დათუნია-მარმელადის მომზადების 12 ორიგინალური რეცეპტი

მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში


0
217
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
217