x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
თუშური ლეგენდა ბედისწერაზე

imageერთი დიაცი ყოფილა ორსული, ღამე სტუმრად მისვლია ერთი კაცი და იქვე დარჩენილა დასაძინებლად. იმ ღამეს დიაცს ბიჭი გაუჩენია, დედას დასძინებია, სტუმარ კაცს კი ღვიძავს. შუაღამისას შემოსულან სამნი, დამსხდარან კარების პირშივე და დაუწყიათ გარიგება, ზოგი რა თქვეს, ზოგი რა, ბოლოს, ეს კაიო და სიკვდილი როგორ დავუწეროთო? როგორ და თავის ქორწილში მგელმა შეჭამოსო, ეს თქვეს და წავიდნენ.

ყველაფერი ხომ გაიგონა სტუმარმა კაცმა, მაგრამ არავის არაფერი არ უთხრა, ოღონდ დედას შეეხვეწა, ეს ბალღი მომანათლინეთო. მართლაც მოანათვლინეს ამ კაცს ეს ბავშვი. გაიზარდა ბიჭი, უთხოვეს ცოლი, ქორწილში ნათლიაც იყო, რა თქმა უნდა. ქორწილია. ნეფე-პატარძალი სხედან, ყველა ქეიფობს, მხოლოდ ეს ნათლია არ ჯდება, სულ ფეხზე ტრიალებს, ელოდება რაღაცას, უცებ ატყდა ჩოჩქოლი, არიქა მგელი, მგელიო, იძრო ამ ნათლიამ ხანჯალი და მოკლა მგელი.თავი მოაჭრა და თქვა, აი, რატომ არ ვჯდებოდიო, მე ამ ბალღის დაბადებისას იქ ვიყავი და მესმოდა, ბედისმწერლებმა როგორ დააწერეს მგლის შეჭმით ქორწილში სიკვდილიო.

დამშვიდდა ნათლიაც და ხალხიც. იმ ნეფეს სული შეუწუხდა, ნეტა რა მგელი იყოო, ცოტა ხანს ადგა და გარეთ გავიდა, იმ მგლის თავი და ტანი იქვე ეყარა, მაშ შენ უნდა შეგეჭამეო, - თქვა ნეფემ და მგლის თავს კბილებში ფეხი მიარტყა, ამ დროს მგლის კბილი ფეხში შეეერჭო, ეს ჭრილობა გაუავდა და მოკლა, თავის ბედის წერას მაინც ვერ ასცდა“.

წყარო: ცოცანიძე 1990:169–170

0
423
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0