x
image
თამილა გურაშვილი
ანზორ ერქომაიშვილი: “ბულბულსაც კი აჯობა”
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
ჰამლეტ გონაშვილის ხმა პირველად 1950-იანი წლების ბოლოს მოვისმინე. მაშინ ის ანზორ კავსაძის გუნდში მღეროდა. განმაცვიფრა მისი ხმის უცნაურმა ტემბრმა, ჩემთვის ჯერაც გაუგონარმა, იშვიათი სილამაზის ხმამ. მოგვიანებით ჰამლეტი ანსამბლ „რუსთავში“ მღეროდა და ჩემ თვალწინ გადაიშალა მისი ხმის ენით აუწერელი ფერადოვნება.
მერე უცხოეთის პრესა ბევრს წერდა ჰამლეტ გონაშვილის შესახებ. „ამ მომღერლის ხმას უცნაური თვისება აქვს: საოცარი სილამაზის ტალღა ამოდის მომღერლის ბაგეებიდან, გადაუვლის მაყურებელს, დარბაზს, ყველა კუთხე-კუნჭულს ბოლომდე მოივლის, შემდეგ შეეჯახება კედელს და უკანვე უბრუნდება მომღერალს. ეს ტალღა აჯადოებს მსმენელს.“ – წერდა ერთ-ერთი ბელგიური გაზეთი.
ერთხელ ერთმა იტალიელმა მსმენელმა მითხრა: „სიმღერა ის კი არ არის, რომ ერთ ყურში შევიდეს და მეორედან გამოვიდეს, ამ მომღერლის ხმა გულში რჩება სამუდამოდ.“ ესპანეთში, ქ. ვიგოს ერთ-ერთ ულამაზეს პარკში გაიმართა „რუსთავის“ კონცერტი. უზარმაზარი სცენა პალმებსა და ჭადრებში იყო ჩაფლული. ჩვენი სიმღერები ტყის იდუმალი სიჩუმის ფონზე გაისმოდა. როცა ჰამლეტ გონაშვილმა „წინწყარო“ წამოიწყო, უცებ შაშვი გამოეხმაურა, თითქოს, ჩვენს მგალობელს ხმას უწყობსო.
ყოველივე იმდენად მომხიბლავი და სრულყოფილი იყო, რომ ანსამბლის წევრებს დიდი სიფრთხილე და ოსტატობა დასჭირდათ, რათა ეს დიდებული დუეტი არ დაერღვიათ. „ქართველებს ჰყავთ მომღერალი, რომელმაც ბულბულსაც კი აჯობა სიმღერაში.“ - წერდა ერთ-ერთი გაზეთი. „როცა მის უცნაურ ხმას ვუსმენთ, ფერებს ვხედავთ.“ – წერდნენ გერმანიაში. „რუსთავის“ კონცერტებზე უცხოეთში დღემდე მოდიან მსმენელები და იგონებენ იმ განუმეორებელ მომღერალს, რომელიც „უცნაურ ხმას“ ფლობდა.
კარგა ხანია, ჰამლეტ გონაშვილი ისტორიის კუთვნილებად იქცა. მისი ფენომენის შესახებ კვლავ ბევრს წერენ, მისი უცნაური ხმა კვლავაც ბევრს აღაფრთოვანებს.-
ანზორ ერქომაიშვილი.
0
5
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0