x
image
თამილა გურაშვილი
რა გააკეთა სტალინმა საქართველოში

image
1925-1940 წლებში სტალინი ყოველწლიურად 48 დღის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში. 1945-1952 წლებში ყოველწლიურად ჩამოდიოდა სამშობლოში და აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყნის საქმიანობაში, დაწყებული წვრილმანებით, დამთავრებული თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობით.




1925 წელს სტალინის ინიციატივითა და ბრძანებით ფართოდ გაიშალა კოლხეთის ჭაობის ამოშრობის სამუშაოები.
1928 წელს დაიწყო ურეკის ტყიანი ტერიტორიის ათვისება, რომელსაც, სტალინის ბრძანებით, კოლხეთის მიწაზე ციტრუსების პირველი მეურნეობის დაარსება მოჰყვა. 1933 წელს, ურეკში მიღწეული წარმატებების ბაზაზე სუბტროპიკული მცენარეების სანერგე მეურნეობა გაჩნდა.
1930-იან წლებში გაიყიდა ხახულის ხატი. ქომაგი და დანაშაულის ხელის შემშლელი არავინ გამოჩნდა. ივანე ჯავახიშვილი ამ დროს უნივერსიტეტიდან შერისხული და განკვეთილი იყო. როცა ეს ამბავი შეიტყო, პეტერბურგიდან თბილისში ნიკო მარი ჩამოვიდა, წინააღმდეგობის გამწევი ვერავინ ნახა და გადაწყვიტა თავად ემოქმედა. სასწრაფოდ დეპეშა გაუგზავნა და აცნო სტალინს მდგომარეობის შესახებ, თხოვა ხახულის ხატის მყიდველისაგან დახსნა. ეს საკითხი სტალინმა ერთ კვირაში მოაგვარა.
1934 წელს სტალინმა მოსკოვში გამართულ მწერალთა ყრილობაზე მალაქია ტოროშელიძეს ქართული მწერლობის შესახებ მოხსენება წააკითხა. სტალინმა გამოთქვა საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნის სურვილი. ეს საკითხი მან ბერიასთან ერთად განიხილა და მიიღეს გადაწყვეტილება, დაევალებინათ ქართველი ისტორიკოსებისათვის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან მრავალეროვან საბჭოთა კავშირში რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოც კი არ არსებობდა, არათუ რომელიმე რესპუბლიკიკის.
საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს დაწერის დავალება მიიღეს მეცნიერებმა: ივანე ჯავახიშვილმა, ნიკო ბერძენიშვილმა და სიმონ ჯანაშიამ.
1945 წელს სტალინმა სოჭის მახლობლად მდებარე მაცესტის აგარაკზე საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორები ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია მიიწვია. სტალინმა მეცნიერებთან ერთად განიხილა ქართული მეცნიერების მიღწევები და ჩათვალა, რომ თბილისის უნივერსიტეტი არ უნდა იყოს რომელიმე უნივერსიტეტზე ნაკლები. სტალინს აინტერესებდა, გვქონდა თუ არა მეცნიერების ყოველ დარგში შემუშავებული ტერმინოლოგია; აინტერესებდა ქართული ენის მდგომარეობა, საჭიროდ და დროულად მიიჩნევდა ენის უნიფიკაციას. ილია და ვაჟა უნდა ყოფილიყო ენის უნიფიცირების საფუძველი;
აინტერესებდა ჩვენი მედიცინის მდგომარეობა. სტალინმა მოიწონა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, მაგრამ ჰქონდა შენიშვნები, რომლებიც გაითვალისწინეს ავტორებმა და 1946 წელს გამოიცა საქართველოს ისტორიის სრულყოფილი სახელმძღვანელო.
1937 წელს თბილისის მოსახლეობა 350 ათასს შეადგენდა, მათგან ქართველი მხოლოდ 20 პროცენტი იყო. 1952 წელს კი, როცა თბილისის მოსახლეობამ 800 ათასს მიაღწია, უმრავლესობა უკვე ქართველობა იყო.
1944 წელს სტალინმა საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოს რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის რკინის საბადოს მოძიება დაავალა. ქართველმა გეოლოგებმა დიდი საძიებო სამუშაოები ჩაატარეს. ყველაზე მეტი ყურადღება მდინარე სუფსის შავ ზღვასთან შეერთების ადგილას მოპოვებულმა ნედლეულის ნიმუშმა გამოიწვია, რომელიც თითქმის მზა პროდუქციას წარმოადგენდა. მაგნიტური ქვიშა, რომელიც ზღვისა და მდინარე სუფსის შესართვთან მოიპოვებოდა, დიდი რაოდენონით რკინას შეიცავდა.
1946 წელს შავი ზღვისპირა აგარაკზე მყოფმა სტალინმა მოიკითხა სახელგანთქმული გორელი სელექციონერი ვასილ ბესტავაშვილი, რომელმაც საბჭოთა კავშირში პოპულარული ატმის ოთხი ჯიში გამოიყვანა და სერიოზული კვლევა ჩაატარა ყურძნის ჯიშების შეჯვარებაზე. სტალინმა სთხოვა სელექციონერს, თავის საქმიანობაზე ესაუბრა. ვასილმაც დაუხასიათა თავის ხელით ჩამოტანილი ქმნილებები. სტალინი კმაყოფილი დარჩა და ვასილი შეაქო.
1947 წელს სტალინის დავალებით საქართველოს მინისტრთა საბჭომ სოფელ ხიდისთავში ვასილ ბესტავაშვილს გამოუყო ოთხი ჰექტარი პირველხარისხოვანი სახნავ-სარწყავი მიწის ნაკვეთი და იქვე აუშენა კეთილმოწყობილი ლაბორატორია სამეცნიერო კვლევებისთვის, თავისი დაფინანსებით. ხოლო ვასილ ბესტავაშვილი 100 000 მანეთით დააჯილდოვეს.
1949 წელს საკავშირო მინისტრთა საბჭომ სტალინის ხელმოწერით მიიღო დადგენილება ფოთიდან ქობულეთამდე საკურორტო ზონის განვითარებაზე. გარდა ამისა, ფოთიდან ქობულეთამდე 100-150 მეტრის სიგანეზე უნდა დარგულიყო ბიჭვინთური ფიჭვები.
1951 წელს ლიკანში, რომანოვების სასახლეში დასასვენელად ჩამოსული სტალინი უამრავ სტუმარს იღებდა, როგორც საქართველოს კუთხეებიდან, ისე საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან. ლიკანში სტალინმა ორჯერ ჩაატარა პოლიტბიუროს სხდომა. ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სტალინს სთხოვეს ელექტროსადგურის აშენება, რადგან ბორჯომს ელექტროენერგია პერიოდულად მიეწოდებოდა. სტალინმა თანხმობა მისცა და სასწრაფოდ გასცა განკარგულება პროექტირების შესახებ. ასე გაჩნდა ბორჯომთან ახლოს ჩითახევის უნიკალური ვარდნილჰესი.
0
367
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0