x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ჩემი ყველა სიმღერა ჯერ ცოლს ეძღვნება და მერე ყველასია” – თემო რცხილაძე
image

.

პოპულარულ მუსიკოს თემო რცხილაძესთან წარმატება ადვილად არ მისულა, ამისთვის გრძელი გზა გაიარა. ჯერ “დიელოში” მღეროდა, 80-იან წლებში კი ძმები, თემურ და რომა რცხილაძეები, ანსამბლ “ნატვრის ხის” წევრები იყვნენ და მათი აღმასვლა ელვის სისწრაფით დაიწყო.


ახალგაზრდა ცისფერთვალა მომღერალი ბიჭის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა. წერდა სიმღერებს, რომლებსაც თავადაც ასრულებდა და სხვებიც. მართალია, “ივერია” დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო, მაგრამ თავისი ცხოვრებით სამუდამოდ მასთან აღმოჩნდა დაკავშირებული, რადგან სწორედ იქ შეხვდა თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულს… განვლილ და გასავლელ გზაზე მან ჟურნალსარკესთან” ისაუბრა.


,

– თემურ, როცა თქვენ გამოჩნდით “ივერიაში”, ანსამბლი უკვე სახელგანთქმული იყო. რას გაიხსენებთ იმ დროიდან?


– დავიწყებ იქიდან, რომ ანსამბლ “ივერიის” წევრი არასდროს ვყოფილვარ, ვიყავი “ნატვრის ხის” წევრი. 1981 წელს ბიჭვინთის ფესტივალზე გავიმარჯვეთ, ოქროს დელფინი მოვიგეთ და დიდი პოპულარობაც მოვიპოვეთ. მაშინდელი სიმღერები – “ჭადრაკის დაფა”, “ნატვრის ხე” უცებ აიტაცა მაყურებელმა, რომელსაც მოსწონდა ჩვენი განსახვავებული სტილი, ახალგაზრდული ენერგია, დაშტამპული ჩარჩოებიდან გამოსვლა, როკის მოტივები. ამ დროს ალექსანდრე ბასილაიამ, “ივერიის” ხელმძღვანელმა, გააკეთა საკონცერტო პროგრამა “13 წელი” და გადაწყვიტა, გასტროლებზე ემოგზაურა ჩვენს ანსამბლთან ერთად.


ჩანაფიქრმა გაამართლა, ყველა ქალაქში ოთხ-ოთხი კონცერტი ანშლაგით მიდიოდა. შემდეგ, როცა დაიდგა მიუზიკლი “ჩხიკვთა ქორწილი”, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდა. არ გაგიკვირდეთ, თუ გეტყვით, რომ მაშინ გასტროლებზე სიარული ჩვენთან ერთად “ივერიისთვის” უფრო ხელსაყრელი იყო იმიტომ, რომ “ნატვრის ხე” ნამდვილად ზენიტში გახლდათ. “ჩხიკვთა ქორწილს” მოჰყვა “არგონავტები”, რომელიც არანაკლებ პოპულარული და საყვარელი გახდა მაყურებლისთვის.


ანსამბლი “ივერია” ერთი დიდი ოჯახი იყო და მთლად უვარგისი უნდა ყოფილიყავი, ამ ოჯახში შენი ადგილი რომ ვერ მოგეძებნა. ერთმანეთთან დიდი სიყვარული გვაკავშირებდა, თუმცა, ისიც უნდა გითხ„რათ, რომ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, ვინც “ივერიიდან” საკუთარი სურვილით წავიდა.


– რა იყო თქვენი წასვლის მიზეზი?


– საბჭოთა დროში მომღერლები და კოლექტივები უცხოეთში მარტივად ვერ გადიოდნენ, “ივერია” კი ბევრს მოგზაურობდა. მომღერლისთვის ნამდვილად მომხიბლავი იყო ანსამბლში ყოფნა, მაგრამ მე იმდენად მინდოდა, “ნატვრის ხე” კვლავ ამეღორძინებინა და ძველი დიდება დამებრუნებინა, რომ ეს ხიბლი დავძლიე და ჩეხოსლოვაკიაში გასტროლის წინ ვუთხარი ალექსანდრე ბასილაიას, წასვლას რომ ვაპირებდი. ასე დავბრუნდი “ნატვრის ხეში”.


ანსამბლმა ორჯერ აიღო გრან პრი თბილისისა და ბათუმის ჯაზ-ფესტივალებზე და ძალიან ნაყოფიერად იმუშავა ავბედით 90-იან წლებამდე. შემდეგ კი შემოქმედებისთვის საქართველოში არანაირი პირობა აღარ იყო. მეც აღმოვჩნდი იმ მდგომარეობაში უამრავი ხელოვანის მსგავსად, როცა უნდა მომეძებნა გზა ოჯახის გამოსაკვებად და შვილების გასაზრდელად.


– ცნობილია, რომ “ივერიაში” ყოფნის დროს დაოჯახდით. გაიხსენეთ ეს ისტორია.


– ჩემი დაოჯახება მთლიანად “ივერიის” დამსახურებაა. ერთხელ, როცა ჩიტის სიმღერას ვასრულებდი, კულისებში დავინახე ლამაზი გოგონა, ყურადღებით ისმენდა ჩემს ნამღერს, სიმღერის შემდეგ კი ქრებოდა. ასე განმეორდა რამდენჯერმე… ოლია მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო და მივაკითხე თეატრში. დავიწყეთ შეხვედრები და შემდეგ ვიქორწინეთ.როგორც ყველა ცოლ-ქმარს, ჩვენც გვქონდა კამათი, პატარ-პატარა უთანხმოებანი, ბევრი სიყვარული, რამაც გაუძლო ყველაფერს და დღემდე მოვედით. ჩემი ყველა სიმღერა ჯერ ცოლს ეძღვნება და მერე ყველასია, ვისაც მოსწონს და უყვარს ჩემი შემოქმედება.


ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ „სარკეში“


0
48
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0