სხვა რამდენად საშიშია ტურბულენტობა და მსოფლიოში 10 ყველაზე ტურბულენტური რეისი 27 მაისი, 16:40 გამოცდილ პილოტებსაც ეშინიათ ფრენის დროს ტურბულენტობის.
ბოლო ინციდენტის დროს, კომპანიის Singapore Airlines თვითმფრინავი, რომელიც ლონდონი–სინგაპურის რეისს ასრულებდა, იძულებული გახდა ავარიულად დაშვებულიყო, როდესაც ტურბულენტობის გამო 30 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. ტურბულენტობა ხშირად არ არის განსაკუთრებით საშიში თანამედროვე კომერციული თვითმფრინავებისთვის. დაზიანებების უმეტესობა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანებს უსაფრთხოების ღვედი არ უკეთიათ. ტურბულენტობა თვითმფრინავში: რა არის მარტივი სიტყვებით? ტურბულენტობა არის ერთგვარი „ჰაერის რხევა“, რომელიც ხდება არასტაბილური ატმოსფეროს გამო. ეს მოვლენა გამოწვეულია ჰაერის უეცარი, არათანაბარი მოძრაობით, რომელიც ქმნის მკვეთრ, სწრაფ აღმავალ და დაღმავალ ნაკადებს. ეს იწვევს თვითმფრინავის ზემოთ–ქვემოთ, ერთი მხრიდან მეორე მხარეს რხევებს. ტურბულენტობის ძირითადი მიზეზები: ფრონტალური ტურბულენტობა. თბილი და ცივი ჰაერის საზღვარზე იქმნება. კონვექციური ტურბულენტობა. თბილი ჰაერის აწევის გამო ჩნდება (ხშირად გვხვდება ცხელ დღეებში). მთის ტურბულენტობა. უკავშირდება ქარებს, რომლებიც უბერავს დედამიწის არათანაბარ ზედაპირებზე, როგორიცაა მთები. ქარის ძვრა. ქარის სიჩქარის ან მიმართულების უეცარი ცვლილება. ტურბულენტობის ყველაზე გავრცელებულ ტიპს „მოწმენდილი ცის ტურბულენტობა“ ეწოდება და ჩნდება უღრუბლო სივრცეში, რაც იწვევს თვითმფრინავის ძლიერ რყევას. ხშირად ეს ხდება მოულოდნელად და ყოველგვარი ვიზუალური ნიშნების გარეშე. საშიშია თუ არა თვითმფრინავის ტურბულენტობა? ტურბულენტობა საშიში ჩანს, მაგრამ თანამედროვე თვითმფრინავები ისეა აწყობილი, რომ გაუძლოს ყველაზე ძლიერ ტურბულენტობასაც. თვითმფრინავში ტურბულენტობის გამო დაზიანებები იშვიათია. სერიოზულად დაშავებული მგზავრების უმეტესობა არ იყენებდა უსაფრთხოების ღვედებს, ხშირად იმიტომ, რომ ადგილებიდან დგებოდნენ, მაგალითად, ტუალეტში შესასვლელად ან სალონში სასეირნოდ. ასევე ტრავმები გამოწვეული შეიძლება იყოს თაროდან ბარგის ჩამოვარდნით ან საკვების ურიკის შეჯახებით. ტურბულენტობის გამო ავარია იშვიათია და ჩვეულებრივ ძალიან ექსტრემალურ და იშვიათ პირობებს უკავშირდება. კომერციული თვითმფრინავების უმეტესობა ტურბულენტურ ადგილებს უსაფრთხოდ გადის. მოიმატა თუ არა ტურბულენტობამ?
სპეციალისტები თვლიან, რომ გლობალური დათბობის გამო, რომელიც ატმოსფეროს სხვადასხვა ფენებში ცვლილებებს იწვევს, მომავალში ტურბულენტობა მოიმატებს. რედინგის უნივერსიტეტის ატმოსფეროს მეცნიერებათა პროფესორის პოლ უილიამსის თქმით, დაახლოებით საუკუნის შუა წლებში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სუფთა ჰაერში ტურბულენტობა გაორმაგდება. ტოპ ტურბულენტური რეისები თუ არ მოგწონთ ტურბულენტური ფრენები, შესაძლოა, დაგაინტერესოთ 2023 წლის ტურბულენტური რეისების რეიტინგი, რომელიც გამოაქვეყნა პროგნოზირების საიტმა Turbli. რეიტინგი შედგენილია EDR–ის კოეფიციენტის საფუძველზე, რომელიც ზომავს ტურბულენტობის დონეს გარკვეულ ტერიტორიაზე. ტურბულენტური რეისების რეიტინგში პირველ ადგილზეა რეისი სანტიაგოსა და სანტა–კრუსის შორის, რომელიც გადაჭიმულია 1905 კილომეტრზე ჩილესა და ბოლივიას შორის. 210 კილომეტრიანი მარშრუტი, რომელიც აკავშირებს ალმათს (ყაზახეთი) და ბიშკეკს (ყირგიზეთი) მეორე ადგილზეა. სიაში შესული 10 რეისიდან ექვსი იაპონიასა და ჩინეთში შიდა რეისებია, ხოლო ათი რეისიდან ორი ევროპას ეკუთვნის. მსოფლიოს 10 ყველაზე ტურბულენტური რეისი 1. სანტიაგო (SCL) - სანტა–კრუსი (VVI) 2. ალმათი (ALA) - ბიშკეკი (FRU) 3. ლანჭოუ (LHW) - ჩენდუ (CTU) 4. სენტორეა (NGO) - სენდაი (SDJ) 5. მილანი (MXP) - ჟენევა (GVA) 6. ლანჭოუ (LHW) - სიანიანი (XIY) 7. ოსაკა (KIX) - სენდაი (SDJ) 8. სიანიანი (XIY) - ჩენდუ (CTU) 9. სიანიანი (XIY) - ჩუნცინი (CKG) 10. მილანი (MXP) - ციურიხი (ZRH) სად არის საუკეთესო ადგილი თვითმფრინავში დასაჯდომად ტურბულენტობის დროს? ტურბულენტობის წარმოქმნისას საუკეთესო ადგილებია ის ადგილები, რომლებიც უფრო ახლოს არის თვითმფრინავის ფრთებთან, უფრო ზუსტად ფრთების ძირთან. თვითმფრინავის ეს ნაწილი უფრო სტაბილურია, რადგან უფრო ახლოს მდებარეობს თვითმფრინავის სიმძიმის ცენტრთან და მასასთან. აქ მგზავრები ნაკლებ რყევებს და ვიბრაციას გრძნობენ. ყველაზე ცუდი ადგილია თვითმფრინავის უკანა მხარეს, ფრთების უკან. ამ ზონაში რხევები უფრო მძაფრად იგრძნობა. როგორ მოვიქცეთ ტურბულენტობის დროს? ღვედი შეიკარით. ეს ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია თავის დასაცავად. სიმშვიდე შეინარჩუნეთ. გახსოვდეთ, რომ პილოტი პროფესიონალურად მომზადებულია ამ პირობებში ფრენისთვის. სალონში გადაადგილებას თავი აარიდეთ. თუ ტურბულენტობის დროს რაიმეს გაკეთება გჭირდებათ, გირჩევთ, მის დასრულებას დაელოდოთ. თუ თქვენს ადგილზე სწრაფად მისვლას ვერ ახერხებთ, ახლომდებარე სავარძლები ან სახელურები გამოიყენეთ თავის შესამაგრებლად და პოზიციის გასამყარებლად. ეკიპაჟის განცხადებებს მოუსმინეთ. ეკიპაჟი გაცნობებთ, როცა ტურბულენტობა დასრულდება ან როდის შეძლებთ თვითმფრინავის კეთილმოწყობის ხელახლა გამოყენებას. ტურბულენტობა ფრენის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი არ არის, მაგრამ იმის ცოდნა, რომ ის სრულიად ნორმალური და კონტროლირებადია, მნიშვნელოვნად ამცირებს შფოთვის დონეს. ასევე დაგაინტერესებთ: იცით, როგორ გავზარდოთ ავიაკატასტროფაში გადარჩენის შანსი რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში? 20+ სახალისო ფოტო, რომლებიც აეროპორტს განსაკუთრებულ ატმოსფეროს აჩვენებენ 78 1-ს მოსწონს |