საქართველო "ვაჰმე, ჩემო ქვეყანავ, აბა, ამათ ხელში რანაირად უნდა გაბრწყინდე?!"-გელა ზედელაშვილი 25 მაისი, 12:55 "ირაკლი შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით ჩვენს პატივცემულ და ნამეტნავად განსწავლულ საზოგადოებაში რამდენიმე ვერსიაზე მსჯელობენ.
ესე იგი, პირველი ვერსია გახლავთ ყველაზე “სარწმუნო'' და “ჭკვიანური'': თურმე ბიძინა ივანიშვილს უთქვამს ირაკლი შოთაძისთვის, ჩემ გუნდში ამდენი ირაკლი ნამეტანია, ახლა გადადექი და როცა ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს, როცა ჩემს ირგვლივ “ირაკლების'' რაოდენობა შემცირდება, ისევ დაგაბრუნებო.
ვერსია მეორე - ბიძინა ივანიშვილს უთქვამს შოთასთვის კი არა და... ირაკლისთვის, შვილო, ეხლა წადი, თავს უშველე, ემანდ შენც არ დაგასანქცირონ, ეს ამბები რომ გადაივლის, ისევ დაგაბრუნებო.
თუ ეს ვერსია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ წესით ბიძინა ივანიშვილს სხვებისთვისაც უნდა ეთქვა - წადით, დამტოვეთ ამ ეტაპზე მარტო, ვით მეფე ლირი, როცა ჭექა-ქუხილი გადაივლის მერე ყველას დაგაბრუნებთო. არ ვიცი, შეიძლება უთხრა კიდევაც ყველას, მაგრამ მათ უარი განაცხადეს და მარტო შოთა კი არა და... მარტო ირაკლი წავიდა.
ვერსია მესამე - თურმე შოთაძეს თავი რომ გადაერჩინა, მთელი კომპრომატები, რაც კი “ქართული ოცნების'' ლიდერებზე და ბიძინა ივანიშვილზე ჰქონია, სუ ამერიკელებისთვის გადაუცია.
ამერიკელებს შემოუთვლიათ, მისტერ შოთა კი არა და... მისტერ ირაკლი, შენ არ დაგასანქცირებთ, მაგრამ თანამდებობა უნდა დატოვო, სხვანაირად არ გამოვა, იძულებულნი ვიქნებით, სიაში ჩაგწეროთ, ლიაკა ხოშტარია და შარვალჩახდილი მისტერ ზურაბა “სკანდლებს'' აგვიწევენ, ეხლა მაგათი “ნევრები'' არ გვაქვსო.
ვერსია მეოთხე - არც ისა, არც ესა, არც კომპრომატები, არც სხვა რამეები, შოთამ კი არა და... ირაკლიმ იცოდა რა, სანქციების სეზონი დადგებოდა, თავისთვის ჩაილაპარაკა - ერთი თქვენიცო და, ასე ვთქვათ, მოვლენებს დაასწრო. მაგას კი არ ეტყობა, მაგრამ თურმე ძალიან “ნაყვარება'' ევროპიული ცხოვრება, ჩუმ-ჩუმად დაძვრებოდა იქა და მაშინ შეჰყვარებია. საერთოდ ეგრე ყოფილა, როცა ევროპიული ცხოვრება გიყვარდება, პარალელურად რუსული კიდენა გზიზღდება. დიახ, ეს ყოფილა თანამედროვე ცივილიზაციისსა და დემოკრატიის ნაყოფი.
მა რაააა, თუ ევროპაში ხარ ნამყოფი, უნდა იგემო ნაყოფი!
ეგრე მსჯელობენ საზოგადოებაში, თორემ მე რა, მე კი არაფერს ვიგონებ.
რაც შეეხება თვით შოთაძის დასახელებულ მიზეზს, მაგაზე არავინ არაფერს ამბობს, მაგაზე საერთოდ სდუმან დუმანი!
რადგანაც, ეგ ვერსია არც სანდოა, არც სარწმუნო და რომ იცოდეთ, მაგისი მოსატყუებელი კბილები ბევრმა ჯერ კიდევ “ღიმილიანი საქართველოს'' აქციის პერიოდში მოიცვალა.
მა რააა, მა სხვანაირად როგო იქნებოდა?
ავაჰმე, ჩემო ქვეყანავ, აბა, ამათ ხელში რანაირად უნდა გაბრწყინდე?!"-წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი გელა ზედელაშვილი.
132 2-ს მოსწონს
|