საქართველო ირანის უკანასკნელი შაჰი და საქართველო 16 იანვარი, 12:20 ![]() ამასობაში კი თეირანში აჟიტირებული ბრბო შენობებიდან აგდებდა ბარელიეფებს, პორტრეტებს და უკანასკნელი ირანული დინასტიის სხვა სიმბოლოებს. პრემიერ-მინისტრმა ბახტიარმა დაშალა "სავაქი", გაათავისუფლა პოლიტპატიმრები, უბრძანა ჯარს არ შეხებოდნენ დემონსტრანტებს და დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში ირანში თავისუფალი არჩევნები ჩატარდებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი დაუკავშირდა აითოლა ხომეინის და სთხოვა დაბრუნებულიყო ირანში, რათა ახალი კონსტიტუციის შემუშავებაში დახმარებოდა.ასე დააუსვა წერტილი "ისლამურმა რევოლუციამ" ირანის უკანასკნელ შაჰს და ფეჰლევის დინასტიას. ირანის უკანასკნელ შაჰს რამდენჯერმე ჰქონდა კონტაქტი საქართველოსთან და ქართველებთან. ირანის შაჰი და სტალინი- საქართველოსთან კონტაქტი პირველად სტალინის სახით მოხდა თეირანის კონფერენციაზე, მაშინ შაჰი სრულიად ახალგაზრდა იყო, სტალინი თვითონვე წავიდა სასახლეში და 1943 წლის 1 დეკემბერს მოჰამედ რეზას შეხვდა. ეს ირანის შაჰისათვის ერთობ შთამბეჭდავი ფაქტი იყო. იოსებ სტალინისა და მოჰამედ რეზა ფეჰლევის შეხვედრის შესახებ დღეს ბევრი ვერსიაა გავრცელებული, ზოგიერთ მათგანში საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი ცალკეული ნიუანსი, ვთქვათ, ასეთი: "როცა იოსებ სტალინი ლავრენტი ბერიასა და სახელმწიფო უშიშროების გენერლის გრიგოლ კარანაძის თანხლებით სატახტო დარბაზში შევიდა და ახალგაზრდა შაჰს მიუახლოვდა, ირანის ლიდერს მუხლები მოეკეცა და საბჭოთა ბელადის წინ ჩაიჩოქა. სტალინი დაეხმარა შაჰს ფეხზე წამომდგარიყო, შემდეგ მიუბრუნდა ბერიასა და კარანაძეს და ქართულად უთხრა: "აფსუს, რომ ამ სურათს გიორგი სააკაძე და ერეკლე მეფე არ ხედავენო", თუმცა შეიძლება ეს უფრო ლეგენდა იყოს. ![]() ![]() მოჰამედ რეზა ფეჰლევი თბილისში ირანის შაჰი 1968 წლის 3 ოქტომბერს თბილისს სტუმრობდა. თბილისის აეროპორტში მოჰამედ რეზა ფეჰლევს დიდი პატივისცემითა და სტუმართმოყვარეობის გრძნობით ხვდებიან რესპუბლიკის ხელმძღვანელები - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ძოწენიძე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ ჩოგოვაძე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორია სირაძე, უმაღლესი საბჭოს საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დევი სტურუა, მინისტრები, მათთან ერთად კი საქართველოს სხვა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები. შაჰინშაჰი იმავე დღესვე ესაუბრა გიორგი ძოწენიძესა და გრიგოლ ჩოგოვაძეს, მათ ისაუბრეს ქართულ-ირანულ ურთიერთობებზე, ქართული და სპარსული კულტურის შესახებ. სტუმარმა მოინახულა ხელნაწერთა ინსტიტუტი და იქ დაცული სპარსული უძველესი ხელნაწერები, სპარსულად თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი". გიორგი ძოწენიძემ შაჰიშაჰს მიართვა ქართულად თარმნილი სპარსული ლიტერატურის ნაწარმოები და სპარსულად თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი". შეიტყო რა ის ფაქტი, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში ჩაის 97%-ს აწარმოებს, მოჰამედ რეზა ფეჰლევი დაინტერესდა ჩაის მოსავლიანობით და ნასიამოვნები დარჩა, რომ საქართველოში ჰექტარზე 4 ათას კილოგრამი ჩაის ფოთოლი მოიწეოდა. "ჩვენთან, ირანში, მნიშვნელოვნად ნაკლებ მოსავალს ვიღებთ", - უთქვამს შაჰს. მოჰამედ რეზა ფეჰლევმა დაათვალიერა თბილისის ღირსშესანიშნაობები, იყო ვაკის პარკში, სპორტის სასახლეში. თბილისელები მას ქუჩაში ტაშით ეგებებოდნენ. ირანელ სტუმარს ქართველმა მასპინძლებმა სადილი მთაწმინდის პლატოზე გაუმართეს. ![]() შაჰი და ლევან თედიაშვილი ასპარეზობა ღია ცის ქვეშ გაიმართა, ხალხით გაჭედილ ვეებერთელა სტადიონზე. ფალავანთა ჭიდილს ესწრებოდა შაჰინშაჰიც თავის რიგით მესამე მეუღლესთან – ფარაჰ დიბასთან ერთად. ირანის მონარქის სიახლოვეს იჯდა მისი საყვარელი, დაუმარცხებელი ფალავანი, რომელთანაც შერკინებამ ლევან თედიაშვილს მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ფალავანმა სავსებით დამაჯერებლად გაიმარჯვა, მსაჯმა მეტოქეებს კვლავ უხმო ხალიჩაზე. რა თქმა უნდა, ირანელ ფალავანს განმეორებით დამარცხებას სიკვდილი ერჩია და თავგანწირვით იბრძოდა კიდეც, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. შაჰინშაჰი ისე მოიხიბლა ქართველი ფალავნის ოსტატობით, რომ გამარჯვებული თავისთან იხმო და ძვირფასი ბეჭდით დაასაჩუქრა. საქართველოში დაბრუნებულმა გამარჯვებულმა ფალავანმა ეს ბეჭედი თავის საცოლეს, ნანა მჭედლიშვილს მიართვა... ![]() გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს ტელევიზიით გურამ პატარაიას ფილმი "შორია გურჯისტანამდე" აჩვენეს. მაშინ ცრემლმორეული ქართველები ნაღვლიანად იხსენებდნენ მე-17 საუკუნეში ირანის ლომის - შაჰ აბას პირველის მიერ კახეთიდან ათი ათასობით ქართველის დედა-ბუდიანად აყრასა და სპარსეთის ხრიოკ ნახევარუდაბნოში მათი ჩასახლების პერიპეტიებს. სწორედ ხსენებულმა ფილმმა შეასრულა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ 70-იან წლებში ქართული საზოგადოების ხელისუფლებაზე ერთგვარი ზეწოლის შედეგად (თუ შეიძლება ასე ითქვას), სპარსეთში გადასახლებულ ქართველთა შთამომავლების - ფერეიდნელთა ნაწილის დედა-სამშობლოში დაბრუნება მეტ-ნაკლებად წარმატებით განხორციელდა და ამაში, ალბათ, მნიშვნელოვანი წვლილი ირანის შაჰსაც მიუძღვის.... იმდროინდელი სირთულეების გათვალისწინებით თითქმის ფანტასტიკური პროექტი იყო, თუმცაღა, ობიექტურობა მოითხოვს ისიც ვთქვათ, რომ გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო საქართველოში ფერეიდნელ ქართველთა სრული ადაპტაცია ვერ მოხერხდა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულთაგან ზოგიერთმა ოჯახმა ისევ ირანში დაბრუნება არჩია. ![]() 601 2-ს მოსწონს
|