x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრები, რომლებიც გეგმავდნენ შეიარაღებულ ანტისაბჭოთა აჯანყებას
image

101 წლის წინ, 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე ბოლშევიკებმა დახვრიტეს ქართველი სამხედროები, რომლებმაც შემქნეს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრი“ და რომელთა მიზანი იყო საერთო სახალხო აჯანყება და საქართველოს განთავისუფლება ოკუპანტებისგან.



1921 წლის თებერვალში, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ეს ქმედება, რომლითაც დაირღვა 1920 წლის 7 მაისის საბჭოეთ–საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულება, მოგვიანებით საბჭოთა ისტორიულ ლიტერატურაში ახსნილი და წარმოდგენილი იყო, როგორც პასუხი ვითომცდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დახმარებაზე დაღესტნის პარტიზანული მოძრაობისთვის, ადგილობრივი ბოლშევიკების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისთვის და უკვე საბჭოთა სომხეთის ეკონომიკური ბლოკადისთვის.


საქართველოზე მასიური შეტევის დაწყებას წინ უძღოდა საბჭოთა „სახალხო აჯანყება“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ, ძირითადად, სომხებით დასახლებულ ბორჩალოს მაზრაში და ასევე, ძლიერი სასაზღვრო შეტაკებები ქალაქ ზაქათალასთან, რომელზედაც პრეტენზიას საბჭოთა აზერბაიჯანი აცხადებდა.



წითელმა არმიამ შეტევა რამდენიმე მიმართულებით განახორციელა, . მიუხედავად მძიმე და თავგანწირული ბრძოლებისა, სადაც ქართულმა სამხედრო შენაერთებმა, მათ შორის ახალგაზრდა იუნკერებმა გამორჩეულად ისახლეს თავი, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთმა მოახდინა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია .


სერგო ორჯონიკიძე ლენინს და სტალინს ასეთი შინაარსის დეპეშას უგზავნის:



„ლენინს, სტალინს, ბაქო. 25.II.21 წ. თბილისის თავზე საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს."


მიუხედავად საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში წასვლისა, როგორც ქვეყნის შიგნით დარჩენილი, ისევე საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი პატრიოტები არ წყვეტდნენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. აჯანყებამ პირველად სვანეთში იფეთქა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქართველი პარტიზანები კახეთის რეგიონში. საყოველთაოდ ცნობილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსი ხელაიას პირადი თავდადების მრავალი ფაქტი. გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მისი რაზმის ბრძოლა ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ.


ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენდა დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრი“, რომელიც ქართველი ოფიცრების მიერ იყო დაკომპლექტებული. 1923 წელს „სამხედრო ცენტრი“ აქტიურად მუშაობდა საქართველოს გათავისუფლების გეგმაზე, მათ შორის განიხილებოდა საერთო სახალხო აჯანყება. ასევე, ცენტრის წევრების მიერ შემუშავდა მთიულეთის აჯანყების გეგმა, რომლის ფარგლებშიც იგეგმებოდა წითელი არმიის ნაწილების მთიულეთში შეტყუება და მათი სრული განადგურება პოლკოვნიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მებრძოლების მიერ.


ბუნებრივია, რომ ჩეკას (კონტრ-რევოლუციასთან ბრძოლის საგანგებო კომისიის) მოწინავე სამიზნე სწორედ „სამხედრო ცენტრი“ გახდებოდა. ქართველი სამხედროები დააპატიმრეს, გაასამართლეს ანტი-საბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის და სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე.



აი რას წერდა გაზეთი "კომუნისტი" 1923 წლის 25 მაისს.




"ანტანტის კაპიტალისტების დანარჩენი მუშაობა საქართველოში აჯანყების მოსამზადებლად მოისპო დაპატიმრებით, რომელიც მოახდინა საგანგებო კომისიამ.საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების, საქართველოში ბანდიტური მოძრაობის მოწყობისა და მასში მონაწილეობის მიღების მუშურ-გლეხური სახელმწიფოსათვის ღალატის გამო.კავკასიის საგ. კომისიის დამთავრებული გამოძიებით საქართველოს ს. ს. რესპუბლიკა ადგენს მიესაჯოს უმაღლესი სასჯელი....'


შემდეგ ჩამოთვლილი არიან სიკვდილმისჯილების გვარები, წოდებები და ასაკი..ბოლოს გაზეთი აღნიშნავს, რომ "ყველა ზემო ჩამოთვლილ პირებზე გამოტანილი განაჩენი უკვე მოყვანილია სისრულეში“




  • გენერალი ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი
  • გენერალ-მაიორი ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე
  • პოლკოვნიკი გიორგი ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი
  • პოლკოვნიკი როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი
  • გენერალი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი
  • უმცროსი ოფიცერი ნიკოლოზ მიხეილის ძე ზანდუკელი
  • როტმისტერი სიმონ ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი
  • როტმისტერი ფარნაოზ ლევანის ძე ყარალაშვილი
  • იასონ მათეს ძე კერესელიძე
  • ოფიცერი ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე
  • სიმონ იაგორის ძე ჭიაბრიშვილი
  • პოლკოვნიკი ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი
  • პოლკოვნიკი ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი
  • ლევან ირაკლის ძე კლიმიაშვილი
  • დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი
image


2023 წლის 26 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, 1923 წელს “საქართველოს სამხედრო ცენტრის” დახვრეტილ წევრებს მიენიჭოთ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.



საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და ორდენი დაწესდა 2004 წლის 24 ივნისს და დღემდე მინიჭებული აქვს 24 ადამიანს. პრეზიდენტის ინიციატივით, ამ რიცხვს კიდევ 15 ადამიანი დაემატება სამხედრო ცენტრიდან.


2016 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინიციატივითა და მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით „სამხედრო ცენტრის“ წევრთა გმირობის უკვდავსაყოფად ქ. თბილისში განთავსდა მემორიალური დაფები მათი საცხოვრებელი მისამართების მიხედვით.

image


მთავარ ფოტოზე: 2022 წელს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორის აქტივისტებმა 1923 წელს დახვრეტილი პირების მოსაგონრად პერფორმანსი მოაწყვეს

0
111
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0