x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"ფილმი მარტო საქართველოში აჩვენეთო" - რატომ დაბლოკა სტალინმა "ქეთო და კოტეს" საკავშირო პრემიერა?
image

110 წლის წინ, 1914 წლის 16 მაისს დაიბადა ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ ტაბლიაშვილი, კაცმა რომელმაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადაიღო უკვდავი მუსიკალური კომედია, მე-20 საუკუნის ყველაზე პოპულარულ ქართულ ფილმად აღიარებული "ქეთო და კოტე".


1946 წელს სსრ კავშირის მთავრობამ ომით დათრგუნვილი მოსახლეობის გამხიარულების მიზნით სახალისო, კოსტიუმირებული ფილმების გადაღება გადაწყვიტა... ამ პერიოდში რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი ნიკოლოზ ბარათაშვილის ეკრანიზაციაზე ფიქრობდა და სცენარი, დეკორაციები, კოსტიუმები თითქმის მზად ჰქონდა. ერთ დღესაც კინოსტუდიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ვლადიმერ მაჭავარიანმა კაბინეტში იხმო, უნდა გაგახაროო. "ბარათაშვილი?" - ტაბლიაშვილმა ამბის გამოცნობა სცადა. "არა!" - მაჭავარიანმა პასუხად უჯრა გამოაღო, სადაც მინისტრთა საბჭოს განკარგულება ედო, ჩამოთვლილი იყო, რომელ რესპუბლიკას რა ფილმი უნდა გადაეღო. ნუსხაში ეწერა: "ქეთო და კოტე" - ვახტანგ ტაბლიაშვილი". გადაწყვეტილებას ხელს იოსებ სტალინი აწერდა.


ირაკლი ტაბლიაშვილი, ვახტანგ ტაბლიაშვილის შვილი:




- მამას "ქეთო და კოტე" განსაკუთრებულად უყვარდა. თავდაპირველად ნიკოლოზ ბარათაშვილზე აპირებდა ფილმის გადაღებას, მაგრამ სტალინის სურვილს ვინ აღუდგებოდა წინ და გეგმა შეცვალა - "ქეთო და კოტე" ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქაში გადაიტანა, კოსტიუმებიც მიუსადაგა და მუშაობას შეუდგა. რამდენიმე სასინჯი სცენა გადაიღო, რომლებიც მავანმა არ მოიწონა... მოითხოვდნენ, თავადები ანეკდოტური, დაბეჩავებული იერის ყოფილიყვნენ, რაზეც მამა არ თანხმდებოდა. საქმე ისე წავიდა, რომ ფილმის გადაღება უნდა შეეჩერებინათ, ამიტომ გადაწყვიტა, საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივანთან, კანდიდ ჩარკვიანთან მისულიყო, რომელიც იმჟამად გაგრაში ისვენებდა. ჩარკვიანმა მოუსმინა და უთხრა: "ფილმს გააკეთებთ ისე, როგორც თქვენ ხედავთ!"




ამონარიდი ბათუ კრავეიშვილის დღიურიდან:



“თბილისის კინოსტუდია „ქეთო და კოტეს” გადაღების სამზადისში იყო… ჩვენი თეატრიდან საცდელ გადაღებაზე თითქმის ყველა ტენორი გამოიძახეს.


პირველად განზრახული ჰქონდათ ჩემი გადაღება არა კოტეს, არამედ თავადი ლევანის როლში. სტუდიაში გამოცხადებისთანავე, ტანზე თავად ლევანის კოსტიუმი მომარგეს და გრიმიც როლის შესატყვისი გამიკეთეს.


საცდელი გადაღებების შედეგები სახარბიელო არ აღმოჩნდა. დამდგმელმა ჯგუფმა კვლავ განაგრძო საცდელი გადაღებები: იღებდნენ ხან დრამის, ხან ოპერის მსახიობებს, ზოგჯერ უბრალოდ ხალხში ეძებდნენ შესაფერ ტიპაჟს. ტაბლიაშვილის პროფესიულ თვალსა და გამჭრიახ გონებას უნდა ვუმადლოდეთ, რომ არ გაჰყვა ძველ გზას, როგორც ამ 30-40 წლის წინათ ხდებოდა, როცა რეჟისორები შემთხვევით შერჩეულ ტიპაჟებს იყენებდნენ კინოსურათებში.


ტაბლიაშვილმა უარყო ტიპაჟის ქუჩაში ძებნა და გადაწყვიტა, ფილმში მონაწილეობის მისაღებად მოეწვია პროფესიული, მაღალი ოსტატობის მქონე მსახიობები. როცა ტაბლიაშვილმა კოტეს როლში ჩემი გადაღება გადაწყვიტა, იმ დათმობაზე წავიდა, რომ კოტეს რთული ვოკალური პარტია, რომელიც ტენორისთვისაა დაწერილი, ბარიტონს მისცა სამღერლად. მან თავისებურად აღიქვა „ქეთო და კოტეს” სახეები.


კინოსურათის მონაწილეთა შემადგენლობის საბოლოოდ დადგენამ დიდი დრო წაიღო. ბოლოს, მაინც ტაბლიაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, შერჩეული შემადგენლობა დაადგინეს და რეჟისორები ფილმის გადაღებას შეუდგნენ… რეჟისორმა ფილმს სიახლე, სიღრმე და მასშტაბურობა მიანიჭა.



თავადის როლში გადაიღეს ჩემი კოლეგა, ქართული საოპერო სცენის ლომგული – პეტრე ამირანაშვილი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ერთგულად და სახელოვნად ემსახურებოდა ხელოვნებას. გიორგი შავგულიძე, პეტრეს და მე რომ ერთად დაგვინახავდა, გვეტყოდა ხოლმე: ბიჭო, ტაბლიაშვილმა სად მოგნახათ ბიძა და ძმისშვილის როლებში ორი ბარიტონი ერთად? ალბათ, იცის, რა ძალიან გიყვართ ერთმანეთიო.”


სიკოსა და ნიკოს სიმღერა თავდაპირველად ოპერის მომღერლებს უნდა შეესრულებინათ, მაგრამ კერესელიძეს შავგულიძისა და გოძიაშვილისთვის რომ მოუსმენია, ისე მოსწონებია, გადაწყვეტილება შეუცვლია.





ფილმი 1948 წელს დასრულდა, რომელიც სამთავრობო ჩვენებაზე წარადგინეს.



კანდიდ ჩარკვიანის შვილი გელა ჩარკვიანი:



-სტალინს ფილმი ძალიან მოსწონებია. სამთავრობო ჩვენებისას სტალინთან მთავრობის წევრები მიდიოდნენ და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდნენ. ფილმის დამთავრების შემდეგ სტალინს ჩარკვიანისთვის უთქვამს, თავი შევიკავოთ ფილმის საკავშირო ეკრანებზე გასვლისგან, საქართველოში კი აჩვენეთო.


- ალბათ, შეიძლებოდა ეთქვათ, სტალინი კინტოების ქვეყნიდან არისო, რასაც ცუდი რეაგირება მოჰყვებოდა. არც ის იყო გამორიცხული, ეფიქრათ, თუ რევოლუციამდელ საქართველოში ხალხი თავს ასე შესანიშნავად გრძნობდა, რევოლუცია რაღატომ მოხდაო?! სავარაუდოდ, ეს ყველაფერი განჭვრიტა სტალინმა და საკავშირო პრემიერა შეფერხდა. ფილმი"ქართველმა მაყურებელმა 1948 წელს ნახა, დიდ ეკრანებზე კი 1953 წელს გამოვიდა, საბჭოთა კავშირიც შემოიარა და მსოფლიოც, რამაც სახელმწიფოს დიდი შემოსავალი მოუტანა.



ვახტანგ ტაბლიაშვილი ერთ-ერთი ბოლო საგაზეთო ინტერვიუში ამბობდა:



“ხელოვნება რას შევადარო, არ ვიცი, რელიგიაა იგი. მე არასოდეს მაინტერესებდა მატერიალური მხარე. ჩემი საუკეთესო ნამუშევრები მშიერმა გავაკეთე, მაგრამ არ მაწუხებდა, იმიტომ, რომ მე ვხედავდი ისეთ სახეებს, მე ხორცს ვასხამდი ჩემს ოცნებას და ისინი ცოცხლდებოდნენ და ეს მე მიხაროდა. როდესაც ყარაჩოღელთა სცენა ეკრანზე ვნახე, ამქვეყნად აღარ ვიყავი სიხარულისაგან.


არ დაგიმალავთ ერთ ეპიზოდს. საჯარო ბიბლიოთეკაში გადავიღეთ ერთი ჩვენი ეპიზოდი – ხანუმას რომ გამოაძევებენ. მშიერი ვიყავი იმ დღეს და ვიყვირე. ცოტა ბავშვურად მომივიდა. იქვე ჩვენი სურათის დირექტორი შალვა ქურდიანი იმყოფებოდა და მას დავუძახე, ან მაჭამეთ, ან კიდევ სურათს აღარ გადავიღებ-მეთქი. ბატონი შალვა წავიდა და საიდანღაც ყარაბაღის გამხმარი ქადები მომიტანა. ქადები ვჭამე და ის ცნობილი სცენა მერე გადავიღე”.

image


0
310
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0