x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კლეოპატრას საბედისწერო შეცდომა, რომლის გამო მან სიცოცხლე და ეგვიპტემ დამოუკიდებლობა დაკარგა

თითქმის არავის ახსოვს ეგვიპტის ფარაონების სახელები, მაგრამ, კლეოპატრას შესახებ ყველამ ყველაფერი იცის ან ჰგონია, რომ იცის. ვიღაცისთვის ის კურტიზანი იყო, ვიღაცისთვის, – მზაკვარი, რომელიც სამოქალაქო ომების მიზეზი გახდა, ვიღაცისთვის კი პირიქით, – სათნოების ეტალონი.


image


კლეოპატრა ტახტზე ძვ. წ. აღრ. 51 წ. ავიდა და ეგვიპტეს 21 წელი მართავდა. ის 2-ჯერ იყო უმცროს ძმებთან ფორმალურ ქორწინებაში, რადგან პტოლემეების სახლის ტრადიციები, არ აძლევდა ქალს სახელმწიფოს დამოუკიდებლად მართვის უფლებას. მოგვიანებით, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საკუთარი ძმების წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში და მათი მკვლელობის შემდეგ, ქვეყნის მმართველობას, თავის არასრულწლოვან ვაჟთან ერთად აგრძელებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ტერიტორიის 96 % უდაბნოს ეკავა, ეგვიპტე რომისთვის მაინც სასურველი იყო. ევროპელ დამპყრობლებს, უპირველეს ყოვლისა, ნილოსის სანაპიროებზე არსებული უძველესი ცივილიზაციის ნაშთები აინტერესებდათ. ამასთან, ეგვიპტის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ისედაც რომს ეკუთვნოდა, მაგრამ ქვეყანა სრულად დაპყრობილი არ ჰქონდათ. ამიტომ ეგვიპტე, ამის და კიდევ ფინანსური დავალიანების გამო, რომზე იყო დამოკიდებული.

მმართველობის პირველი წლები ძალიან რთული აღმოჩნდა კლეოპატრასთვის. ქვეყანაში ორწლიანი გვალვის გამო, სურსათის დეფიციტი შეიქმნა, ამას და-ძმას შორის დაპირისპირებაც დაემატა... თავდაპირველად კლეოპატრა ქვეყანას მარტო უძღვებოდა – მან თავისი არასრულწლოვანი ძმა და როგორც უკვე აღვნიშნეთ «ქმარი» მართვას ჩამოაშორა, მაგრამ როდესაც პტოლემე XIII წამოიზარდა, ბედს არ შეურიგდა და კლეოპატრას წინააღმდეგ ამბოხება მოაწყო. მას მომხრეები როგორც სასახლეში, ისე მის გარეთ ჰყავდა და თავი რომ გადაერჩინა, დედოფალი სირიაში გაიქცა.


image

ახლო აღმოსავლეთში დაუპატიჟებელ სტუმრად მყოფი კლეოპატრა მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობდა, მას სამშობლოში უნდოდა დაბრუნება და არა უბრალოდ – არამედ, მხოლოდ სრულფასოვანი მმართველის სტატუსით.

ეგვიპტეში შექმნილი მდგომარეობის გასარკვევად, ალექსანდრიაში იულიუს კეისარი (ცეზარი) გაემართა 7 000 კაციანი ჯარით. იქ ჩასულს, ქვეყნის ტახტზე პტოლემე XIII დახვდა. მან შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და ეგვიპტის ახალ მმართველს, მამის დროინდელი ვალის (10 მლნ. დინარი) გადახდა მოსთხოვა. ახალ ფარაონს ესმოდა, თუ ტახტის შენარჩუნება სურდა, უნდა გადაეხადა... და ასეც მოიქცა.

თავის მხრივ, კლეოპატრაც ხვდებოდა, რომ როგორმე კეისრის ნდობა უნდა მოეპოვებინა. ერთი ლამაზი ლეგენდის თანახმად, მხედართმთავრის გადაბირების მიზნით, მოხერხებული გოგონა საიდუმლოდ ჩავიდა ეგვიპტეში და ალექსანდრიის სასახლეში შეაღწია: ერთგულმა მსახურებმა ის ხალიჩაში გადაახვიეს და როგორც ძვირფასი საჩუქარი, ისე მიართვეს კეისარს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ ლეგენდა არის და სინამდვილეში, ის თეთრეულის ტომარაში ჩასვეს და ისე შეიყვანეს რომაელის საძინებელში. ამ უკანასკნელს კი, კლეოპატრა დანახვისთანავე შეუყვარდა და მაშინვე მის მხარეს გადავიდა.


image


კეისარმა და-ძმა ეგვიპტის თანამმართველებად დანიშნა, მაგრამ პტოლემეს მომხრეებს ეს აზრი არ მოეწონათ. გაჩაღდა სამოქალაქო დაპირისპირება და ომი, რომლის დროსაც პტოლემე XIII დაიღუპა (ტბაში დაიხრჩო) და ეგვიპტის ტახტი კლეოპატრას დარჩა. ის თავის უმცროს ძმაზე, პტოლემე XIV-ზე დაქორწინდა და ქვეყნის მართვა რომის პროტექტორატით გააგრძელა. იმავე პერიოდში, მას სასიყვარულო ურთიერთობა კეისართან ჰქონდა და მასთან ვაჟი — ცეზარიონი («პატარა ცეზარი») შეეძინა.

ძვ. წ. აღრ. 46 წელს კეისარმა კლეოპატრა რომში გამოიძახა, რომსა და ეგვიპტეს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მიზეზით. ეგვიპტის დედოფლისთვის სპეციალურად ააშენეს მდიდრული ვილა, სადაც კლეოპატრამ მომდევნო ორი წელი გაატარა და როგორც მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, ცეზარიონიც სწორედ იქ დაიბადა.

იმ დროს, რომში სამოქალაქო ომი იყო, რომელიც კეისრის მომხრეების გამარჯვებით, ძვ. წ. აღრ. 45 წლის გაზაფხულზე დასრულდა და სენატმა იულიუს კეისარს იმპერატორის ტიტული მიანიჭა. მაგრამ, სენატის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებიც სამოქალაქო ომის შემდეგ, კეისარმა შეიწყალა, მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს და 44 წლის 15 მარტს მოკლეს.

კლეოპატრამ რომი დატოვა და ალექსანდრიაში დაბრუნდა. იოსებ ფლავიუსის გადმოცემით, სამშობლოში დაბრუნებულმა დედოფალმა, რადგან მფარველი აღარ ჰყავდა, ტახტის დაკარგვის შიშით, საკუთარი ძმა მოწამლა და ქვეყნის მართვა, როგორც საკუთარი ვაჟის რეგენტმა, გააგრძელა.

ხელისუფლების სათავეში მყოფი კლეოპატრა, გამუდმებით ერთი მიზნისთვის — საკუთარი სამეფოს დიდებისთვის იღვწოდა. სავარაუდოდ, მისი სასიყვარულო ისტორიებიც ამ მიზნის აღსრულებასთან იყო დაკავშირებული... ყოველ შემთხვევაში, კეისრის სიკვდილი ძალიან უმტკივნეულოდ გადაიტანა და ეს ფაქტი, ეგვიპტეზე რომის გავლენის შესასუსტებლად გამოიყენა. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად, მას დახმარებას, რომის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანთა ჯგუფი უწევდა. ხოლო, როდესაც ეგვიპტეში მარკუს ანტონიუსის ლეგიონი ჩავიდა, დედოფალმა მათ უღალატა და განაცხადა, რომ რომის ოპოზიციასთან არა ის, არამედ, მისი გარემოცვა თანამშრომლობდა. ასე, რომ, კლეოპატრამ კეისრის შემდეგ, თავიდან რომის მტრებიც მოიშორა და სრულიად თავისუფალი, ახალი ურთიერთობის დაწყებისთვის მოემზადა... და აი, მის «ნაზ გულში», ახალი «სიყვარულის ცეცხლი», ახლა უკვე მარკუს ანტონიუსისადმი აენთო... და რა თქმა უნდა, მისი გრძნობა უპასუხოდ არ დარჩენილა.

იმ დროს, მარკუს ანტონიუსი II ტრიუმვირატის წევრი და გაიუს ოქტავიანეს და მარკუს ლეპიდუსთან ერთად, რომის იმპერიის თანამმართველი იყო. კეისრის მკვლელობის შემდეგ, ამ სამეულმა კეისრის ოპონენტები დაამარცხა და ისინი ძვ. წ. აღრ. 42 წ. რომის იმპერიის სრულფასოვანი მმართველები გახდნენ.

როდესაც კლეოპატრამ მარკუს ანტონიუსთან რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო, იმაზე არ უფიქრია, რომ ის, იმპერიის მეორე მმართველის გაიუს ოქტავიანეს დის ქმარი იყო. ეს რა თქმა უნდა, ოქტავიანეს არ მოეწონებოდა და მიზეზს ელოდა, რომ მარკუსისთვის, დის გამო, სამაგიერო გადაეხადა...


image


და ეს მომენტიც დადგა. კლეოპატრას მარკუსთან სამი შვილი — ორი ვაჟი და ქალიშვილი შეეძინა. ბავშვებს მფლობელობაში გულუხვი მშობლებისგან მიწა გადაეცათ, რომელიც არათუ მათი მმართველობის ქვეშ არ იყო (ისინი მხოლოდ მის ნაწილს აკონტროლებდნენ), არამედ, ოფიციალურად, რომს ეკუთვნოდა. ეს სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, რომის რესპუბლიკას არ მოეწონა და ეგვიპტისკენ ლეგიონი დაიძრა, ოქტავიანე ავგუსტუსის მეთაურობით.

იმ დროინდელი წყაროების მიხედვით, ძვ. წ. აღრ. 31 წლის 2 სექტემბერს, აქციუმთან საზღვაო ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ, კლეოპატრამ გაქცევა გადაწყვიტა, რომ ვიდრე ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, რამე გადაერჩინა და ანტონიოც მას დაედევნა. მაგრამ, მათი თითქმის განადგურებული ფლოტი ოქტავიანეს დანებდა, ხოლო მის კვალდაკვალ, იარაღი, დემორალიზებულმა ქვეითმა არმიამაც დაყარა.

ამის შემდეგ, კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსი ალექსანდრიაში დაბრუნდნენ და თანამოაზრეებთან ერთად, თავდაცვისთვის დაიწყეს მზადება. თუმცა, მოგვიანებით, იმ მოტივით, რომ სიტუაცია უიმედო იყო და შექმნილ ვითარებაში, ბრძოლას აზრი არა ჰქონდა, მარკუსს ყველაზე ერთგული მომხრეები ჩამოშორდნენ. თითქმის 1 წლის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ოქტავიანე ავგუსტუსი, ჯართან ერთად, ალექსანდრიაში ჩავიდა.

ალექსანდრიასთან რომაული ლეგიონის გამოჩენის შემდეგ, მარკუსი ბრძოლისთვის მოემზადა, ხოლო კლეოპატრა, სპეციალურად ამ შემთხვევისთვის მომზადებულ ოთახში ჩაიკეტა, სადაც მის მფლობელობაში არსებული განძი და სწრაფად აალებადი ნივთიერება იყო მოთავსებული. ოთახში შესვლის წინ, მან დაიბარა, რომ თუ კომპრომისის მიღწევა არ მოხერხდებოდა, რომაელები საგანძურს ვერ მიიღებდნენ. ხოლო, ბრძოლაში დამარცხებულ და სასახლეში დაბრუნებულ ანტონიუსს, მისივე ბრძანებით, ეგვიპტის დედოფლის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს. ეს უკანასკნელი მიხვდა, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩა (ოფიციალურად, მას ეგვიპტის სიმდიდრეზე არანაირი უფლება არ ჰქონდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რომს, თავის გადასარჩენად, ვერაფერს შესთავაზებდა) და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფმა, თავი საკუთარი ხმლით მოიკლა.


image


თავის მოკვლა ჰქონდა განზრახული კლეოპატრასაც. თუმცა, მასთან ოქტავიანეს წარმომადგენელი მივიდა და მოლაპარაკება შესთავაზა. კლეოპატრას იმედი გაუჩნდა, მან ოქტავიანეს მოხიბვლა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღდგენა გადაწყვიტა. თუმცა, მისი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა... დედოფალს დეპრესია დაეწყო, ის არც ჭამდა, არც სვამდე და საწოლიდანაც არ დგებოდა. ბოლოს მასთან რომაელი მთავარსარდალი კორნელი დოლაბელა მივიდა და უთხრა, რომ ის ოქტავიანეს რომაული ტრიუმფისთვის უნდა მომზადებულიყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ტრადიციის თანახმად, დამარცხებული დედოფალი, როგორც მონა, ტრიუმფატორის ეტლს ბორკილებდადებული უნდა გაჰყოლოდა უკან. მაგრამ, მან ამ დამცირების და სირცხვილის თავიდან აცილება შეძლო — პტოლემეების უკანასკნელმა შთამომავალმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...

მოკლედ რომ ვთქვათ, მარკუს ანტონიუსთან სასიყვარულო ურთიერთობა, კლეოპატრას სიცოცხლის, ხოლო ქვეყანას, დამოუკიდებლობის დაკარგვის ფასად დაუჯდა.



image

არხის სხვა სიახლეები:


* 20 ფოტო–შედევრი, რომელიც სრულიად შემთხვევით შეიქმნა

* თავსატეხი, ინტელექტუალებისთვის (პასუხი აქვს)

* შეერთებულ შტატებში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც 6 წლის შვილი სიკვდილამდე მიიყვანა

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
938
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
938
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0