საზოგადოება „პაციენტები მელანდებოდნენ, ჩემი შვილის ტრაგედია დამავიწყა იმ დღეებმა,” - მარინა ენდელაძე 13 მაისი, 17:07
.
ორი მარინა და სამი მუშკეტერი – ასე შეარქვა საზოგადოებამ ექიმებს მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძეს, პაატა იმნაძეს, ამირან გამყრელიძესა და თენგიზ ცერცვაძეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია დადასტურდა და გარდაცვალების შემთხვევებიც აქა-იქ თუ ფიქსირდებოდა. მერე კი, როცა ვირუსმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ექიმების მიმართ აგრესიამ იმატა. ბევრს დღემდე არ სჯერა, რომ კოვიდ-19 სხვა ვირუსებისგან განსხვავდებოდა და ეს ყოველივე დიდი ფარსი არ იყო.
მარინა ენდელაძე, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი გახლავთ, “სარკესთან” იხსენებს, რომ ღამით ვერ იძინებდა, რადგან კორონავისურსიანი პაციენტები ელანდებოდნენ.
თავად ქალბატონ მარინას უმძიმესი პირადი ტრაგედია აქვს გადატანილი – წლების წინ ერთადერთი შვილი, ირაკლი ძიმისტარიშვილი, დაკარგა. ირაკლი 2017 წლის მარტში ანტალიაში ჩოგბურთელ შვილს ტურნირზე გაჰყვა, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა. 34 წლის იყო… მარინა ენდელაძემ შვილის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ქმარიც დაკარგა, ცნობილი იურისტი, ფელიქს ძიმისტარიშვილი. ახლა შვილიშვილთან, ირაკლის ერთადერთ შვილ ცოტნესთან, ერთად ცხოვრობს. – ქალბატონო მარინა, ახლა, როდესაც კორონავირუსული ინფექცია ფაქტობრივად დამთავრდა, როგორ გახსენდებათ განვლილი პერიოდი? – ჯერ არ დამთავრებულა კორონავირუსის გავრცელება, ისევ არის, მაგრამ სეზონური გრიპის ვარიანტს ჰგავს. გარკვეული სიმძიმეები ისევ ახლავს, მაგრამ რა შედარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ და ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა, დატვირთულები ვიყავით ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, უარყოფითად მაინც არ ვიხსენებ იმ დროს, რადგან მაინც ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ. იყო ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე, რამაც გაგვაძლებინა და გადაგვატანინა ის პერიოდი. ტრაგიკული დღეც ბევრი გვქონდა. მძიმე განცდები ახლდა პაციენტების გარდაცვალებას, რაც ნებისმიერი ექიმისთვის ძალიან ძნელია, მაგრამ გადარჩენილი და მადლიერი პაციენტები რომ ჭარბობს, ეს მნიშვნელოვანია და გაძლიერებს კიდეც. – ახლა როგორ აფასებთ, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე? ბევრს დღემდე არ სჯერა, რომ ვირუსი იმდენად სერიოზული იყო, როგორც გვარწმუნებდნენ და აცრებიც ტყუილად ჩავიტარეთ… სამჯერ აიცრა მოსახლეობის უმრავლესობა. საჭირო იყო ამდენი აცრა? – ურთულესი ამბავი და პერიოდი იყო, რადგან ეს გახლდათ ახალი ვირუსი, ახალი დაავადება, რომელზეც არაფერი ვიცოდით. დიდი შიში და ემოციები ახლდა ამ ყველაფერს. თუ თავად არ გართულებიათ ადამიანებს ეს ვირუსი, ირგვლივ ხომ იყო ვიღაც, ვისაც შეეხო, ვინც გარდაიცვალა. ჩვენთვის კი ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო. თავიდან გვიწევდა ძალიან დიდი შრომა, ძალიან ბევრი ინფორმაციის გაცნობა, ბევრი დაკვირვება. ყოველდღე ღამის 11-12 საათზე კონსილიუმებს ვაწყობდით და მთელი დღის მასალას ვაჯამებდით, ახალ ლიტერატურას ვეცნობოდით. იმის თქმა, რომ ეს არ იყო ძალიან ცუდი ვირუსი, წარმოუდგენელია. თან მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ხომ არ იხოცებოდა ხალხი, მთელ მსოფლიოში ასე იყო. არც აცრა ჩატარებულა ტყუილად და აცრებმა სწორედ რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. შეხვდათ, მაგრამ შედარებით მსუბუქად და გადატანა შესაძლებელი გახდა. რაც შეეხება იმას, რომ ბუსტერითაც აიცრნენ, ეს ვაქცინა ისეთ მყარ იმუნიტეტს არ გამოიმუშავებს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდეს. მაგალითად, წითელას ვაქცინა გამოიმუშავებს მყარ იმუნიტეტს, მაგრამ სამჯერადი აცრა მასაც სჭირდება აუცილებლად – ვაქცინაცია, რევაქცინაცია და შემდეგ კიდევ ცოტა მაღალ ასაკში აცრა, რადგან მუდმივად ვერ ინარჩუნებს ორგანიზმი ამ ანტისხეულებს და სჭირდება დამატება, რომ კარგად გამომუშავდეს და ორგანიზმმა სწორად შეძლოს ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ. – თავად რამდენჯერ გადაიტანეთ? – ორჯერ, ოღონდ ბოლო შტამი – ომიკრონი. ეტყობა, ბოლოს მეც მოვდუნდი და შემხვდა. როდესაც ძალიან ბევრი ავადმყოფი გვყავდა კლინიკაში, მაშინ არ შემხვედრია. როგორც კი შემხვდა, მაშინვე დავიწყე ანტივირუსული მკურნალობა და მსუბუქად გადავიტანე. პირველად “რემდესივირი” გადავისხი და მეორედ – “პლაქსოვიდი”. ვინც გადაიტანა, უმეტესობა უჩივის მეხსიერების დაქვეითებას. მე კი ეს და სხვა გართულებები არ მქონია და ეს ანტივირუსული მედიკამენტების დამსახურებაა. – ანტივირუსული მკურნალობის ჩატარების საშუალება ყველას არ ჰქონდა… – მე რისკის ჯგუფში ვარ და მეკუთვნოდა. ყველას მიუწვდებოდა და ახლა, მით უმეტეს, მიუწვდება ხელი, ვინც გარკვეულ რისკის ჯგუფშია. თუ საჭირო იყო, ყველას ვუსხამდით. როგორც წესი, ვისაც სჭირდებოდა კლინიკაში გადმოყვანა, თითქმის ყველას სჭირდებოდა ეს პრეპარატებიც და ახლაც ასეა. თუ სჭირდება პაციენტს, უნდა მისცე და ამის პროტოკოლი არსებობს. ალბათ ამ ანტივირუსულ პრეპარატებზეც არის სკეპტიციზმი და ესეც მომხვედრია ყურში, მაგრამ ჩვენმა ყველა ექიმმა, ვისაც ნანახი ჰქონდა, ამის შემდეგ როგორ არის პაციენტი და ეს ვირუსი შეხვდა, ყველამ მიიღო. – მოდით, თემას ცოტა გადავუხვიოთ და თქვენს შვილიშვილზე გვიამბეთ. ჩოგბურთს ისევ თამაშობს? – ჩემი შვილიშვილი ჩემი შვილის ასლია გარეგნობით, ყველაფრით. მისთვის ვცხოვრობ… 27 მარტი ჩემი შვილის გარდაცვალების დღეა. ყველა დღე ძალიან მძიმეა, მაგრამ ამ დროს ორგანიზმში რაღაც უფრო ძალიან მწვავდება… რაღაც სხვა წვაა. ცოტნე, რომელიც ძალიან ჰგავს მამას, 13 წლის ასაკში უკვე ცნობილი ჩოგბურთელი იყო. მსოფლიოში მესამე და ევროპაში პირველი გახლდათ რეიტინგით 14 წლამდე ასაკში. 13 წლის იყო, მამამისი რომ გარდაიცვალა. ცოტნე მამამისივით ძალიან ნიჭიერი, არაორდინარული და განსხვავებულია.მამის გარდაცვალების შემდეგ აღარ მოუნდა ჩოგბურთის გაგრძელება. მამამისი მისთვის ყველაფერი იყო, სულ ერთად დადიოდნენ ტურნირებზე. ირაკლის გარდაცვალების შემდეგ ცოტნე ბელგიაში, ჩოგბურთელთა აკადემიაში ჩაირიცხა, იქ წელიწადნახევარი ივარჯიშა, მაგრამ მაინც აიცრუა გული და ვეღარ ითამაშა ჩოგბურთი. არადა ძალიან დიდი მომავალი უნდა ჰქონოდა ამ კუთხით. ახლაც კი გვეუბნებიან, რომ ცოტნე მოვლენა იყო ჩოგბურთში. მამამისი იყო ბოლოს მისი მენეჯერიც, მწვრთნელიც და ყველაფერი. ბელგიაში რომ წავიდა, მამის გარეშე გაუჭირდა და ვეღარ გააგრძელა. ახლა ხელოვნების კუთხით მიდის, სამხატვრო აკადემიაში სწავლობს და გერმანიაში აპირებს წასვლას. ჩემთვის ძნელი იქნება მისი წასვლა, მაგრამ რაც მისთვის ჯობია, ის უნდა გააკეთოს. . „სარკე“, 47 შეფასება არ არის
|