პოეზია ტიციან ტაბიძის სიკვდილით დასჯის ვერსიები და მისი უკანასკნელი ფოტო 2 აპრილი, 12:18 2 აპრილს დაიბადა(1895-1937), ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი, ტიციან ტაბიძე, როგორ მოხდა ტიციან ტაბიძის დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა ქვემოთ მოგითხრობთ. 1937 წლის 1 ივნისს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პარტორგანიზაციის სხდომა გაიმართა, რომელზეც ერთ-ერთი პროლეტარი მწერალი აცხადებდა: „... ჩემთვის ცნობილია, რომ ტიციან ტაბიძის ბინაში იმყოფებოდა დივერსანტი აღნიაშვილი. ტაბიძემ ხელშეკრულება გააფორმა მოსკოვისა და ლენინგრადის გამომცემლობებთან, მაგრამ, პირობები არ შეასრულა და ჩრდილი მიაყენა საბჭოთა საქართველოს... სომხეთში ისინი (იგულისხმება „ცისფერყანწელები”) დაკავშირებული იყვნენ ერზინკიანთან და ფირუმოვთან, მოსკოვში კი ბუხარინთან და კამენევთან. თუ იაშვილმა, რაც იცის იმის უმნიშვნელო ნაწილი თქვა, ლეონიძესა და ტაბიძეს საერთოდ არაფერი უთქვამთ... არც იაშვილს, არც ტაბიძეს და არც ლეონიძეს სიტყვა არ დაუძრავთ ბუხარინთან და კამენევთან კავშირზე, რომლებისგანაც ეს ადამიანები ათასობით რუბლს იღებდნენ რაღაც მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების სანაცვლოდ, რაც არ შეუსრულებიათ”. მწერალთა კავშირმა მიიღო დადგენილება: „8 ოქტომბრისათვის მოწვეულ იქნას პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, დაისვას საკითხი საყვარელიძისა და ტ. ტაბიძის კავშირიდან გარიცხვის შესახებ”. შესაბამისად, ტიციან ტაბიძე მწერალთა კავშირიდან გარიცხეს. ამ ყველაფრის შემდეგ მწერალთა კავშირი ამაყად აცხადებდა: „მწერალთა კავშირში მოქმედებდა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია. ჩვენ მას ხერხემალი გადავუმტვრიეთ და ახლა თუ კიდევ სადმე დარჩა მათი კუდები, უნდა გამოვძებნოთ, ზოგი გადავხარშოთ და, ვინც გამოუსწორებელია – გავაგდოთ”. მწერალთა კავშირიდან გარიცხვიდან ცოტა ხანში ტიციან ტაბიძე დააპატიმრეს. 1937 წლის ოქტომბრის ღამეს კი უსაყვარლეს მეუღლეს და ერთადერთ ქალიშვილს ნიტას ამ სიტყვებით გამოემშვიდობა: "იცოდეთ ერთი რამ, ჩემი სახელის ხსენებისა და ხალხისთვის თვალში ჩახედვის არასდროს შეგრცხვებათ". პოეტის ქალიშვილი ნიტა ტაბიძე იგონებს, რომ ღამის ორ საათზე მანქანის ხმა მოესმა. დედას და მამას არაფერი გაუგიათ. მკვდარივით ეძინათ. კარი გავაღე, ოთხნი იყვნენ, ტიციან ტაბიძე აქ ცხოვრობსო? მკითხეს და ქაღალდი მაჩვენეს - დაკითხვაზე უნდა წავიყვანოთო. მამა გავაღვიძე, მახსოვს, სავარძელში იჯდა, ხელები უთრთოდა, სიგარეტს ვერაფრით მოუკიდა. ისინი სახლს ჩხრეკდნენ. წაიღეს ფიროსმანის მიერ დახატული რუსთაველი, მამას პორტრეტი და ანდრეი ბელის ნაჩუქარი "დრევა ჟიზნი". 3 საათზე სახლის ჩხრეკას მორჩნენ. ტიციან ტაბიძის მეუღლის, ნინა მაყაშვილის თქმით ტიციანი 1937 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერიას პირადი განკარგულებით დააპატიმრეს. ბერიამ თავისთან დაიბარა ტიციანი, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, რუს მწერლებთან მეგობრობა დააბრალა და მოსთხოვა, ცილი დაეწამა პოეტ პაოლო იაშვილისთვის, რომელიც ორი თვით ადრე სწორედ ბერიამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. როცა ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა მეგობრის ხსოვნის შეურაცხყოფაზე, ბერიამ მისი დაპატიმრების განკარგულება გასცა. არსებობს ტიციანის მხოლოდ ერთი დაკითხვის ოქმი, ისიც შედგა დაპატიმრებიდან ორი თვის შემდეგ, დახვრეტის წინა დღეებში. გამოძიების "დამთავრების" შემდეგ, საქმე გადაეცა პროკურატურას. საბრალდებო დასკვნა თარიღდება 14 დეკემბრით. დასკვნაში ნათქვამია, რომ მხილებული და განადგურებული იქნა ტერორისტულ-დივერსიული, მავნებლური, ჯაშუშური ორგანიზაციები, რომელთაც აერთიანებდა საქართველოს ნაციონალური ცენტრი. ცენტრის მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, საქართველოს მოწყვეტა სსრკ-დან. დამოუკიდებელი საქართველოს ბურჟუაზიული სახელმწიფოს შექმნა ერთ-ერთი კაპიტალისტური სახელმწიფოს პროტექტორობით. "დამტკიცდა", რომ ტიციანი 1933 წლიდან მონაწილეობდა ფაშისტურ ორგანიზაციაში და ეწეოდა მავნებლურ მუშაობას ლიტერატურის ფრონტზე. რომ ჰქონდა რეგულარული კავშირი ტროცკისტულ ორგანიზაციებთან, რომ ჯაშუშობდა საფრანგეთის სასარგებლოდ. ტიციან ტაბიძე1937 წლის 15 დეკემბერს დახვრიტეს ისე, რომ "სამეულს" მისი საქმე ფორმალურადაც არ განუხილავს, ხოლო ოჯახს შეატყობინეს, ტიციანი უნდა გადაასახლონ და თბილი ტანსაცმელი გამოუგზავნეთო! ტიციან ტაბიძის უკანასკნელი ფოტო-1937 წელი თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს. ნინო მაყაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, მთელი 28 წელი ელოდა მეუღლის დაბრუნებას. დედას კი შვილის ტანსაცმელი გამოჰქონდა აივანზე და ცხარე ცრემლებით ტიროდა - ტიტკო, შვილო სად ხარ ახლა... 597 3-ს მოსწონს
|