პოეზია პეტრე გრუზინსკი -"ყველაზე ამღერებული პოეტის" მძიმე და ტკივილით განვლილი ცხოვრების გზა 28 მარტი, 11:12 28 მარტი(1920) ქართველი პოეტის და დრამატურგის პეტრე ბაგრატიონ- გრუზინსკის დაბადების დღეა.ძნელად მოიძებნება კომპოზიტორი, რომელსაც პოეტთან არ ეთანამშრომლოს, მის ლექსებზე შეიქმნა უამრავი პოპულარული სიმღერა. თანამშრომლობდა კომპოზიტორებთან: ანდრია ბალანჩივაძესთან, ოთარ თაქთაქიშვილთან, რევაზ ლაღიძესთან, ბიძინა კვერნაძესთან, ოთარ თევდორაძესთან, სულხან ცინცაძესთან და სხვ. მის ლექსებზე შეიქმნა პოპულარული სიმღერები, მათ შორის, რევაზ ლაღიძის „გვიხმობს სამშობლო“, „სიმღერა თბილისზე“ (დაიწერა თბილისის 1500 წლისთავისათვის), გოგი ცაბაძის „ჰიმნი სიყვარულს“, „მიმღერე რამე“, „სადაც გინდა, იქ ილოცე“, ბიძინა კვერნაძის „გაზაფხულდა“, "ასეთია ქურდი კაცის ბედი", ოთარ თევდორაძის „ობელისკები“ და სხვ. მისი ლექსები აჟღერდა მრავალ ქართულ ფილმში: "განაჩენი"„კეთილი ადამიანები“, „ბაში-აჩუკი“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, “შეხვედრა მთაში”„აბეზარა“, „განგაში“ „მხიარული რომანი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „მიმინო“, და სხვა. პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის ეკუთვნის ტექსტი ჰიმნისთვის “გვიხმობს პარტია”. როგორც თავად ამბობდა, ტექსტში ეწერა “გვიხმობს სამშობლო”, თუმცა სიტყვა “სამშობლო” ყველგან სიტყვით “პარტია” ჩაანაცვლეს. მხოლოდ წლების შემდეგ გახდა შესაძლებელი ჰიმნის რეალური ტექსტით შესრულება და აღჟერდა კიდეც – “გვიხმობს სამშობლო” პეტრე გრუზინსკიმ საკმაოდ მძიმე და ტკვილით აღსავსე ცხოვრება განვლო, რომელიც ნაადრევად დასრულდა. პოეტი 1984 წლის 13 აგვისტოს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.ერეკლე მეორეს პირდაპირი შთამომავალი, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს. მამის გარდაცვალების შემდეგ, 17 წლის იყო პეტრე, როდესაც დედაც გადაუსახლეს და მარტოდ დარჩენილი, გზას თავისით იკვლევს. სკოლის დამთავრების შემდეგ კი უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტის სტუდენტი ხდება. უნივერსიტეტში პატარა სტუდენტური თეატრია. მისი ნიჭი ყველასთვის თვალშისაცემია, ამიტომ, მას სპექტაკლის დადგმას სთავაზობენ. სპექტაკლმა „დემონი“ მთელი უნივერსიტეტი აღაფრთოვანა. მოსკოვში სარეჟისორო ფაკულტეტზე გადასვლა შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა, თუმცა რამდენიმე წელი მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორის თანაშემწედ მუშაობს ვასო ყუშიტაშვილთან. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1933 წელს, თუმცა თამარაშვილის ფსევდონიმით წერდა. მისი ცხოვრების გზას მძიმე დაღად ატყვია პატიმრობის ხანა – 1945 წელი, როცა ის რამდენიმე მეგობართან ერთად, ჟურნალ „ანათემის“ გამოცემისთვის დააპატიმრეს. 25 წლის ჭაბუკს გული შიშით უძგერს, როდის გაიყვანენ დასახვრეტად. გამოსავალს თვითმკვლელობაში ხედავს – ბასრი საგნით იჭრის ვენებს. მაგრამ, ბაგრატიონ-გრუზინსკი სიკვდილს უფლის ნებითა და ციხის უფროსის წყალობით გადაურჩა. ციხიდან ის ჯერ ლაზარეთში, შემდეგ კი ფსიქიატრიულში გადაჰყავთ, სადაც შვიდ თვეს ატარებს. დისიდენტი ალექსანდრე საშა მიქელაძე იხსენებდა, რომ იმ საშინელ დაკითხვის რეჟიმს ძალიან ცოტამ გაუძლო, პეტრე კი თავისი საქციელით თითით საჩვენებელი იყოო. პოეტმა მეგობარი ექიმის რჩევას დაუჯერა, ზუსტად შეასრულა მისი მითითებები და სიკვდილსაც გადაურჩა – იგი, როგორც სულით ავადმყოფი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ პერიოდში ის არავის ეკონტაქტება, საჭმელზეც უარს ამბობს. საავადმყოფოდან კი „თეთრი ბილეთით“ გამოდის. ოჯახში ყველანაირად ხელს უწყობენ, რომ დაისვენოს. ის თითქმის აღარ წერს. მისი ერთ-ერთი მეგობრის, ბიჭიკო საჯაიას მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკისთვის ეს ამ ჯოჯოხეთიდან დაღწევის ერთადერთი გზა იყო, რომელსაც მან თავისი სიმულანტობით მიაღწია. “მე დავიწყების მტვერს მომაყრიან” – ასეთი ფრაზა აქვს პოეტს თავის ერთ-ერთ ლექსში, თუმცა მისი სიტყვები, საბედნიეროდ, არ გამართლდა. პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის შემოქმედება დღემდე ცოცხლობს და კიდევ დიდხანს იცოცხლებს. როგორ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, მის სიცოცხლეში ერთი კრებულიც კი არ დაბეჭდილა. მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ, უახლოესი მეგობრის აკაკი დვალიშვილის დიდი ძალისხმევით გამოიცა პოეტის არასრული კრებული. 298 2-ს მოსწონს
|