"8+1" თუ მხოლოდ ეროვნული გამოცდები...
გთავაზობთ მაია მიმინოშვილის განცხადებას, იხილეთ და დასკვნაც თავად გააკეთეთ...
"მოგესალმებით,
ამ განმარტების გავრცელება საჭიროდ მივიჩნიე, რადგან ვიცი, როგორ აღელვებთ მოსწავლეებსა და პედაგოგებს გამოცდების ფორმატთან დაკავშირებით გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია, მითუმეტეს, თუ ეს ინფორმაცია არანაირად არ შეესაბამება რეალობას.
რამდენიმე დღეა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი მხოლოდ მინისტრის დანიშვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მათთან საუბრისას განვმარტავ იმასაც, რომ განათლების სისტემას მრავალმხრივი და, რაც
მთავარია, კარგად გააზრებული ცვლილებები ესაჭიროება. ბევრი რამაა
შესაცვლელი საგამოცდო სისტემაშიც. დღესაც ასე ვუპასუხე ჟურნალისტის კითხვებს, ბოლოს კი აღვნიშნე, რომ მომავალ მინისტრს გავუზიარებდი ჩემს მოსაზრებას, ცვლილებების მომზადებამდე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული (და არა საატესტატო) გამოცდები ჩაებარებინათ.სამწუხაროდ, სიუჟეტში ჩემი მოსაზრება სრულიად განსხვავებულად იყო წარმოჩენილი. ვწუხვარ პირველ რიგში იმის გამო, რომ არასწორმა ინფორმაციამ შეიძლება საზოგადოების უსაფუძვლო შეშფოთება გამოიწვიოს.
დღეს რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა, განათლების სისტემის რეფორმირება მეცნიერული კვლევების (და არა გაუაზრებელი ექსპერიმენტების) საფუძველზე განხორციელდეს - ეს სისტემის ყველა სეგმენტს ეხება. პირადად მე მივიჩნევ, რომ ნოემბერსა თუ დეკემბერში მოსწავლეებისა დაპედაგოგებისათვის მოულოდნელი სიახლეების შეთავაზება, მათთვის სტრესული მდგომარეობის შექმნა მიზანშეუწონელია. ალბათ გახსოვთ, ასეთივე პოზიცია მქონდა საატესტატო გამოცდების აჩქარებულად დანერგვისას. მივიჩნევ, რომ სიახლეების მომზადებამდე, რაც პედაგოგებისა და ექსპერტების მოსაზრებების შესწავლასა და გათვალისწინებასაც გულისხმობს, შესაძლებელია დამამთავრებელიკლასის მოსწავლეებმა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ."