მოვა დრო და მეც გავიღვიძებ...
კვირა, 18 მარტი, 13სთ. და 35 წთ. სახლში მარტო ვარ და ამინდიც ხელს მიწყობს, რომ მოვიწყინო. მიყვარს მარტო ყოფნა. საუკეთესო დროა, რომ იფიქრო. მთელი დღეა ”ლიტერატურულ პალიტრას” ვკითხულობ და მეც მომინდა, რომ რაღაც დამეწერა. განა იმიტომ, რომ მუზას გავახსენდი და მესტუმრა, უბრალოდ დიდი ხანია არაფერი დამიწერია, ან უბრალოდ მარტოობა მინდა მოვკლა და დრო გავიყვანო.
ყოველთვის როდესაც ასე ვარ, რაღაცას ვწერ, რომელსაც თითქოს ბოლოს აზრი ემატება. თუმცა ამჯერად სისულელეს ვწერ ვატყობ, მაგრამ მე ეს სისულელეს მამშვიდებს, მავსებს და თქვენი არ ვიცი.
ახლა ცხოვრებაზე დავფიქრდი. ახლა რა, ყოველთვის მასზე ვფიქრობ, მაგრამ ახლა სხვანაირად შევხედე მას. რა საინტერესოა, რისთვის ვცხოვრობთ? იქნებ იმისთვის, რომ მომავალს რაღაც დავუტოვოთ, ან იქნებ იმისთვის, რომ ბედნიერებას მივაღწიოთ, ხოლო როცა მივაღწევთ, შევინარჩუნოთ ის. იქნებ სიყვარულისთვის ღირს ცხოვრება? - არა! ბანალურია ეს ყველაფერი. რას აღარ შეადარეს ცხოვრება. მე მას სიზმარს შევადარებდი. იქნებ ჩვენ გვძინავს და ეს ყველაფერი რეალურად არც ხდება. ხო, გვძინავს და მოვა დრო, როცა ჩვენც გავიღვიძებთ.
სიკვდილი... არც ისე საშინელებაა. სწორად უთქვამს რემარკს, რომ საკვირველია ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარსო. მე შემიძლია და არ მეშინია მისი. ამას სულ რამდენიმე დღეა მივხვდი. რა უცნაურია, ზოგადად, ადამიანს ეშინია სიკვდილის, მაგრამ აინტერესებს. მეც მაინტერესებს და ყოველი დღე ჩემთვის საინტერესოა, რადგან სიკვდილთან მაახლოებს. არ მეშინია, იმიტომ რომ, არ მგონია იმაზე მეტად საშინელება იყოს, ვიდრე ჩემი ცხოვრება. არ იფიქროთ, რომ უმადური ვარ ჩემი ცხოვრების. არა! ჩემზე ბედნიერი ალბათ, ვერც იქნება ვერავინ. მყავს საუკეთესო ოჯახი, საუკეთესო მეგობრები, რომელთა გარეშე არ შემიძლია. ამაზე დიდი ბედნიერება კი არ არსებობს.ერთადერთი რაც არ მაქვს ეს დროა. დრო, რომ ყველას ვაგრძნობინო ეს სიყვარული... დრო, რომ მათთან ყოფნის შესაძლებლობა მეტი მქონდეს. დრო! აი, რა მაკლია ყველაზე მეტად. ასაკის ბრალია ეს ყველაფერი. ასაკის მატებასთან ერთად, მეტად ვაფასებთ დროს. ახლა, რომ ჩემთვის გეკითხათ, საიდან ისურვებდი, რომ ცხოვრება გაგეგრძელებინაო. გეტყოდით, რომ ისევ აქედან, სადაც ვარ. რადგან ის ყველაფერი რომ არ გამომეცადა, დროს ვერც დავაფასებდი. ყველა ასაკს თავისი დრო აქვს და არაა საჭირო, არც მოვლენების მეტად დაჩქარება და არც დაგვიანება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვამბობთ, ცხოვრებას გავყვეთო.არა! ცხოვრებას კი არ უნდა გავყვეთ, ცხოვრება უნდა გამოგვყვეს ჩვენ!...
ახლა, რომ არაფერს ვწერდე, განა რა აზრი ექნებოდაო მეტყოდით. რომ წერ ხომ რას ამბობ შეცვალე ცხოვრებაო. მაგრამ რომ ვწერ, რომ ვფიქრობ, ეს ცოტა რამ არ არის. ფიქრი ყველაზე დიდი ნიჭია, რომელიც ადამიანს შეუძლია. ვისაც ფიქრი არ შეუძლია, ის ცარიელი ადამიანია, რომელიც ცხოვრებას სხვისი ცხოვრებით ავსებს.
ძალიან მიყვარს ასე წერა, ექსპრომტად. ამ დროს სიტყვები თავისით ლაგდებიან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ცოტა ხანში ალბათ ამ ფურცელს მივჭმუჭნი და ნაგვის ყუთში მივაგდებ, მაგრამ მთავარია, რომ მანამდე კიდევ ერთხელ წავიკითხავ და საკუთარ შეცდომებზე ვისწავლი. შეცდომებზე, რომლებიც ამ სიტყვების უზრობას მაგრძნობინებს, მაგრამ ამ უაზრო სიტყვებში იმდენი აზრის დანახვა შეიძლება, რამდენი ადამიანიცაა. ზოგმა შეიძლება ისეთი აზრი მისცეს, რომ გენიალურად აქციოს ყოველი წინადადება.ზოგმა კი ერთიც შეიკურთხოს და თქვას, მოგცლია ერთიო. ნამდვილად მომცლია, რა ვქნა სახლში მარტო ვარ და ამინდიც ხელს მიწყობს. სიზმარში ხომ ყველანი მოცლილები ვართ. მე მძინავს, ხოდა მოვა დრო და მეც გავიღვიძებ...
p.s. არ ვიცი რატომ, მაგრამ რადგან თქვენ ახლა ამას კითხულობთ, ე.ი. ჯერ არ მიმიჭმუჭნია :)))
თ. გაჩეჩილაძე 18.03.2012წ.